როცა ბიჭად რჩები.... რა უშლის ჯანო ანანიძეს მაღალ დონეზე თამაშში ხელს?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ქართული ფეხბურთის ცის კაბადონზე რომ გამოჩნდა, მართლა ვიფიქრე, რომ სამუდამოდ თუ არა, კარგა ხანს მაინც გვეშველა-თქო. ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფეხბურთის ფედერაცია ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა ერთი კარგი საქმე გაკეთდა - ჯანო ცხვირწინ ავაცალეთ რუსებს.

რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არავინ არასოდეს ისაუბრებს, გაგონებით კი ქართულ საფეხბურთო კულუარებში რას არ გაიგონებ. ჰოდა, ჭორად მეც მსმენია, რომ რუსეთის ნაკრების შეფობას ქართველი ტალანტის გადაბირება უნდოდა და ამ ამბავში მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობა ჰყავდა მოკავშირედ, რომ ანანიძეს მოსკოვის ცენტრში ბინასა და გვარიან ტუგრიკებს
შეჰპირდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ისტორიული სამშობლოსთვის ეგანა ახლის სასარგებლოდ.

იქნებ, ეს სულ მოგონილი ამბები იყოს. ეს უკეთ ანანიძეს ეცოდინება. მე კი ის მახსოვს, ერთ დღეს, სისხამ დილით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისულებს რომ გვამცნეს - ანანიძემ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტაო.

მაშინ ამ პატარა ბიჭმა რუსეთს კარგა გვარიანი ალიყური გააწნა - ომი ახალი დასრულებული იყო, ჩრდილოელ აგრესორს კი მორიგი საკბილო სჭირდებოდა პატარა ქართველი მამლუქის სახით, რომ ეს ამბავი იქაურ პროპაგანდას სათავისოდ გაეფუებინა და გამოეყენებინა.

იმ რთულ დროში, როცა სახელმწიფო ერთპიროვნულად მართავდა ფეხბურთს, ფედერაციას კი ბიუჯეტი ლამის მხოლოდ ფურცელზე ჰქონდა (რა თქმა უნდა, ეს მმართველი რგოლის სისუსტეს მიუთითებს და გამართლება არ აქვს), ნაკლის მოძებნას დიდი გამჭრიახობა რად უნდოდა, თუმცა არც ისეა საქმე, რომ ყველაფერს ერთი სახელი დავარქვათ. სწორედ იმ ფედერაციის ძალისხმევამ და ფეხბურთელისა თუ მამამისის, აწგანსვენებული ამირან ანანიძის მტკიცე ნებამ იხსნა ჯანო რუსთა კლანჭებისგან.

მაშინ ანანიძეს ევროპის ერთ-ერთი ტალანტის სახელი ჰქონდა. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები, თუმცა რუსეთისკენ გზა ხსნილი იყო - ასაკობრივ ნაკრებში თამაში მოქალაქეობის შეცვლის მსურველ ფეხბურთელს არ აფერხებს.

ვიცოდით ეს და მონაპოვარმა ძალიან გაგვახარა. 2009 წლის 5 სექტემბერს კი ანანიძის დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრებში იტალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. იქამდე ქვეყნის პირველ გუნდში ასე ახალგაზრდას არასოდეს ეთამაშა.

ასაკის გათვალისწინებით, ჯანო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ვეთამაშებოდით ირლანდიას. ტაიმი რომ მორჩა, ანგარიშმიუცემლად ავდექი და იმ მხარეს გადავინაცვლე, სადაც ქართველებსა და ჯანოს უნდა შეეტიათ. ასეთ რამეს ვერ დაგეგმავ. ცხოვრებაში რაღაც სპონტანურადაც უნდა გააკეთო.

მსმენია, ასეთ რამეებს გულშემატკივარს დიდი მიხეილ მესხი აკეთებინებდა, მერე პატარა მიშაც. ეს ზუსტად ვიცი. ბევრისგან მსმენია, დუბლებზე დავდიოდით და პატარა მიშას "კრაებზე" დავყვებოდითო.

ანანიძე იმ და სხვა მატჩებში ათი თავით სჯაბნიდა მასზე რამდენიმე წლით უფროს ფეხბურთელებს, უკვე კაცები რომ ეთქმოდათ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ასე მგონია: ის მაშინ უფრო კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ვიდრე ახლა.

საერთოდ, პატარა ასაკში ქართველები ხშირად აღემატებიან მეტოქეებს, თუმცა პირადად მე ამ მხრივ ორი გამორჩეული ინდივიდი მინახავს. პირველი ჯანო ანანიძეა, მეორე კი - სანდრო იაშვილი.

სანდროს კარიერას, მის ავან-ჩავანს აღარ გავიხსენებ. ერთი კია - ის ისე იყო თავისი ასაკის ყოჩაღ ბიჭებს შორის, როგორც გოლიათი ჯუჯებში. საბოლოოდ, ამან მას დათვური სამსახური გაუწია. იაშვილი არ ყოფილა არც "ძველი ბიჭი", არც უხამსი და არც თავხედი. ის თავისებურად რთული იყო. ასეთებს მწვრთნელები სჭირდებათ. იაშვილს ვერავინ გაუგო და ვერ მოეფერა გიორგი დევდარიანის გარდა. არადა, ერთი ალალი ბიჭი იყო. ალალი და თან რთული - ამხელა ნიჭით მარტივი ვერ იქნები. ბუნება ასე არ განკარგავს.

სანდროს მატარებელმა ჩაიარა. ჯანოსი ვიკითხოთ. ყველაზე აქტუალური კითხვა - რატომ ვერ თამაშობს ის ფეხბურთს მაღალ დონეზე?

როცა ადამიანს არ იცნობ, მასზე წერა რთულია. სანდროს ვიცნობდი. ძალიან ახლოსაც. ჯანოს არ ვიცნობ. მაინც ვცადოთ მიზეზის პოვნა.
მთავარი - ის დიდხანს შერჩა "სპარტაკს" და რუსეთის ჩემპიონატს. რუსეთში ვერ გაიბრწყინებ, თუ ჯანი არ მოგდევს. ჯანოს ჯანი აკლია. მხოლოდ ვარჯიშით ჯანს ვერ მოიყვან. უნდა "დაკაცდე". ჯანო ფიზიონომიით ჯერ ისევ ბავშვია. ეს მისი ბრალი არ არის. ყველა ადამიანი თავისებურია. რამდენიმე კარგი მატჩი "სპარტაკში" და შესანიშნავი იჯარა "როსტოვში" - ეს მისი ნიჭის ფეხბურთელისთვის არაფერია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ცოტაა.

მიზეზი მეორე - როგორც ჩანს, ის ვერც ხასიათით "დაკაცდა". სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჯანო "სპარტაკს" შორეულ აღმოსავლეთში სათასო მატჩის სათამაშოდ არ გაჰყვა. იქნებ, ანანიძეს "სპარტაკის" დატოვება სურდეს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ამ ნაბიჯის გადადგმა მართებულად არ გვეჩვენება - ის დროებით "სპარტაკის" დუბლებში გადაისროლეს, სადაც გოლებიც გაჰქონდა, თუმცა...

მესამე: არ ვიცით, რა და როგორაა ზუსტად ამ "ფრონტზე", თუმცა გვგონია, რომ ჯანოს მენეჯერები, ან ისინი, ვინც ფეხბურთელის კარიერის აწყობაზე ზრუნავენ, გვარიანადაც სცოდავენ. სხვა შემთხვევაში ქართველი უკვე დაიხსნიდა თავს "სპარტაკის" კლანჭებიდან და თუნდაც "ვიტესში" გადავიდოდა, სადაც მას მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას მოუთმენლად ელოდნენ.

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ხასიათი და აღნაგობაა ამ ქვეყანაზე. ხდება ხოლმე, ხასიათითაც და აღნაგობითაც რომ ბოლომდე ბიჭად რჩები. იქნებ ზოგადცხოვრებისეულ ამბავში ამაში ცუდი არც არაფერი იყოს, აი, ჯანოს საფეხბურთო პროგრესს კი ეს არ უხდება.

მის ასაკში დაკარგული არაფერია. მთავარია, მალე დაკაცდეს!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთისგან შორსაა ეს შეფასება....ჯანოს ტექნიკა აკლია!ბურთის ტარების,მატაობის ტექნიკა!ჯანო არასდროს არ იქნება კუნთებასხმული მასა,მისი კონფიგურაციის ფეხბურთელი ძლიერი უნდა იყოს მატაობაში(სილვა,ინესტა,ხავი,მატა,აზარი...),სისწრაფეში,რაც სამწუხაროდ არ აქვს,ჰქონდა და აღარ აქვს...და არც ზიდანის პასები აქვს...ავანსები კი ....
akhali
11:28 17-11-2014
0
ჯანოს თურმე დაკაცება ჭირდება.. შოფრები ხართ რა.

ჯანო მიუტევე ამ შოფრებს ამათ, არცოდნა არცოდვაა.
Zv99
01:28 17-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული