სწორედ თურქეთში ყოფნისას შედგა კიდეც ეს ინტერვიუ, რომელიც თემურ ქეცბაიამ აზერბაიჯანულ გაზეთ "კასპიას" მისცა.
ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების დაინტერესება კი იმით არის გამოწვეული, რომ იქაურ პრემიერლიგაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრების კანდიდატებიც არიან...
- ანტალიაში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწარით, მათ შორის, აზერბაიჯანული კლუბების მონაწილეობითაც. საქართველოს ნაკრებისათვის ახალი კანდიდატები ხომ არ შეგირჩევიათ?
- მიმაჩნია, რომ თურქეთში ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა. ორი-სამი ფეხბურთელი მოვინიშნე; სპეციალურად ამისთვის
- წინა შესარჩევ ციკლში აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ორ ფეხბურთელს იწვევდით ხოლმე - "ყარაბაღის" ფორვარდს ნიკოლოზ გელაშვილს და "ინტერის" თავდამსხმელს ბაჩანა ცხადაძეს. ეს რიცხვი წლეულს გაიზრდება?
- საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი 5 მარტს აქვს და ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ ვის გამოვიძახებთ ამ შეხვედრისათვის. ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას აქვს და თურქეთში ჩემი ახლანდელი ვიზიტიც იმას ემსახურება, რომ ყველა იმ ფეხბურთელის დონე შევამოწმო, რომლებთაც ნაკრებში ადრე არ უთამაშიათ.
- არასდროს გქონიათ სურვილი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს ერთმანეთში ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინათ?
- ყოველთვის რაღაც ხელისშემშლელი მიზეზებია; ერთხელ უკვე შევთავაზე ბერტი ფოგთსს ამხანაგური მატჩის ჩატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბაქოში გვიწვევდა, აი, ჩვენს ფედერაციას კი სხვა გეგმები ჰქონდა - ლამის ბრაზილიაში აპირებდნენ ამხანაგური შეხვედრის გამართვას.
ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში მინც მოხერხდება ამხანაგური მატჩის ჩატარება და ისიც მჯერა, რომ ეს შეხვედრა საინტერესო იქნება.
- საქართველოს ნაკრებში გელაშვილს უფრო ენდობოდით, ვიდრე - ცხადაძეს...
- ნაკრებში 25-მდე ფეხბურთელს ვიძახებთ ხოლმე და, სამწუხაროდ, მე არ შემიძლია, ყველას შანსი მივცე. ითამაშებენ ისინი, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთ არიან მზად და ნდობასაც ამართლებენ. დამიჯერეთ, საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ძალიან ბევრი კანდიდატი გვყავს. დღესდღეობით ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა თუ საქართველოს ჩემპიონატში და კიდევ ვიმეორებ, შანსი ყველას მიეცემა.
- და მაინც: ცხადაძისგან განსხვავებით, გელაშვილს უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონდა...
- პირველი წელიწადი არ არის, რაც გელაშვილი ნაკრებში თამაშობს; როცა "ზესტაფონის" მოთამაშე იყო, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნაკრებშიც ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა საკუთარ შესაძლებლობებს და რახან კარგად ვიცი, თუ რა შეუძლია, სტაბილურადაც ვათამაშებდი ძირითადში.
რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, ის იმ დროს გამოვიძახეთ, როცა ჩვენს ნაკრებს ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ექსპერიმენტებს მოვერიდეთ. აი, ახანაგურ შეხვედრებში კი შანსს იმათ მივცემ, ვისაც ადრე ნაკლებად უწევდათ თამაში. ჰოდა, დაამტკიცონ, თუ რა შეუძლიათ...
- აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებაზე როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან?
- ჩემი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს უცხოეთში, არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ ევროპაშიც. რა თქმა უნდა, მსურს, რომ ნაკრებში კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ; თუმცა, კონკრეტულად არავის გამოვყოფ: ვისაც ვიწვევ ნაკრებში, ესე იგი, იმის მომზადება მაკმაყოფილებს.
- ხომ არ აპირებთ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას და ქართველი ფეხბურთელების "საქმეში" ნახვას?
- ასეთი იდეა მაქვს და შევეცდები, აუცილებლად ჩამოვიდე. სხვათა შორის, საქართველოსგან განსხვავებით, თქვენთან საინტერესო ტენდენციაა: სანაკრებო მატჩების წინ აზერბაიჯანის ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი შესვენება ცხადდება ხოლმე; აი, საქართველოში კი მკაცრად, ფიფას წესებით ხდება ყველაფერი: ოფიციალურ მატჩებამდე 2-3 დღე რომ რჩება, ფეხბურთელები ნაკრებში მაშინ ჩამოდიან...
- აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობაა?
- სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი კარგ დროებას ვერ განიცდის; ის დონეც არ არის, ადრე რომ იყო; ხოლო, თუ შევადარებთ, ვიტყვით, რომ თქვენთან უფრო სერიოზული და ხარისხიანი ჩემპიონატია. თანაც, აზერბაიჯანის კლუბები წარმატებით ასპარეზობენ ევროტურნირებზე, აქ დაიწყეს გადმოსვლა საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულმა ფეხბურთელებმაც.
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ფეხბურთელი აზერბაიჯანში თამაშობს თუ ევროპაში - მთავარია, ფორმაში იყოს და ვარჯიშებსა თუ ოფიციალურ მატჩებში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.
- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ წამყვან ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა ევროპაში თამაშობდა: ქეცბაია, კახა ცხადაძე, არველაძე, კობიაშვილი, ქინქლაძე, იაშვილი, კახა კალაძე... ახლა კი ასეთი ლეგიონერები ძალიან ცოტანი არიან...
- ბევრი მიზეზია და რომ ჩავუღრმავდეთ, შორს წაგვიყვანს. რეალობა კი ის არის, რომ დღესდღეობით აღარ გვყავს ფეხბურთელების ისეთი თაობა, 10-15 წლის წინათ რომ იყო; მაშინ ქართველი ფეხბურთელები გერმანიის, ინგლისის, იტალიისა თუ ესპანეთის ცნობილ და ამბიციურ გუნდებში გამოდიოდნენ...
...გამოსავალი კი ის მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი უნდა გავაგზავნოთ ევროპაში. თანაც, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა, საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანის ნაკრებისთვისაც აქტუალურია. რაც მეტი ლეგიონერი ითამაშებს უცხოურ კლუბებში, ნაკრები მით უფრო ძლიერი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"