ერთი ინტერვიუს გამო: მენოტი ცოცხალია!

AutoSharing Option
ფეხბურთში რომანტიკოსი, პოლიტიკაში პაციფისტი - რატომ გახდა ასეთი კაცი საინტერესო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ რურუასთვის?

არ ვიცი, რამდენად არის ბატონი რურუა რომანტიკოსი ან პაციფისტი, სამაგიეროდ, ვიცი, როგორი მწვრთნელი იყო ლუის სესარ მენოტი და რა პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში, როცა არგენტინა ფოლკლენდის კუნძულების გამო შეებრძოლა დიდ ბრიტანეთს.

მენოტის გუნდმა სამყაროს აჩუქა დაუვიწყარი 30 წუთი მუნდიალის ფინალის დამატებით დროში, 1978 წელს, როცა არგენტინამ ჰოლანდიას ორი გოლი გაუტანა და 3:1 მოუგო.

მარიო კემპესი, დანიელ ბერტონი, ოსვალდო
არდილესი, ალბერტო ტარანატინი, დანიელ პასარელა
... დიდებული ორკესტრი იყო არაჩვეულებრივი დირიჟორით.

იმ გამარჯვებითა და 30 წუთით მენოტი ლეგენდა გახდა. იმაზეც კი კამათობდნენ, ჰოლანდიასთან ფინალის დროს მენოტიმ სამი კოლოფი სიგარეტი მოწია თუ ოთხი.

მენოტი რომანტიკოსი სპეციალისტი გახლდათ. 1978 წლის მერე ისეთი არაფერი გაუკეთებია მწვრთნელობაში, წარმატებით ხელახლა რომ შეეხსენებინა თავი სამყაროსთვის, მაგრამ ეს აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა - მენოტი უკვე ლეგენდა იყო.

"...მწვრთნელის შეცვლით უარეს შედეგს მივიღებთ, თემურს მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს. ლუის მენოტი ცოცხალი რომ იყოს, ამ ფეხბურთელებისგან უკეთეს გუნდს ვერც ის ააწყობდა",
- განაცხადა რურუამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად).

"ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მაშინ ნიკა გილაური გახლდათ. ერთად გადავწყვიტეთ - თუ თანახმა იქნებოდა, საქართველოს ნაკრები ქეცბაიასთვის ჩაგვებარებინა", - ესეც რურუას სიტყვებია იმავე ინტერვიუდან.

"არ მომწონს, ნაკრების მწვრთნელს ტურებივით რომ ესევიან", - ესეც კიდევ ერთი ამონარიდი ყოფილი მინისტრის ინტერვიუდან, ოღონდაც ის არ აკონკრეტებს, ტურები ჟურნალისტები არიან, გულშემატკივრები თუ ფეხბურთის სპეციალისტები.

ინტერვიუდან ის გამომდინარეობს, რომ თემურ ქეცბაიასთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად რეკომენდაცია საქართველოს ყოფილ პრემიერსა და რურუას მიუციათ. ჰქონდათ კი ამის უფლებამოსილება და კომპეტენცია?

ისიც საკითხავია, ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ის ხალხი თუ იღებდა, ვისაც რაიმე გამოცდილება დაუგროვებია ფეხბურთში საქმიანობით?

საინტერესოა, რა საფეხბურთო "სივი" აქვთ ყოფილ პრემიერსა და მინისტრს? როდესმე დაინტერესებულან, რატომ მოუწია ქეცბაიას ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" წამოსვლა?

ამ კითხვებზე პასუხი საინტერესო კი იქნებოდა, ოღონდაც ნაკლებად აქტუალური, რადგან დღეს უკვე სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე - მთავრობა შეიცვალა და ბევრი რამ არის შესაცვლელი ფეხბურთშიც, მათ შორის - საქართველოს ნაკრებშიც.

რაც შეეხება მენოტის, ეს ლეგენდარული კაცი ცოცხალია, 75 წლის გახლავთ და დაახლოებით ექვსი წელი იქნება, რაც მწვრთნელობას შეეშვა; ბატონ რურუას კი ის გარდაცვლილი ეგონა. შესაძლოა, მან არგენტინა საქართველოს შეადარა, ფოლკლენდის კუნძულები - სოხუმსა და ცხინვალს, დიდი ბრიტანეთი - კი რუსეთს, მაგრამ ასეც რომ იყოს, ცნობა მენოტის გარდაცვალებაზე მაინც არ დასტურდება.

მენოტის სააქაო თუ საიქიო ყოფნა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა იყოს სპორტის ყოფილი მინისტრისთვის, მაგრამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნაზე, ნაკრების ცუდ შედეგსა და ნაკრების გარშემო შექმნილ ცუდ სიტუაციაზე პასუხი ძვირად ღირებული მწვრთნელის დამნიშნავმაც რომ უნდა აგოს, ვგონებ, საკამათო არც ეს უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩივაძე არ ვიცი, მაგრამ არც ძოძუაშვილი, არც გეგეშიძე, არც დევდარიანი არავინ მაგათი მოსაწონი არ არის? მაინცდამაინც 100000 უნდა მისცენ რომ მწვრთნელი იყოს, ზემოთ ჩამოთვლილები გაცილებით ნაკლები ხელფასით მეტ შედეგს მიაღწევდნენ. მაგრამ არ ფეხბურთელები უნდა დაგვავიწყდეს, უდისციპლინო, თავკერზა ფეხბურთელები, ისეთები ნაკრებში ფეხებს რომ უფრთხილდებიან, არც ისეთები საკუთარ კარში რომ გააქვთ ბურთები და მივიღებთ საქართველოს ნაკრებს ისეთს როგორიც არის.
------------------
17:41 29-11-2013
0
რურუას მსგავსი ბანდიტი რომ ნიშნავს მწვრთნელს წინასწარ ცნობილი უნდა იყოს შედეგიც...მოაშორეთ ქეცბაია ნაკრებს...რურუას ადგილი კი ციხეშია.
murtalo
15:07 29-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული