უარი ნაკრებს: ვინ უნდა მიირთვას თაფლი და შოკოლადი?

AutoSharing Option
Short Memory ინგლისური ფრაზაა და "მოკლე მეხსიერებას" ნიშნავს. ამ დაძაბულ ცხოვრებაში კვების რაციონი თაფლითა და შოკოლადით თუ არ გააძლიერე, არ უნდა გაგიკვირდეთ, მეხსიერებამ თუ გიმტყუნათ...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებაზეა და მიჯრით ორი მატჩისთვის ემზადება. ორივე შესარჩევი ეტაპისაა - 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან, 14-ში შოტლანდიასთან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ამ მატჩებისთვის გამოძახებულთა სია რომ გამოამზეურა, მასში სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევი გიორგი ილურიძეც ფიგურირებდა.

ფეხბურთის ფედერაციის საიტზე, გამოძახებულ ფეხბურთელთა სიის გარდა, კიდევ ასეთი რამ ეწერა - "ალექსანდრე ჩივაძემ სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევი გიორგი ილურიძეც
გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო ილურიძე ჩამოსვლას ვერ ახერხებს".

რომ ჩავეძიეთ, ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა - ინფორმაცია მივიღეთ, რომ ილურიძე გამაყუჩებელი ნემსებით თამაშობს ხორვატიის ჩემპიონატშიო.

"ლელო" თავად ილურიძესაც დაუკავშირდა. მისგან ასეთი განმარტება მივიღეთ:

"დღეს ექიმთან ვიყავი. სისხლჩაქცევები მაქვს, ორი დღეა არ მივარჯიშია. "კუსტოსიასთან" სათასო შეხვედრაც გამოვტოვე და შემდეგ ტურშიც, 5 ოქტომბერს, "სპლიტის" წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა, ესეც საეჭვოა".

5 ოქტომბერს ილურიძე "სპლიტთან" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. 7 ოქტომბერს ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა და ასეთი რამ თქვა:

"რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ მან თავის გუნდში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ არის, მასაც გამოვიძახებთ".

8 ოქტომბერს ერთხელაც დავინტერესდით ილურიძის თემით და ფეხბურთის ფედერაციიდან ასეთი ამბავი გავიგეთ - ილურიძე სამუშაო ვიზის აღებას აპირებს ხორვატიაში, ამიტომ 10 ოქტომბრის მატჩისთვის ვერა და, 14 ოქტომბრის თამაშისთვის იქნება ახალგაზრდულ ნაკრებშიო.

თუ სამუშაო ვიზა იყო დაბრკოლება ნაკრებში ჩამოსასვლელად, მაშინ თავიდანვე რატომ არ აცნობა ილურიძემ ამის შესახებ ფედერაციას? ხოლო თუ სამუშაო ვიზა არ აქვს, მაშინ როგორღა თამაშობს "ჰაიდუკში"?

საკითხავია ისიც, ასეთ დროს ვინ უნდა მიირთვას ბევრი თაფლი და შოკოლადი - ფეხბურთელმა, მწვრთნელმა თუ გულშემატკივარმა?

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან ვერ ითამაშებს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, 15 ოქტომბერს ეროვნულ ნაკრებს ესპანეთთან ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში დაეხმარება თუ ვერაო, გვითხრეს ფედერაციის პრესსამსახურში.

ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არ იქნება რუსული "კრილია სოვეტოვის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის განმარტებით, ამისულაშვილი ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება ესპანეთში.

ამისულაშვილმა 5 ოქტომბერს რუსული პრემიერლიგის მატჩში შეუცვლელად ითამაშა მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი იმას არ ამტკიცებს, რომ ამისულაშვილი საღსალამათია და ნაკრებში არ ჩამოდის, თუმცა ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ნაკრების ექიმი, ალბათ, ვალდებული უნდა იყოს, ჩაერთოს საქმეში, მოინახულოს ფეხბურთელი და დასვას დიაგნოზი.

ეს მხოლოდ ჟურნალისტური აზრია და ზოგადად, მასმედია ვერავის დაავალდებულებს, რომ ექიმი ფეხბურთელთან მიავლინოს. იმასაც ვერ დავიჩემებთ - ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი რომ იტყვის, ტრავმის გამო ვერ ჩამოვდივარო, მაინც ჩამოვიდეს და ნაკრების ექიმთანაც გაიაროს კონსულტაცია.

ჟურნალისტს ასეთ დროს მხოლოდ კითხვის დასმა შეუძლია: როგორ უნდა დარწმუნდეს ნაკრების მწვრთნელი, რომ ფეხბურთელი მართლა ტრავმირებულია?

ჩივაძე არ დაძაბავს ვითარებას, საქვეყნოდ აუგს არ იტყვის თავისი გუნდის ფეხბურთელებზე, ოღონდაც, საქმეს არც ის წაადგება, თუ ამით ფეხბურთელები ბოროტად ისარგებლებენ.

ესეც უნდა ითქვას - ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელისთვის არ არის კომფორტული და სასიამოვნო, რომ ეროვნული გუნდიდან ახალგაზრდულში (დროებით მაინც) დაბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ჰოლანდიაა...

საქართველოს ნაკრები ნამეტანი რთული თემაა, თაფლი და შოკოლადი კი მართლა აუცილებელი ამხანაგი უნდა იყოს მთელ ამ დავიდარაბაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფუი შენს კაცობას როგორი იმედი მქონდა შენი მარა უჯიგრო ფეხბურთელი ყოფილხარ
avto
15:48 09-10-2013
0
ვერ გამიგია რატოა საჭირო ამხელა აურზაური,მესმის რომ ჯურნალისტებს გაინტერესებს და ცნობისმოყვარე ხალხი ხართ,შესაბამისად მასა თქვენგან გებულობს ამბებს მაგრამ მოდი რა ეს ყველაფერი მართლა დამღლელია და დაანებეთ თავი ამ ზედმეტ რაღაცეებს,,ყველას ვისაც სურვილი აქვს ნაკრებში თამაშის და გამოიძახებენ ჩამოვა,,არუნდათ ნუ უნდათ.არუნდა ამას გაბუქება და ვაიმე იმას არუნდა თამაში ნაკრებში და რატო ნეტა რას იტყუებაო,,კიდე ერთხელ ვიმეორებ არუნდათ და კარგად იყვნენ დავწეროთ და უგულშემატკივროდ იმათ ვინც სულით და გულით ჩამოდიან და თამაშობენ.მართლა დამღლელია ამდენი მათხოვრობა,ეხვეწე ეხლა ამ ვითომ ფეხბურთელებს და ინერვიულე ამათ გამო,სარი უთხრიათ ერთი კაცო...
durmishxan gulua
15:54 09-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული