...თურმე შეგვძლებია! - ფრთაშესხმული მარადიული ქართული ოპტიმიზმი

AutoSharing Option
ფოტზე: ჯაბა კანკავა (მარცხნივ) ფრანკ რიბერის წინააღმდეგ

გულახდილად ვთქვათ: ჩვენთან ძალიან, ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებდა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან, საფრანგეთის ნაკრებთან ფრეს ითამაშებდა!

ალბათ, ამას უნდა დავაბრალოთ ის არცთუ სასიამოვნო ფაქტი, რომ ესოდენ ძლიერ მეტოქესთან მატჩზე "დინამო-არენის" ტრიბუნები, ფაქტობრივად, სანახევროდ იყო შევსებული; ყოველივე ეს ზოგმა მატჩზე დასასწრები ბილეთების მაღალი ფასით (10, 15, 20, 30 ლარი) ახსნა.

თუმცა, ჩვენი აზრით, ამის მიზეზი საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობები უფრო უნდა ყოფილიყო: თემურ ქეცბაიას გუნდი საფრანგეთთან მატჩს ხომ
ზედიზედ ოთხი წაგებით შეხვდა! თანაც, საფრანგეთამდე ჩატარებულ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში (ყაზახეთის ნაკრებთან) საქართველოს ნაკრებმა არცთუ დამაჯერებელი შთაბეჭდილება (რბილად ნათქვამია) დატოვა და ქართველ ქომაგთა დიდ ნაწილსაც, ალბათ, ვერაფრით წარმოედგინა ჩვენი გუნდისგან ესოდენ სასიამოვნო სიურპრიზის შემოთავაზება...

ჰო, სიურპრიზი მართლაც სასიამოვნო იყო იმათთვის, ვინც 6 სექტემბრის გვიან ღამით "დინამო-არენაზე" მისვლა არ დაიზარა! თანაც, მოდი, ამ შემთხვევაშიც გულახდილად ვთქვათ, რომ ეს არ იყო მეტოქის "ნაჩუქარი" ქულა, ანდა, როგორც იტყვიან ხოლმე, ზღაპარში გაგორებული ფრე, - ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრები წაგებას არაფრისდიდებით არ იმსახურებდა!

უფრო მეტსაც ვიტყვით: დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ფრანგები სულაც უქულოდ დარჩენილიყვნენ და ასე რომ არ მოხდა, თავიანთ მართლაც ჩინებულ მეკარეს, უგო ლორისს უნდა უმადლოდნენ.

მართლაც, ლორისმა თავისი მაღალი კლასი თბილისელი გულშემატკივრების წინაშე დროის მოკლე მონაკვეთში მეორედ დაამტკიცა: ჯერ "დინამო"-"ტოტენჰემის" შეხვედრაში, ახლა კი საქართველოს ნაკრებთან მატჩშიც.

თუმცა ლორისზე არანაკლებ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მისმა ქართველმა კოლეგამაც, ისე, როგორც საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც, თუმცა ამ ყველაფერზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი ის გვინდა ვთქვათ, რომ თურმე კიდევ შეგვძლებია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან... წინააღმდეგობის გაწევა კი არა, თითქმის ტოლი-ტოლზე თამაში!

თანაც, ზედიზედ ოთხი წაგების მიუხედავად, საფრანგეთთან მატჩის წინათქმაში ნამეტნავად პესიმისტური განწყობა არ გვქონია და ამაში თავად დარწმუნდებით:

"...მართლაც, მარადიული "ქართული ოპტიმიზმის" ამბავი ხომ იცით, აი, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღევანდელი მატჩის წინ; ვინ იცის, იქნებ სწორედ საფრანგეთთან შეძლოს საქართველოს ნაკრებმა ამ წარუმატებელი სერიის დასრულება? თანაც, გამორჩეულად ძლიერ მოწინააღმდეგესთან პაექრობისას ჩვენებს ხომ განსაკუთრებული მოტივაცია უნდა ჰქონდეთ და სწორედ შერჩეული ტაქტიკის წყალობით, შესაძლოა, ჩვენთვის სასურველ შედეგსაც მივაღწიოთ... ("ლელო", # 210)".

ჰოდა, ალბათ, არც არავინ იქნება წინააღმდეგი, ნებისმიერი სანაკრებო მატჩის წინ ქართული მედიის ასეთი ოპტიმიზმი რომ გამართლდეს ხოლმე...

ქება ქეცბაიას
Sportall.Geარახალი ამბავია, რომ ქართულ სპორტულ მედიასა და თემურ ქეცბაიას შორის... არაერთგვაროვანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა; გასაგებია, რომ კრიტიკა (თანაც - ხშირი) არავის სიამოვნებს და ამ მხრივ, გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, ვერც ქეცბაია იქნება.

თუმცა, როცა შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხარ, იმასაც უნდა შეეგუო, რომ წაგებული მატჩ(ებ)ის მერე ხოტბას არავინ შეგასხამს.

ჰოდა, ძალიან სამწუხაროა, რომ 2011 წლის ზაფხულიდან მოყოლებული (უფრო კონკრეტულად, ხორვატიასთან სტუმრად წაგების მერე), ზემოთ ნახსენები არაერთგვაროვანი ურთიერთობაა "ჩამოყალიბებული":

ხან ქართული სპორტული მედია "უტევს" თემურ ქეცბაიას, ხან კიდევ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ქართველ ჟურნალისტებს! ოღონდ, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, თემურ ქეცბაია ყველგან და ყველასთან გულწრფელია: რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს!

ჰო, შესაძლოა, ვინმემ ერთგვარ ნაკლადაც ჩაუთვალოს მისი ასეთი "არადიპლომატიურობა", მაგრამ ქარაგმებით თუ მინიშნებით რომ ვინმე "გვაბოლებდეს", ამისთანა მწვრთნელს ყველა ვარიანტში მაინც ქეცბაიას გულახდილობა გვირჩევნია!

ურთიერთობებში ზომაზე მეტად ხისტი, მაგრამ - მუდამ გულწრფელი!..

ისე, ვატყობთ, რომ ლამის არის, თემურ ქეცბაიას ფსიქოპორტრეტი დავხატოთ, არადა, ამ შემთხვევაში ხაზგასმით სულ სხვა რამის აღნიშვნა გვინდა: 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავის ფრანგ კოლეგას ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო!

აი, გახსოვთ 2011 წლის 26 მარტი, როცა თემურ ქეცბაიამ ასევე გონივრულად შერჩეული ტაქტიკის წყალობით დაჯაბნა თავისი ხორვატი კოლეგა სლავენ ბილიჩი?!.

...ასე იყო, არის და იქნება: ამა თუ იმ გუნდისა თუ ნაკრების ნებისმიერი წარმატება კონკრეტულ ფეხბურთელ(ებ)თან ასოცირდება; აი, წაგება კი მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელს ბრალდება ხოლმე. აი, ახლაც საფრანგეთთან ნათამაშები ფრე, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამაც განაპირობა;

მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაფერი ეს მაინც უფრო თემურ ქეცბაიას მიერ "დაგეგმილი" გუნდური თამაშისა და, რაც მთავარია, სწორად შერჩეული ტაქტიკის გამო მოხდა!

სწორი და ეფექტიანი გათვლები
ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის წაგების მერე რიტორიკული კითხვაც დავსვით: ასეთი უიმედო მდგომარეობა როდემდე უნდა გაგრძელდესო?!. საბედნიეროდ, იმ წაგებული შეხვედრის მერე ჩვენი ნაკრების თავკაცმა სწორი გათვლა გააკეთა და ყაზახეთზე ძალიან ბევრად ძლიერ მეტოქესთან მატჩმა ეს დაადასტურა კიდეც.

დავიწყოთ მეკარის პოზიციით: ისე, როგორც 2011 წელს ხორვატიასთან საშინაო მატჩის წინ, თემურ ქეცბაია ახლაც სერიოზული დილემის წინაშე იდგა, ანუ მაშინაც და ახლაც რთული განსაჭვრეტი იყო, თუ ვინ დაიცავდა საქართველოს ნაკრების კარს: ნუკრი რევიშვილი თუ გიორგი ლორია.

საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში ქეცბაიას არჩევანი აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა: ორი წლის წინათ რევიშვილის ჩინებულმა თამაშმაც დიდად განაპირობა ხორვატების დამარცხება, ახლა კი ლორიას არანაკლებ შთამბეჭდავმა თამაშმა ფრანგებთან ქულა მოგვიტანა.

არადა, რევიშვილმა ამ ზაფხულს მართლაც გამორჩეულად იასპარეზა ევროტურნირებზე, ყაზახეთთანაც ძირითადში იდგა, მაშინ, როცა თბილისის "დინამოს" ბოლოდროინდელ მატჩებში ლორია არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

თუმცა საფრანგეთთან შეხვედრაში "ნამდვილი" ლორია ვიხილეთ: არც ერთხელ რომ შემცდარა გამოსვლებზე, მეორე ტაიმში მატიო ვალბუენასა და ფრანკ რიბერის ურთულესი ბურთები რომ აუღო, შეხვედრის მიწურულს კი ოლივიე ჟირუს თავურზე რომ რეაქცია გამოავლინა... ამას მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი დონის მეკარეები თუ შეძლებდნენ!

...აბსოლუტურად სწორი გათვლა იყო აკაკი ხუბუტიას ძირითადში გამოჩენაც: ამ ტანმაღალ ცენტრალურ მცველს რუსეთის პირველ ლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ფრანგების ასევე ტანმაღალ ცენტრფორვარდს ოლივიე ჟირუს მეურვეობა სწორედ ხუბუტიასნაირი ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელს უნდა გაეწია;

...ყაზახეთთან მატჩში გურამ კაშია მარჯვენა მცველი გახლდათ, სანდრო კობახიძე კი - საყრდენი; აი, ფრანგებთან შეხვედრაში კაშიამ ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი და ჯაბა კანკავას შეუწყვილდა, კობახიძემ კი... ლამის ყველა პოზიციაზე მოასწრო თამაში!

ისე, სუბიექტური აზრია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კარგა ხანია, ასეთი ენერგიული ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებს არ ჰყოლია: კობახიძემ თამაში მარჯვენა გარემარბად დაიწყო, მეორე ტაიმში ცენტრალურ შუამარბად მოგვევლინა, მერე მცირე ხნით ისევ მარჯვნივ გადმოინაცვლა, რასაც ის ჩინებული რეიდი მოჰყვა, თორნიკე ოქრიაშვილს სულ მცირედი რომ დააკლდა გოლის გასატანად!

...ბევრისთვის უცნაური იყო ის ფაქტი, რომ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა მარცხნიდან ცენტრში შემოიწია, მისი ადგილი კი ჯანო ანანიძემ დაიკავა. თუმცა ასეთი გადაადგილებები კიდევ წინ გველოდა და შესვენების შემდეგ (იმ კოშმარულ ათწუთიან მონაკვეთამდე, მეტოქემ რომ შტურმი მოგვიწყო) რომ თამაში ჩვენი კარნახით (!) მიდიოდა, სწორედ ამ ეფექტიან ცვლილებებსაც უკავშირდებოდა.

ასე მაგალითად, ნიკოლოზ გელაშვილი თუ პირველ ტაიმში გამოკვეთილი ცენტრფორვარდი იყო, შესვენების შემდეგ მარჯვენა გარემარბად მოგვევლინა და, ჩვენი აზრით, საუკეთესო სანაკრებო მატჩიც ჩაატარა!

ბევრისთვის და, პირველ ყოვლისა, დიდიე დეშამისათვის იქნებოდა სიურპრიზი მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდად თორნიკე ოქრიაშვილის ხილვა - აი, ამ სვლამაც თითქმის 100 პროცენტით გაამართლა!

ხანდახან ესეც საჭიროა...
...როცა შენზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს ეთამაშები, ხანდახან პატარ-პატარა ეშმაკობებიც საჭიროა სასურველი შედეგის მისაღწევად; აი, თუნდაც, ის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა მოედანზე შესასვლელად ლადო დვალიშვილი ემზადებოდა; ვიდრე შეცვლა მზადდებოდა, ტრიბუნიდან ნათლად ჩანდა, რომ გელაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საპირისპიროზე გადაინაცვლა.

ერთი შეხედვით, "ჩვეულებრივი" გადაადგილებები გვეგონა: გელაშვილი ფლანგს უცვლიდა მინდორზე მანამდე შემოსულ დავით თარგამაძეს, ხოლო დვალიშვილს თორნიკე ოქრიაშვილი უნდა შეეცვალა.

ამასობაში ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ოქრიაშვილის შეცვლა "გადაიფიქრა" და დვალიშვილიც მოედანზე... გელაშვილის ნაცვლად გამოვიდა; ჰოდა, ვიდრე გელაშვილი მარცხენა ფლანგიდან მთელ მოედანს ნელი ნაბიჯებით გამოივლიდა, ამასობაში გარკვეული დროც გავიდა (ისე, როგორც ოქრიაშვილის შეცვლის "გადაფიქრებაში").

ანუ იმის თქმა გვინდა, რომ შენზე ბევრად ძლიერ მეტოქეებთან ასეთი რამ "მოსულა"; სამაგიეროდ, როცა მატჩის ბოლო 5 წუთსა და მსაჯის მიერ დამატებულ ოთხ წუთში ფრანგებმა უსასტიკესი შტურმი მოგვიწყვეს, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე გორაობა არ დაუწყია და დროის გაყვანაც სამარცხვინოდ არავის უცდია!

კაპიტანი!
...საქართველოს ნაკრების ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მატჩები, გრანდებს ქულებს რომ ვაკარგვინებდით; ერთ-ერთი ასეთი, რაღა თქმა უნდა, საფრანგეთთან შეხვედრა იყო, სადაც ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩეულმა ტაქტიკა-სტრატეგიამაც გაამართლა და მოედანზე მყოფმა 14-ივე ფეხბურთელმაც მაქსიმალური მონდომებითა და მოტივაციით ითამაშა.

ჩინებული გახლდათ გიორგი ლორია (ჩვენი აზრით, ახლა უფრო შთამბეჭდავი მატჩი რომ ჩაატარა, ვიდრე შარშან - ესპანეთთან); როგორც ყოველთვის, სოლიდურად გამოიყურებოდნენ ალექსანდრე ამისულაშვილი და გურამ კაშია; მეორე ტაიმში ჯანო ანანიძემ ისეთი სოლო-რეიდი განახორციელა, ფრანგებიდან მსგავსი რომ არავის გაუკეთებია; თორნიკე ოქრიაშვილის იმპროვიზაციასა თუ სანდრო კობახიძის ენერგიულობას საზღვარი არ ჰქონდა; შეცვლაზე შემოსული ელგუჯა გრიგალაშვილი ისე ჩაერთო თამაშში, თითქოს ნაკრების სტაჟიანი წევრი ყოფილიყო, არადა, ეს მართლაც უნერვო ნახევარმცველი... პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა!

მოკლედ, ჩვენებიდან ყველას შექება ალალია, მაგრამ ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ცალკე გვინდა ვთქვათ: ჯაბა კანკავამ ისე ითამაშა, როგორც ნაკრების კაპიტანს შეეფერებოდა!

მატჩის პირველიდან ბოლო წუთამდე კანკავა პარტნიორებისათვის მაგალითის მიმცემი გახლდათ: როგორც სჩვევია, მეტოქესთან ორთაბრძოლებში უშიშრად შედიოდა, რამდენჯერმე საკუთარ თავზე აიღო მოწინააღმდეგის საშუალო თუ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთები, ხოლო მის დაუღლელ და ტაქტიკურად სწორ თამაშზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

მოკლედ, 6 სექტემბრის მატჩმა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ისიც დაგვანახვა, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული კაპიტანი ჰყავს - ჯაბა კანკავა!..

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანგული მედიის გამოხმაურება: საქართველოსთან ძალიან გაგვიჭირდა!
whoscored.com: საუკეთესონი გიორგი ლორია და ფრანკ რიბერი იყვნენ
თემურ ქეცბაია: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით
დიდიე დეშამი: საქართველომ ღირსეულად ითამაშა
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველი სპორტული ჟურნალისტების და კომენტატორების ფონზე საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ნაკრები 'გრანდია'.
odala
20:44 09-09-2013
0
კანკავა საუკეთესო იყო ამ თამაშში, დარტყმების დაბლოკვაში, კონტრშეტევების ჩაშლაში ტუ შეთევების ჩაშაში! კარგია ავტორმა რომ აღნიშნა!
dato
16:01 09-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული