...და რანი ვართ ჩვენს ფეხბურთში ავად თუ კარგად მოსაქმე ხალხი? სპექტრი ფართოა, თუმცა მეტწილად, სასაზე თუ კალამზე სენსორ-ცენზორები (არ ვპლაგიატობ, სხვისი რითმაა) გვიყენია. ამის კიდევ ერთი დასტურია ის გაურკვევლობა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემოა შექმნილი.
არ გვაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე
ქეცბაიას კონტრაქტი აქვს ფედერაციასთან. მის ხელფასს სახელმწიფო იხდის. ისე გამოვიდა, რომ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად წინა ხელისუფლებამ დაიქირავა - ამ ლაბირინთზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, ოღონდაც ეს არ კმარა, გამოსავალია მოსაძებნი.
მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უხდის ჯამაგირს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. შეიძლება, სხვაგანაც ხდება ასე, მაგრამ ეს მარტივი და მახინჯი სქემაა, საქმის ასეთნაირად გაიოლებას კარგი რომ არაფერი მოაქვს, ეს ამ ლაბირინთიდანაც ჩანს.
ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ფეხბურთის ფედერაციას შანსი ეძლევა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი, ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ფული სჭირდება.
არ არის იმის საშუალება, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ან კონტრაქტის კომპენსაცია გადავიხადოთ - ფეხბურთის ფედერაციისგან ასეთი რამ არ მოგვისმენია. არადა, ეს გამოწვევაა - როდემდე უნდა იყოს ფედერაცია სახელმწიფოს შემყურე?
წლები გადის, ბავშვობა მთავრდება, დამოუკიდებელი ცხოვრებაა საჭირო. შესაძლოა, გულუბრყვილობის ბრალი იყო, თუმცა გულწრფელად მჯეროდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია მალე მოახერხებდა იმდენი ფულის შოვნას, რომ ეროვნულ ნაკრებზე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო.
კარგია, სახელმწიფო რომ ეხმარება ფეხბურთის ფედერაციას, ოღონდაც ამან დათვური სამსახურის სახე თუ მიიღო, სახელმწიფოს დოტაციაც ფუჭად დარჩება.
ამ ეტაპზე ფედერაცია, ალბათ, იმის დამტკიცებას ელის, თუ რა ფინანსური დახმარება ექნება სახელმწიფოსგან მომავალი წლისთვის. ამის შემდეგ კი დაიწყებს მოქმედებას - დაჯდება ქეცბაიასთან მოსალაპარაკებლად და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
მანამდე კი ყველას სძინავს, როგორც ბავშვებს - ჯადოსნური ტყის შუაგულში მდგარ მუხის ფუღუროში...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"