ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

AutoSharing Option
...აზერბაიჯანმა ათი კაცით გაუთანაბრა რუსეთს, სომხეთი კი იტალიას ორჯერ უგებდა. ჩვენს მეზობლებს უკვე სხვა ამოცანები აქვთ, ვიდრე საქართველოს ამ ნაკრებს...

ჩვენებს ეტყობოდათ მონდომება. სათამაშო დისციპლინა დარღვეული იყო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდშიო, ამასაც ვერ ვიტყვით. უბრალოდ, საქართველოს ამ ნაკრებმა არ იცის სხვანაირად თამაში.

მეტოქის შეტევების ჩაშლა, გრძელი გადაცემები, კონტრშეტევაში ორი-სამი ფეხბურთელით წასვლა - ეს გუნდი ამას წლებია, აკეთებს და ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ პერსპექტივა აქვს...

შეხვედრის პირველი წუთები ნერვული იყო. გიორგი ლორიას ორჯერ კი გაუვარდა ბურთი, თუმცა მაინც აგულიანებდა დაცვას და პირველი
წუთების შემდეგ რამდენჯერმე ითამაშა კარგად.

ჩვენი ნაკრების დაცვა თითქოს სწორად თამაშობდა, სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდა ისეთ მეტოქეს, ბურთის გაგორებაში ბადალი ძნელად რომ მოეძებნება.

Sportall.Geესპანეთს თამაში ფრთხილად არ დაუწყია, მაღალი ტემპი შესთავაზა ქეცბაიას გუნდს, რაც იმავდროულად ნიშნავდა იმას, რომ გახსნილი თამაშით ცდილობდა მატჩის მოგებას. რა თქმა უნდა, საქართველო ამაში ვერ და არ აჰყვებოდა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს.

იყო პოზიტივებიც: საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამჯერ დაარტყა კარში, აქედან ორჯერ - შორიდან; ერთხელ კი ფეხმალი ნიკა გელაშვილი დაუსხლტა ესპანელებს, მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და იკერ კასილიასს შეაწყვიტა ბურთი; დამატებაზე კი სანდრო კობახიძემ ვერ იყოჩაღა.

ხესუს ნავასი და პედრო როდრიგესი ფლანგებიდან გვარიანად ურთულებდნენ საქმეს საქართველოს დაცვას, თუმცა პირველ წუთებში ესპანეთმა ასეთნაირადაც ვერ გატეხა ქეცბაიას დაცვა...

ჭადრაკში არის სტრატეგიები, დაცვის ნაირსახეობებით რომ მოიხსენიებენ. "ქეცბაიას დაცვა" - ესეც უკვე კარგად ჩამოყალიბებული, საკუთარი ხელწერით ბეჭედდასმული, დაპატენტებული სტრატეგიაა, რომლითაც, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია, არ წააგო თამაში დიდი ანგარიშით, ზოგჯერ კი ფრეს გამორჩე ძლიერ მეტოქესთან და ხანდახან მოიგო კიდეც...

15 ოქტომბერს ამ სტრატეგიამ ერთხელაც გაამართლა და ეს ირონია არ გეგონოთ. ასეთია ჩვენი ნაკრების სახე - ბურთის უმისამართოდ მოგერიება; გრძელი, უმისამართო გადაცემები და იშვიათი აფეთქებები, რომელსაც, შესაძლოა, გოლიც მოჰყვეს...

ანდრეს ინიესტა კი პატარა გენიოსია. ალბასეტეში თავისი საუკეთესო მატჩი არ უთამაშია, მაგრამ ესპანელების პირველი გოლი, ფაქტობრივად, მან შექმნა - პედროს უზადო გადაცემას ისეთი საგოლე პასი მიაყოლა, ალვარო ნეგრედოს ბურთის შეგდება აღარ გასჭირვებია.

ნეგრედო ძალიან მოწადინებული იყო, ლამის ნემსის ყუნწში ძვრებოდა გოლის გასატანად, მოხდენილი "მაკრატელაც" შეასრულა და ლორიამაც ჩინებული რეაქციით ჩაუშალა ჩუბინობა.

პირველი ტაიმი "მშრალად" მაინც ვერ ჩავამთავრეთ და არწაგების შანსი იოტზე მეტად დაპატარავდა. შესვენების შემდეგ ესპანელებმა ჩვენს საჯარიმოსთან რამდენჯერმე შტურმისმაგვარი მოაწყვეს, თუმცა გოლთაცვენას მაინც ვერ გამორჩნენ...

ესპანურმა შემოტევებმა ერთხელ მაინც მოარღვია ჩვენი დაცვა - გიორგი ხიდეშელის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს ხუან მატამ ლორიას კარში მოუძებნა ადგილი.

ესპანეთის კარისკენ სტანდარტული სიტუაცია ბევრი არ იყო, თორემ ჩანდა, ქეცბაია როგორ მოუწოდებდა ფეხბურთელებს მეტოქის საჯარიმოში ჩასვლისკენ...

საბოლოოდ, ალბასეტემ ადვილად მოგვინელა...

საქართველოს ნაკრებისგან დაღლილი და მოშლილი იქნები, თუ მასზე გული შეგტკივა. ჩვენმა გუნდმა ეს ციკლიც ცუდად ჩაამთავრა და ახლა უკვე ანალიზის დრო დგება - რა გვინდოდა, რა მივიღეთ, უნდა შევცვალოთ რამე თუ ისევ ქეცბაიას ვენდოთ?..

ჰაინრიხ ბიოლი ამბობდა - ხალხს არავინ უფუჭებს გუნებას ისე, როგორც საბრალო კლოუნიო.

15 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული ნაკრების ამოცანაც ეგ იყო - არ დამსგავსებოდა საბრალო კლოუნს და, ვფიქრობ, ეს მიზანი შეასრულა - დიდი ანგარიშით არ დააჯაბნინა თავი ესპანეთს.

სულ ეს არის ჩვენი ნაკრები და ამას შეგუებულები ვართ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

კომენტარები მატჩის შემდეგ:
თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ
ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იყო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერ გავიგე რას გვაყვედრი აზერებსა და სომხებს,ჩაიხედე ცხრილში და იყავი ობიექტური,იქნებ ისიც გეხსენებია რომ ისინიც და სხვათა შორის თურქებიც მე-4 ადგილზე გავიდნენ როგორც ჩვენ.
Tarasi
11:33 16-10-2013
0
ანალიზი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. შეცდომებზე სწავლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ოღონდ არა ისეთი ანალიზი როგორც ჰოლანდიასთან 0:6-ის შემდეგ. როცა წაგება დაბრალდა უიღბლობას. სირცხვილი ჩივაძეს, ფეხბურთის სპეციალისტებს და ჟურნალისტებს. იცოდეთ თუ შოტლანდიასთან და სლოვაკიასთან შევრცხვით, ეს თქვენი ბრალი იქნება.
ramo
12:18 16-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული