რა თქმა უნდა, კახა ცხადაძემ და მისმა ასისტენტებმა თავიანთი საქმე იციან, ჩვენ კი ამ პრობლემებზე წერით ვეცდებით, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას საქმე ოდნავ მაინც გავუადვილოთ.
დღეს უნდა ვიმსჯელოთ პრობლემაზე, რომელიც ერთობ თვალსაჩინოა, ხელისგულზე დევს. ცხადაძის დომინანტ სათამაშო სქემაში უდიდესი როლი ენიჭებათ ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეუძლიათ.
მას შემდეგ, რაც გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს პასპორტი დაიბრუნა,
დღეს საქართველოში პოპულარულია აზრი, რომლის მიხედვითაც, მარჯვენა მცველი საერთოდ არ გვყავს. ვფიქრობთ, ასე კატასტროფულადაც არ არის საქმე - ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, მარჯვენა ფრთის სრულად გაკონტროლებას რომ შეძლებს.
ცხადია, კანდიდატებს სამწვრთნელო შტაბი განიხილავს და დარწმუნებულნი ვართ, უკვე ზაფხულის შეკრებაზე უჩა ლობჟანიძეს კონკურენტი ეყოლება, რაც ამ ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება.
მანამდე კი, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს ჩვენი ნააზრევი იმის თაობაზე, თუ ვინ გვესახება ამ პოზიციაზე სამომავლოდ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ერთი ცხადია - ნაკრების მომავალი წევრი ძალიან კარგად უნდა უტევდეს და არც დაცვაში დაბრუნება აგვიანდებოდეს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები.
მაშ, მოდით, გადავხედოთ კანდიდატებს:
კახა ალადაშვილი (31 წლის, სკა ენერგია, რუსეთი)
ამ ეტაპზე, ალადაშვილი უპირველეს კანდიდატად გვესახება. რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სკა ენერგიაში". საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე მხოლოდ 7 მატჩია. ეროვნულ გუნდში კარგა ხანია, აღარ უთამაშია.
ოთარ კაკაბაძე (19 წლის, დინამო თბ)
კაკაბაძეს უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. არის თბილისის "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის წევრი და იმ თაობის წარმომადგენელი, რომლისაც ყველას ძალიან გვეიმედება.
ვაჟა ტაბატაძე (24 წლის, დინამო თბ)
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო დროს არ უმართლებს - პერმანენტულმა ტრავმებმა გააწამა. ისევე, როგორც ალადაშვილი და კაკაბაძე, თავს შესანიშნავად გრძნობს შეტევითი ოპერაციებისას.
არჩილ ტვილდიანი (22 წლის, შუქურა)
საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. ასაკის კვალობაზე, დიდად გამოცდილია და რამდენიმე გუნდის შეცვლაც მოასწრო.
დავით მთივლიშვილი (20 წლის, ზესტაფონი)
ძალიან შემტევი მარჯვენა მცველი. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ხანდახან შეტევაში ჩართულს უკან ზონის შევსება ავიწყდება. პოტენციალი აშკარად აქვს.
თემურ ღონღაძე (29 წლის, ჩიხურა)
ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და "ჩიხურას" საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე საყრდენადაც მოგვევლინა, მაგრამ ის მაინც კლასიკური მარჯვენა მცველია. აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება.
ლუკა თათხაშვილი (22 წლის, ვიტ ჯორჯია)
ვისაც ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიის" თამაში უნახავს, თათხაშვილის გარჯას აშკარად გამოარჩევდა. ძალიან შრომისმოყვარე, თანამედროვე ტიპის მარჯვენა მცველი, ვინც შესანიშნავად ასრულებს საჯარიმოებს.
* * *
რა თქმა უნდა, ჩვენი წერილით ოდნავადაც არ ვაპირებთ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ფუნქციებში ჩარევას. პირიქით, სწორედ ჩვენ შორის თანამშრომლობა გვესახება ქართული ფეხბურთის მომავალი პროგრესის ერთ-ერთ წინაპირობად და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიცა და მისი შტაბის წევრებიც ასე ფიქრობენ.ჩვენ მხოლოდ ნაკრების ის პოტენციური კანდიდატები ჩამოვთვალეთ, რომლებიც ხელისგულზე არიან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელიც გამოჩნდეს, საერთოდ რომ ვერ წარმოგვიდგენია.
შესაძლებელია, ამ პრობლემატურ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეც კი მოისინჯოს, რომელიც სულაც არაა ამპლუით მარჯვენაფლანგელი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"