ჩვენ და დანიელები - უსიამოვნო წინათგრძნობა თუ ქართული ოპტიმიზმი?

AutoSharing Option
დუბლინში განცდილი მართლაც მწარე მარცხის მერე ჯერ სამი დღეც არ გასულა და აი, კიდევ ერთი სპარინგის დროც დადგა: საქართველოს ნაკრები ქალაქ ოლბორგში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, არც ირლანდიაა მსოფლიო (გნებავთ, ევროპული) ფეხბურთის გრანდი და არც ჩვენი დღევანდელი მეტოქე, თუმცა ბევრი დაგვეთანხმება იმაში, რომ დანიელებს ბევრად უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავთ, ვიდრე - ირლანდიელებს და ამიტომაც ვშიშობთ, 2 ივნისის მსგავსი (ან - უარესი) ფიასკო არ გამეორდეს.

თუმცა, მეორე მხრივ, ლამის უტოპიად ქცეულ "ქართულ ოპტიმიზმსაც" ვერსად გავექცევით: აი, ყოველი წაგებული მატჩის
მერე "სწორი დასკვნების გამოტანასა" თუ "მომავალში უკეთ თამაშზე" რომ ავლაპარაკდებით ხოლმე.

ჰო, მუდამ იმას ვცდილობთ, რაღაც "საჩვენო" მოვძებნოთ და გამონაკლისი არც დანიასთან მატჩია: ექვს დღეში დანიელებს ოფიციალური შეხვედრა ელოდებათ სომხებთან და მორტენ ოლსენის შეგირდებმაც იქნებ საქართველოს ნაკრებთან ძალები დაზოგონ?!.

ასე რომც არ იყოს, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს, ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობაც ხომ აქვთ და იმედი დავიტოვოთ, რომ სამი დღის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ შერცხვებიან...

ლაუდრუპები, შმეიხელი და სხვა...
დანია ევროპული საფეხბურთო "ოჯახის" ერთ-ერთი პირველი წევრია, თუმცა XX საუკუნის 80-იან წლებამდე ამ ქვეყნის ნაკრებს მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიც იყო, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებამდე დანიელ ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში გადასვლა აკრძალული ჰქონდათ.

აი, მერე კი "გაირკვა", რომ დანიელებს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლიათ და უპირველეს ყოვლისა, ალან სიმონსენი უნდა ვახსენოთ - პირველი და ერთადერთი დანიელი ფეხბურთელი, "ოქროს ბურთი" ვინც მოიგო (1977 წელს).

სიმონსენი გერმანიაში, კერძოდ, მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" ბრწყინავდა, მერე კი "ბარსელონაშიც" ითამაშა.

დანიურმა ფეხბურთმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, როცა ამ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გერმანელი სპეციალისტი ზეპ პიონტეკი დაინიშნა; 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ხომ სულაც დანიელთა ტრიუმფით უნდა დასრულებულიყო - პიონტეკმა მართლაც ჩინებული გუნდი ჩამოაყალიბა, მაგრამ ნახევარფინალში პენალტების სერიაში ყველაზე უხერხულ მეტოქესთან, ესპანეთთან წააგო.

არადა, გადამწყვეტი პენალტი ევროპის იმ ჩემპიონატის მართლაც აღმოჩენამ და ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პრებენ ელკიაერმა გააცუდა.

ელკიაერი მართლაც გამორჩეული ცენტრფორვარდი გახლდათ: ათლეტური აღნაგობის თავდამსხმელი ფიზიკურადაც მშვენივრად იყო მომზადებული, გოლის ჩინებული ალღოც ჰქონდა და მეურვეებსაც უამრავ თავსატეხს უჩენდა.

ელკიაერის გარდა, დანიის ნაკრებს სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც ჰყავდა: ცენტრალური მცველი მორტენ ოლსენი, ნახევარმცველი სიორენ ლერბიუ და უნივერსალი შემტევი მიქაელ ლაუდრუპი; ეს უკანასკნელი 18 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და კარიერის განმავლობაში არაერთი გრანდის ("იუვენტუსი", "რეალი", "ბარსელონა", "აიაქსი") მაისურა მოირგო.

სამწუხაროდ, ამ თაობამ ვერაფერი მოიგო: 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი დანიელებმა ისე შთამბეჭდავად დაიწყეს, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც შერაცხეს; ელკიაერი-ლაუდრუპის წყვილს ვერავინ აჩერებდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის მერე დანიელებს... ესპანეთის ნაკრები შეხვდა და ემილიო ბუტრაგენიოს ჩინებული თამაშის წყალობით ესპანელებმა 5:1 მოიგეს!

...პიონტეკი ნაკრებში 1990 წლამდე მუშაობდა, მის ნაცვლად კი ადგილობრივი სპეციალისტი რიჩარდ მოლერ-ნილსენი დაინიშნა; ამ ფორმაციის გუნდშიც იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები: ფლემინგ პოულსენი ბუნდესლიგაში ასპარეზობდა, პეტერ შმაიხელს კი უკვე მაშინვე ეტყობოდა, უმაღლესი დონის მეკარე რომ უნდა გამხდარიყო.

თუმცა გუნდის უპირობო ლიდერებად ძმები ლაუდრუპები მიიჩნეოდნენ: მიქაელი კვლავაც აგრძელებდა თავის შთამბეჭდავ საკლუბო კარიერას, მისი უმცროსი ძმა ბრაიანიც არანაკლები ნიჭით იყო დაჯილდოებული. თუმცა, ისე მოხდა, რომ ძმები ლაუდრუპები ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდნენ: ვიდრე მიოლერ-ნილსენი იქნება ნაკრების სათავეში, ჩვენ არ ვითამაშებთო!

და აი, 1992 წლის მაისში მართლაც საოცარი ფაქტი მოხდა: უეფამ იუგოსლავიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან მოკვეთა და გამოთავისუფლებული ადგილი დანიას ერგო (შესარჩევ ეტაპზე იუგოსლავიის მერე მეორე ადგილი რომ დაიკავა). არადა, მიოლერ-ნილსენიც და, საერთოდ, დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი შვებულებაში იმყოფებოდა და, როგორი საქმეა, ასეთ საჩუქარს რომ მიიღებ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირაღა რჩებოდა, მიოლერ-ნილსენმა კომპრომისზე წასვლა შესთავაზა და ძმებ ლაუდრუპებს ნაკრებში დაბრუნება სთხოვა, თუმცა ამ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ ბრაიანმა განაცხადა. არც უნანია: "დანიური ზღაპარი" ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც გაგრძელდა და ჯგუფიდან გასვლასაც არავინ მოელოდა, ნახევარფინალში წარმატებასაც და აღარაფერს ვამბობთ ფინალში გამარჯვებაზე!

...ამ წარმატების მერე თითზე ჩამოსათვლელია ის შემთხვევები, დანიელებს ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპი რომ გამოეტოვებინოთ. მართალია, ევრო-92 აღარ განმეორებულა, მაგრამ დანიელებს მუდამ ანგარიშგასაწევ ძალად აღიქვამდნენ და არც ის იყო გასაკვირი, დანიელი ფეხბურთელები წამყვან ევროპულ კლუბებში რომ გამოდიოდნენ.

პეტერ შმაიხელმა და მიქაელ ლაუდრუპმა (მოგვიანებით მაინც რომ დაბრუნდა ნაკრებში) დანიურ ფეხბურთში ეპოქა შექმნეს, მოგვიანებით კი არცთუ ურიგო რეპუტაცია ჰქონდათ ტომას ჰელვეგსა და ებე სანდს, იონ-დალ ტომასონსა და ტომას სორენსენს, იესპერ გრონკიაერსა და მარტინ იორგენსენს...

მარადიული მწვრთნელი და ახალი ვარსკვლავი
თანამედროვე ფეხბურთში მართლაც იშვიათია შემთხვევა, როცა ესა თუ ის მწვრთნელი 13 წელიწადის განმავლობაში ხელმძღვანელობდეს თავისი ქვეყნის ნაკრებს. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი მორტენ ოლსენი გახლავთ: დანიის ნაკრების, "ანდერლეხტისა" და "კიოლნის" ჩინებული მცველი არცთუ ურიგო მწვრთნელი გამოდგა და საკლუბო ასპარეზზე ("ბრონდბიუ", "კიოლნი", "აიაქსი") მოღვაწეობის მერე 2000 წლიდან დანიის ნაკრებში მუშაობს.

ოლსენის განკარგულებაში დღესდღეობით აღარ არიან მიქაელ ლაუდრუპისა თუ პეტერ შმაიხელის დონის ვარსკვლავები, მაგრამ დანიის ამ ფორმაციის ნაკრებში რამდენიმე გამორჩეული ოსტატი მაინც მოიძებნება: მცველები - დანიელ აგერი ("ლივერპული") და სიმონ კიაერი ("ვოლფსბურგი"), ნახევარმცველი - ტომას კალენბერგი ("ვოლფსბურგი"), თავდამსხმელები - მიქაელ კრონ-დელი ("სელტა") და ნიკლას ბენდტნერი ("იუვენტუსი").

აი, რაც შეეხება 21 წლის კრისტიან ერიქსენს: ეს ნახევარმცველი, ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი ხანია, "აიაქსისა" და დანიის ნაკრების ლიდერად მიიჩნევა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ერიქსენის შეძენით არაერთი გრანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "არსენალი", დორტმუნდის "ბორუსია") ინტერესდებოდა და გამონაკლისი, ალბათ, არც წლევანდელი სატრანსფერო სეზონი იქნება.

მწარედ გასახსენებელი...
უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ერთი-ორ მეტოქესთან გვაქვს დადებითი ბალანსი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც დანიის ნაკრებია: საკლუბო დონეზე მხოლოდ შარშან მოხდა, ქართულმა გუნდმა გამარჯვება რომ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ზაფხულში გორის "დილამ" ორივე მატჩი მოუგო "ორჰუსს" (2:1, 3:1). ამ ორ შეხვედრაში ხუთიდან სამი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა და უკვე შარშანდელი შემოდგომიდან ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფორვარდი "ორჰუსის" წევრი გახდა.

თანაც, ვაწაძე ამ გუნდის ერთადერთი ქართველი როდია - ნახევარმცველი დავით დევდარიანი და თავდამსხმელი დავით სხირტლაძე უკვე წლებია, "ორჰუსის" წამყვან ფეხბურთელებად მიიჩნევიან.

...2001 წელს "კოპენჰაგენმა" უპრობლემოდ დასძლია ქუთაისის "ტორპედოს" ბარიერი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე; ერთი წლის მერე "კოპენჰაგენს" უეფას თასზე მოუწია ასპარეზობა და ამჯერადაც ქართული გუნდი შეხვდა: თბილისის "ლოკომოტივს" ორივე მატჩი იოლად მოუგო.

იგივე განმეორდა 2005 წელსაც, როცა "ბრონდბიუმ" ასევე ორივე შეხვედრაში აჯობა თბილისის "დინამოს".

აი, სანაკრებო დონეს რაც შეეხება, 5 ივნისს მესამე დაპირისპირებაა: პირველი მატჩის შედეგი (2:2), ასე თუ ისე, მისაღები იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე შეხვედრაზე. დანია და საქართველო ერთ ჯგუფში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოხვდნენ.

ის ციკლი ჩვენმა ნაკრებმა ალენ ჟირესის ხელმძღვანელობით დაიწყო და ურიგო სტარტი ნამდვილად არ გვქონია: თურქეთთან სტუმრად ფრედ (1:1) ვითამაშეთ, შინ კი ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი დემეტრაძის გოლებით ალბანეთს მოვუგეთ.

ამას მოჰყვა მარცხი უკრაინის ნაკრებთან და საშინაო ფრე დანიელებთან, თუმცა მერე ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ თბილისში (საბერძნეთთან და თურქეთთან) და როგორც "მიჩვეულები" ვიყავით, შესარჩევი ციკლი "შუა გზაზე" დავამთავრეთ.

ამიტომაც არავის გაჰკვირვებია მთავარი მწვრთნელის შეცვლა: ჟირესის ადგილი გაიოზ დარსაძემ დაიკავა, რომელმაც ნაკრებში გიორგი გახოკიძე, დავით მუჯირი და ზურაბ მენთეშაშვილი დააბრუნა; დიდი ნდობა გამოუცხადა დავით ოდიკაძეს, ხოლო კახა ალადაშვილსა და გიორგი განუგრავას სულაც დებიუტი ჰქონდათ.

დარსაძემ კარგად დაიწყო: დემეტრაძის "დუბლით" სტუმრად ყაზახეთს მოვუგეთ, მერე კი შინ უკრაინასთან ფრედ ვითამაშეთ (გახოკიძის ზღაპრული საჯარიმო დარტყმა, ალბათ, ბევრს ემახსოვრება); მაგრამ, აი, მომდევნო მატჩში სრული ფიასკო გველოდა: დანიის ნაკრებმა 6:1 მოგვიგო!

რა თქმა უნდა, მატჩის საბოლოო შედეგზე დიდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ მე-20 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას მაინც არავინ ელოდა. მით უმეტეს, რომ 2005 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰქონდა 6 გოლი გაშვებული...

საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
17.11.2004. თბილისი, "მიხეილ მესხი". 20 000 მაყურებელი
საქართველო-დანია 2:2
0:1 ტომასონი (7), 1:1 დემეტრაძე (33), 1:2 ტომასონი (64), 2:2 ასათიანი (76)
საქართველო: დევაძე - მჟავანაძე, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე - ცქიტიშვილი, მ. ჯიქია, ასათიანი, კობიაშვილი - დემეტრაძე, ა. იაშვილი (72. შ. არველაძე)
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
კაპიტანი: კახა კალაძე
დანია: სორენსენი, პრისკე, ლუსტუ, კროლდრუპი, ნ. იენსენი, პოულსენი, გრავესენი, დ. იენსენი (89. სკუბო), იორგენსენი (89. ლოვენკრანდსი), ტომასონი, პერესი (46. რომედალი)
მთავარი მწვრთნელი: მორტენ ოლსენი
გაფრთხილება: გრავესენი, ლუსტუ
არბიტრი: დ. ჩეფერინი (სლოვენია)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
07.09.2005. კოპენჰაგენი. "პარკენი". 27 000 მაყურებელი
დანია-საქართველო 6:1
1:0 კ. იენსენი (10), 2:0 პოულსენი (30), 2:1 დემეტრაძე (37, პენალტით), 3:1 აგერი (43), 4:1 ტომასონი (55), 5:1 ლარსენი (80), 6:1 ლარსენი (84)
დანია: სორენსენი, ჰელვეგი, აგერი, გრავგაარდი, ნ. იენსენი, კ. იენსენი (63. ლარსენი), გრავესენი, პოულსენი, იორგენსენი, ტომასონი (69. პერესი), რომედალი
მთავარი მწვრთნელი: მორტენ ოლსენი
საქართველო: ლომაია - მენთეშაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი - ოდიკაძე (60. განუგრავა), ცქიტიშვილი (82. სალუქვაძე), ასათიანი, გოგუა, გახოკიძე - დემეტრაძე (69. დ. მუჯირი)
მთავარი მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: კალენბერგი; განუგრავა
გაძევება: ხიზანიშვილი
არბიტრი: ე. ბოჟინოვსკი (მაკედონია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცნობისთვის–დანიის ნაკრების მეკარეს სიომა ბარქაიამ კრისის ილეთი ჩაუტარა და 3 ბუთი უთავაზა
გულშემატკივარი
21:46 05-06-2013
0
რა საამაყო ბიჭები გვყავდა. ამათ კი არ გვანან, სულ შეტევაში თამაშობდნენ. დიდი ამბავი 6:1. მთავარია შეტევა.
ramo
14:24 05-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული