სად გაქრნენ კარგი ქართველი ფორვარდები?

AutoSharing Option
ახლახან შემოგთავაზეთ სტატია "ფიფას ასიანთა კლუბის" შესახებ, რომელშიც ეროვნულ ნაკრებებში 100 და მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელები მოხვდნენ (იხილეთ ვრცლად).

გამორჩეულთა შორის მხოლოდ ერთი ქართველია - 100-იანთა კლუბშია ლევან კობიაშვილი, ბერლინის "ჰერტას" ქართველი ლეგიონერი. ვნახოთ, კიდევ რომელი ქართველი ფეხბურთელები არიან ახლოს "ასიანთა კლუბთან".

10 მატჩი და წელიწადნახევარი მიზნამდე
თემურ ქეცბაიას გუნდის 6 და 10 სექტემბრის ბატალიები ჩავლილია. საქართველო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს (და ამით მუნდიალსაც) 15 ოქტომბერს დაასრულებს, როცა მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების თავკაცი, მას მერე, რაც ლევან კობიაშვილმა
მე-100 კეპი "მოირგო", მას აღარ იძახებს ნაკრებში. კობიაშვილის უახლოესი "მდევარი" კი ზურაბ ხიზანიშვილია. 31 წლის მცველის ანგარიშზე 90 საერთაშორისო მატჩია. ასე რომ, "ასიანთა კლუბამდე" მას მხოლოდ 10 შეხვედრა აშორებს.

ხიზანიშვილი ეროვნულ გუნდში 1999 წლიდან გამოდის - 5 ივნისს საბერძნეთთან მატჩის (1:2) 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

თეორიულად, ზურაბს აქვს შანსი, 2015 წლისთვის "ასიანთა კლუბში" შევიდეს, კობიაშვილის შემდეგ თითქმის 4 წლის თავზე.

90 მატჩიდან 29 ხიზანიშვილმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა (4 სხვადასხვა მუნდიალის - 2002, 2006, 2010 და 2014).

მიზერული შანსები
უახლოეს ხანებში "ასიანთა კლუბს", სამწუხაროდ, სხვა ქართველი ვერ შეავსებს - მესამე ადგილზე კახა კალაძეა, რომელიც უკვე პოლიტიკოსია და თავის 83 კეპს (ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩი) ვეღარაფერს შემატებს.

ტოპ-5-ში მესამე-მეხუთე ადგილებზე მოქმედი ფეხბურთელი მხოლოდ ალექსანდრე იაშვილია (67 კეპი), რომელსაც ეროვნულ ნაკრებში აღარ იძახებენ.

ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი მატჩი ხიზანიშვილის შემდეგ დავით კვირკველიას აქვს. თუმცა 33 წლის კვირკველიასთვის 54 კეპი იმას ნიშნავს, რომ მას "ასიანთა კლუბში" მოხვედრის პრაქტიკული შანსი არა აქვს.

მეტი პრაქტიკული შანსი ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას (45 კეპი) აქვს, რომელიც 27 წლისაა.

მოკლედ, ჩვენი გამოთვლით, უახლოეს 5 წელიწადში, ხიზანიშვილის გარდა, 100-იანთა კლუბს ალბათ ვერავინ შეავსებს.

კატასტროფული მდგომარეობა
2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში (ევროპის ზონას ვგულისხმობთ) საქართველოს ნაკრები გოლებით მხოლოდ ორ ნაკრებს უსწრებს - ანდორას (ნული გოლი) და სან მარინოს (1 გოლი). ჩვენსავით 3-3 გოლი გაიტანეს ლიხტენშტაინმა და ფარერის კუნძულების ნაკრებმა.

მთლად კატასტროფული მდგომარეობაა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებში. ყველა დროის ბომბარდირი კვლავ შოთა არველაძეა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურა ბოლოს 2007 წელს მოირგო!

მიუხედავად ამისა, ტყუპისცალს კიდევ კარგა ხანი ვერავინ დაეწევა. შოთამ 61 მატჩში შეძლო 26 გოლის გატანა (0,42 შეხვედრაში), რაც შეიძლება ზოგადად დიდი ვერაფერი შედეგიანობაა, მაგრამ ჩვენთვის დიდებული მაჩვენებელია.

მეორე ადგილზე 16 გოლით თემურ ქეცბაია გახლავთ, ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, რომელიც მხოლოდ 1 გოლით უსწრებს ალექსანდრე იაშვილს, რომელსაც ქეცბაია წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ აღარ იძახებს.

12-12 გოლი აქვთ გიორგი დემეტრაძეს და ლევან კობიაშვილს. 10 გოლზე მეტი ნაკრებში კი მხოლოდ ამ ხუთ ფეხბურთელს აქვს გატანილი, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრები უკვე 23 წელიწადია, არსებობს!

დღევანდელი ნაკრების მთავარი მეგოლეები ჯაბა კანკავა და ვლადიმერ დვალიშვილი არიან... 4-4 გოლით!

იცით თუ არა, რომ...
* საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტჯერ ალბანეთის ნაკრებს მოუგო - ჯამში 8-ჯერ. შემდეგ მოდიან მალტა და მოლდოვა - 4-4-ჯერ.

* ყველაზე მეტჯერ საქართველოს ნაკრებმა ფრედ უკრაინასთან ითამაშა - 3-ჯერ.

* ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან წააგო - 7. 6-ჯერ საბერძნეთის ნაკრებთან დავმარცხდით, 5-5-ჯერ კი ირლანდიასა და უკრაინასთან.

* ყველაზე მეტჯერ საქართველოს ნაკრები ალბანეთს ეთამაშა - 13-ჯერ.

* საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან აქვს - 7:0 (1997 წელი, ამხანაგური მატჩი).

* საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დანიასთან დამარცხდა - 1:6 (2005).

* მათგან, ვინც ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგო, ყველაზე ასაკოვანი გოჩა ჩიქოვანია - ის დღეს 50 წლისაა.

* ყველაზე ახალგაზრდაა მერაბ გიგაური - 20 წლის, მასზე თვეებით უფროსია ჯანო ანანიძე.

* ნაკრებში ყველაზე მეტჯერ შეცვლაზე შევიდა გიორგი დემეტრაძე - 17-ჯერ.

* ლევან კობიაშვილმა ეროვნულ გუნდში 100 მატჩი ისე გამართა, ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

Sportall.Ge
შენიშვნა: სტატისტიკაში გამოყენებულია ფიფას და Nationalfootballteams.com-ის მონაცემები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გიორგი! თუ გამოიცნობ? რამდენიმე ქართველი მწვრთნელი ფულს იღებდა ფეხბურთელის "სასტავში" დაყენებისთვის, მაგრამ არსებობს ერთი მწვრთნელი რომელიც თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იღებდა ფულს. ვინ მყავს მხედველობაში?
guja_kakhadze
22 სექტემბერი 2013 13:29
0
კოპალეიშვილის გვერდით თემურ მახარაძის დასახელებაც შეიძლება.. მართალია ნაკრებებში არ უმუშავია მარა ფულს კლუბებშიც უხვად აგროვებდა და არაერთი ფეხბურთელი დაჩაგრა უფულობის გამო!!! ... ეს რაც უეჭველი ვიცი თორემ ქართულ ფეხბურთში უამრავი მწვრთნელი, არბიტრი და ჩინოვნიკია გასვრილი.
გიორგი
20 სექტემბერი 2013 19:45
0
ბოსნია რა მდიდარია არაა,ფეგბურტი ჯიგრიანი ...
reso
15 სექტემბერი 2013 10:50
0
მოთამშე რომ ერთ მატჩში ექვს ბურთს გაიტანს და არავინ ყურადღებას არ მიაქცევს მაშინ შ...ცი ამისთანა ფეხბურთის ფედერაციას.
maxo
15 სექტემბერი 2013 01:12
0
ძან მინდა ვიცოდე,რატომ არ ხდება სხვადასხვა სოფლებში ბავშთა სელექცია,ერთი გვიპასუხოს ვინმემ თუ იყო ვინმე ამ ინტერესით არა და რამდენი ტალანტი იკარგება უსახსრობით,მარა რად გვინდა წარმატება,არ ჯობია წარუმატებლები ვიყოთ და მერე ვიყაყანოთ თაობა არ გვყავსო არც გეყოლებათ არასდროს!!! თუ არ დაიძვრებით სოფლებისკენ ფედერაციავ!!!
ქომაგი
14 სექტემბერი 2013 21:24
0
გოლის გამტანებს ფულიანი მამიკოები არ ჰყავთ! ფეხბურთელი სინჯზე 1 თამაშში 6 გოლს რომ გაიტან და უარით გაისტუმრებენ არც გვეყოლება.
guja_kakhadze
14 სექტემბერი 2013 13:06
0
ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების შთამბეჭდავი დასაწყისი და... ჩაფლავება. კიდევ ერთი მაგალითია ჭანტურია - ბარსელონა, ჩელსი და მერე... ვიტესი, იქაც ვერ გაჩერდა და რუსეთში გაუშვეს, რომ ვიღაცისთვის უკნიდან პოდლად წამოერტყა. აი ამას ჰქვია, ფული იშოვა და მერე დაიკიდაო.
Lasha
14 სექტემბერი 2013 12:32
0
არველაძისნაირი თავდამსხმელი რომ ჰყავდეს ან ქართულ კლუბებს, ან ნაკრებს, ეხლა მინიმუმ 1 გუნდი გვეყოლებოდა ევროპის ლიგაზე და მესამე ადგილსაც დავიკავებდით. ჟურნალისტები კიდევ ყელში ამოხვედით უკვე თქვენი უაზრო დასკვნებით. როცა ჯგუფში ლიხტენშტეინი და ანდორა არ გყავს, არაფერი არაა გასაკვირი, რომ 3-4 გოლით დაამთავრო ასპარეზობა. შორიდან დამრტყმელი არ გვყავს, არც კაი საგოლე პასის გამკეთებელი, არც გამთამაშებელი. ათრიონ ბურთი, რამდენიც უნდათ ანანიძემ და გრიგალაშვილმა, ან ოქრიაშვილმა და თარგამაძემ ირბინონ ფლანგებზე და ატყუონ 3-3 კაცი. საჯარიმოში ბურთი ვერ შეგვაქვს და რა გოლზეა ლაპარაკი? არც ქვეყნის სოციალურ ყოფაზეა დამოკიდებული. ქეცბაიას და არველაძის თაობა უარეს პირობებში იზრდებოდნენ, მაგრამ ჰქონდათ ამბიციები და მონდომება და ისწავლეს ასე თუ ისე თამაში. ჩვენები კიდე, დევდარიანის არ იყოს, იყიდიან ბეემვეს და მორჩა. თარგამაძის, ოქრიაშვილის, ანანიძის და ბევრი სხვა ფეხბურთელისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელები საშუალო უკრაინულ და რუსულ კლუბებში არ უნდა თამაშობდნენ. ეგაა ნიჭის დალპობა.
Lasha
14 სექტემბერი 2013 12:31
0
შაკო, შენ გაიხარე სიმართლის თქმისათვის. მანამდე არაფერი ეშველება ჩვენ ფეხბურთს სნამ მწარე სიმართლის თქმას არ ვისწავლით ქართველები. ეს მძიმე ტვირთი თავიდან ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა უნდა აიღონ თავის თავზე.
Unity
14 სექტემბერი 2013 00:51
0
აი, გუჯა, ძმაო, მესმის კონკრეტული ლაპარაკი! ვაი-ვიშით არაფერი გამოვა, საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. მართლაც, ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა დღეს უკვე მოედნების კი არა, კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელების საშინელი დეფიციტია!
Temo
13 სექტემბერი 2013 22:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული