რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. ის დღეს სოხუმის "დინამოს" ავარჯიშებს. "ლელო" ბატონ რევაზს რამდენიმე აქტუალურ თემაზე გაესაუბრა. რა თქმა უნდა, ინტერვიუ სანაკრებო ამბებით დავიწყეთ...

ცოტა ხნის წინ თბილისში ლატვიის ნაკრები გვეწვია. ამ ქვეყნის ფეხბურთის პროგრესში კი, თავის დროზე, ძოძუაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა...

- მოდით, ჯერ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი შევაფასოთ...
- სერბეთთან პირველ ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ და აქ დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან თუ აზროვნებიდან
ფრაზა - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ". ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს. აქ მთავარი შედეგია. მორჩა და დამთავრდა!

იმავე სერბეთთან შეხვედრაში დავუშვით რამდენიმე ტაქტიკურ-ტექნიკური შეცდომა. ტაქტიკურს რაც შეეხება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო ოთხი მცველით ზონაში თამაში.

მეორე მატჩისთვის მოხდა ძალიან დიდი გარდატეხა. მაგალითად, სერბეთთან შეხვედრაში ჯანო ანანიძემ ითამაშა საშუალოდ, ლატვიასთან კი საუკეთესო იყო. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშით ასეთი სიამოვნება, კარგა ხანია, აღარ მიმიღია. ლატვიასთან თამაში მართლაც განსაკუთრებული იყო. ნაკრებმა ისე ითამაშა, არველაძეებისა და ქინქლაძის დრო გამახსენდა... ჯანო ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ნათლად გვიჩვენა, რამხელა წვლილი შეუძლია შეიტანოს ნაკრების წარმატებაში.

ძალიან კარგი იყო ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაიაც, შესანიშნავად შევიდა თამაშში გიორგი არაბიძე...

ერთი სიტყვით, დიდი სხვაობა იყო სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებს შორის, ძალიან დიდი!

- თქვენი აზრით, რით იყო განპირობებული ამხელა კონტრასტი? გასაგებია, რომ სერბეთი ლატვიაზე ძლიერია, ერთი საკვალიფიკაციო მატჩი იყო, ხოლო მეორე - ამხანაგური, მაგრამ მარტო ეს იყო მიზეზი?
- საინტერესო კითხვაა. სიმართლე გითხრათ, მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და გეტყვით ჩემს აზრს. ჩვენი ფეხბურთელები ჯერაც არ არიან ნამდვილი, ჭეშმარიტი პროფესიონალები. სერბეთთან მატჩამდე სამი დღე თუ ცოტა მეტხანს იყვნენ შეკრებაზე და გაუჭირდათ ბოლომდე სანაკრებო მონახაზში ჩაჯდომა. ლატვიასთან მატჩისთვის კი შეკრება 10 დღე გამოვიდა და ხარვეზი მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. ეს მწვრთნელისთვისაც დიდი პლუსია.

ამ თამაშმა კიდევ ერთი რამ გვიჩვენა - ქართულ ფეხბურთში ახალი ტალღა შემოვარდა, რომელზეც ნაწილობრივ უკვე გითხარით წეღან. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ოფიციალური მატჩი მოგვეგო, მაგრამ ლატვიასთან გამარჯვებამ მაინც იმედი მომცა. არ არის ასეთი სუსტი ლატვიის ნაკრები. ჩვენამდე შვეიცარიას ეთამაშა და ბრძოლაში წააგო.

კიდევ ერთი - მგონი, ლატვიასთან შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ მორჩება ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ არ გვყავს თაობა, რომ ამ თაობას არ შეუძლია ფეხბურთის თამაში და ასე შემდეგ. 18 წლის ბიჭი რომ ასე შედის მოედანზე, რაზეა ლაპარაკი?! ერთი ეგაა, რომ უნდა დამთავრდეს ჩვენს ფეხბურთში იმ ხალხის დრო, ვინც ახლობლობით მოვიდა, ძმაკაცობით მოვიდა და ახლა რომ შეხედა საქმის სირთულეს, წასვლა კი უნდა, მაგრამ ობობას ქსელში რომ გაეხვევა მწერი, ისეა და ვეღარ გამოდის იმ ქსელიდან.

თქვენს გაზეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჟურნალისტებსაც... ხომ შეიძლება, ერთ დღეს ყველანი მრგვალ მაგიდასთან დავსხდეთ და ვთქვათ ჩვენი აზრი შექმნილ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება, უკეთესი გავხადოთ ქართული ფეხბურთი. ეს ხომ ჩვენი საერთო სატკივარია?!

- წეღან ჯანოზე ილაპარაკეთ. ბევრი კამათია იმაზე, თუ რომელ პოზიციაზეა უფრო სასარგებლო ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენი აზრიც...
- დღეს ტაქტიკა ისეა აწყობილი, რომ ყველა იცვლის პოზიციას, ყველა გადადის და გადმოდის ფლანგებზე. ამჟამად მსოფლიო ფეხბურთი ისევ დაუბრუნდა 4-4-2 განლაგებას, მაგრამ ესეც დროებითია. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დაცვით ფაზაში ყველა გუნდი 4-5-1-ზე გადადის, ან სულაც 4-6-0-ზე. "ბარსელონა" თამაშობს 4-4-3 სქემით, მაგრამ მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან წინა ხაზზე გენიალური სამეული ჰყავს. აღარ არის დღეს ისე, რომ ფეხბურთელი იყოს მიწებებული ერთ პოზიციაზე, მაგრამ ამა თუ იმ მოთამაშისთვის მაინც არის გარკვეული პოზიცია, რომელზეც უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.

რაც შეეხება კონკრეტულად ანანიძეს, მას მე ვხედავ თავდამსხმელების უკან, როგორც ადრე ვამბობდით ხოლმე - დისპეტჩერად. თქვენ არ გემახსოვრებათ და, იყო საბჭოთა ფეხბურთში დიდებული გამთამაშებელი - ვალენტინ ივანოვი. ათი სვლა წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ქართველებსაც გვყავდა დიდებული დისპეტჩერები - კახი ასათიანი, დავით ყიფიანი...

გასაგებია, რომ ჯანოს არ შეუძლია განსაკუთრებით დიდი მოცულობის "შავი" სამუშაოს შესრულება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ უფრო მეტად იზრუნებს მეტოქის გადაცემების ჩაჭრაზე და კონტრშეტევებს წამოიწყებს.

საერთოდ, საქართველოს ნაკრების ამ თაობას ძალიან კარგი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა ასაკში არიან ისინი. ეს იმის წინაპირობაა, რომ კიდევ მოუმატებენ.

აუცილებლად მინდა შევეხო ერთ, მეტად საჭირბოროტო თემას. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თუ რამ არის ჩვენი ფეხბურთელებისთვის აუცილებელი, ეს არის სათამაშო პრაქტიკა. მათ თავიანთ კლუბებში მეტი უნდა ითამაშონ და იმასაც ვისურვებდი, რომ უკეთეს გუნდებში გადასულიყვნენ.

- არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარიან პაჰარსი, თქვენი აღმოჩენაა. თუ შეხვდით მას?
- თამაშის წინ შევხვდი, ვარჯიშზე მივედი... თუ გადაჭარბებად არ ჩამითვლით, დღემდე დიდ სიყვარულს ვგრძნობ იქაურებისგან. თამაშის მერე აღარ შევაწუხე, ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება და ცოტა უხერხული იყო...

ლატვიური ფეხბურთის პროგრესი ჩვენი დამსახურებაცაა. თავის დროზე "სკონტოში" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად რომ მივედი, ჩვენებური სითბო მივეცით, მათ კი, კარგი გაგებით, "ცივი სისხლი" დაგვახვედრეს. ამ შერწყმამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. "სკონტო" ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, ლატვიის ნაკრებმა კი, ცოტა მოგვიანებით, ევროპის ჩემპიონატზეც კი ითამაშა. თუ არ ვცდები, დღეს იქ ჩვენებიდან მხოლოდ თამაზ პერტია მუშაობს. წამოვედით და ჩვენი სითბო მოაკლდა ლატვიურ ფეხბურთს. ახლა მათაც გარდატეხის პერიოდი აქვთ და ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ განვითარებას.

ჩვენ ყოველთვის ასე წარმოგვედგინა - ლატვიაშიც ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ ვსაქმიანობდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ საქართველოს სახელი რაც შეიძლება შორს გაგვეტანა.

- ვლადიმირ ვაისს არ იცნობთ? არ გისაუბრიათ მასთან?
- ვაისი გამაცნეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე. ისე შემომხედა, როგორც მწვრთნელი მწვრთნელს შეხედავს. მე მის თვალებში ბევრი რამ ამოვიკითხე...

მინდა გითხრათ, რომ ლატვიასთან თამაშმა სლოვაკი მწვრთნელის ბევრი პლუსი წარმოაჩინა. და მაინც, არც ჩამოსული და არც ადგილობრივი სპეციალისტი არ უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ამხანაგური მატჩის მოგებაა ყველაფერი, მთავარი მაინც ოფიციალური შეხვედრებია. მწვრთნელის მუშაობა მარტივად ფასდება - თუ შედეგი გაქვს, კარგად მიდის შენი საქმე, თუ არა და, უნდა წახვიდე.

- ხშირად ხართ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. რას იტყვით დონეზე, ახალ ფორმატზე, უფრო მიმზიდველად შეფუთვის მცდელობაზე?..
- ვხედავ საინტერესო სიახლეებს და მიმაჩნია, რომ საქმე კეთდება. ჯერ უნდა ვაცალოთ ამ ხალხს. როცა "ახალი ცოცხი" გაცვდება, მერე უნდა ვიფიქროთ სხვაზე. პირადად მე ბოლომდე მაშინ ვიქნები კმაყოფილი, როცა ჩვენი ნაკრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, კლუბები კი ევროთასებზე ჯგუფებში მოხვდებიან. ჩვენი დიდი ფეხბურთელების დანატოვარი უკვალოდ არ უნდა გაქრეს. შეუძლებელია, არ გვქონდეს ფეხბურთი, როგორც ქართული გენის, ხასიათის გამოხატულების ერთ-ერთი საშუალება.

- შევიტყვეთ, რომ სოხუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ...
- არ მინდოდა, ტონუსიდან ამოვვარდნილიყავი. ეს ერთი, და მეორეც - მე, როგორც ყველა ქართველს, ვალი მაქვს სოხუმის წინაშე და ამ ვალს გადახდა სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მიხიჩ შენ არ იყავი თამშებს რომ ყიდდი ხმა არ გაქვს ამოსაღები
სულო
15:29 07-04-2017
0
მიხიჩ შენ არ იყავი ტორპედოში მწვრთნელობისას პირველ ტაიმებშივე რომ შეცვლებს აკეთებდი (როგორც ამბობენ არც თუ უანგაროდ და ტოტალიზატორშიც ყომარობდით მაგითი)...
ქომაგი
16:24 07-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული