ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით პირველად 7 სექტემბერს გაიყვანა. შეხვედრა მისთვისაც წარმატებული გამოდგა და გუნდისთვისაც.
"მთავარი იყო, რომ ბელორუსთან სამი ქულა მოგვეპოვებინა და ამოცანა შევასრულეთ. ციკლის მოგებით დაწყება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, შეხვედრის ბედი ჩვენმა მონდომებამ და ბრძოლამ გადაწყვიტა, რაშიც მეტოქეს ვაჯობეთ.
პირველ ტაიმში ბელორუსები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს. ჩვენ კი პრესინგით ვთამაშობდით, რაც
ბურთი ისე ვერ დავიჭირეთ, როგორც საჭირო იყო და შეტევის განხორციელება გვიჭირდა. მაგრამ პირველ ტაიმში რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ, ესეც საერთო სტრატეგიის ნაწილი იყო.
მეორე ტაიმში უპირატესობა მეტი აქტიურობისა და აგრესიის ხარჯზე მოვიპოვეთ, მერე გავიტანეთ და გოლმა თამაში გახსნა.
ბელორუსები შეტევებზე წამოვიდნენ, დაცვა გააშიშვლეს და მომენტები კიდევ შევქმენით. მართალია, ამ შესაძლებლობებით ვეღარ ვისარგებლეთ, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ", - ამბობს კანკავა.
ნაკრების ახალმა კაპიტანმა ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა:
"უნდა ვაღიაროთ, რომ უძლიერესი მეტოქე გვყავს. ესპანეთის დამარცხება საქართველოს კი არა, მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს უჭირთ.
ხომ ნახეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის უძლიერესი გუნდი 4:0 დაამარცხა და ფეხი არ გაანძრევინა.
რა თქმა უნდა, მოგების უმცირესი შანსი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელად არ მიმაჩნია ის, ვისაც ასეთ მეტოქესთანაც კი არ აქვს იმედი. მაშინ მოედანზე გასვლას რა აზრი აქვს? წინასწარ შანსების გადაწურვა არ შეიძლება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია