[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...

AutoSharing Option
ბოლო სკანდალი ქართულ ფეხბურთში და ეროვნული ნაკრების ერთი წევრის გასაჭირი - ეს არის ჩვენი რუბრიკის ორი მთავარი თემა.

დავიწყოთ სკანდალურით და გადავიდეთ საქართველოს ნაკრებზე, კონკრეტულად - მის ერთ ფეხბურთელზე.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთში დღეს წვრილმანი თემა არ არსებობს, მაგრამ არა გვგონია, "სუფთა ქართულ ფეხბურთზე" მნიშვნელოვანი კიდევ რამე იყოს...

სად არის ვარდი?
ჯეიმი ვარდი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. ვარდი ნაღდი გმირია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონისა და რეკორდს რეკორდზე ხსნის.

ცოტა ხნის წინათ, საშუალება მომეცა და მის ბიოგრაფიას გავეცანი. ეს ნამდვილი ზღაპარია, ინგლისური
ზღაპარი, რომელიც საქართველოში კარგა ხნის განმავლობაში არ მოხდება...

არცთუ დიდი ხნის წინათ, ვარდი ინგლისის სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა. მისი ჯამაგირი მიზერული იყო, ხელით რეცხავდა თავის ჭუჭყიან მაისურას და თამაშის შემდეგ ხშირად შხაპის გარეშე ბრუნდებოდა შინ.

ვარდიმ ინგლისის სამოყვარულო ლიგებიდან ამოყვინთა. დაბალი ლიგების დანიშნულებაც სწორედ ესაა, რომ შედარებით მაღალი ეშელონებისთვის მოამზადოს კადრები. საქართველოში ვარდი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ იქნება...

საქართველოში დაბალ ლიგებს ერთადერთი დანიშნულება აქვთ - შეეჯიბრონ ერთმანეთს საეჭვო თამაშების რაოდენობაში. საქართველოს დაბალ ლიგებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ისინი ვერ პროგრესირებენ. ან როგორ უნდა განიცადო პროგრესი, როცა შენ ირგვლივ სულ სიბინძურეა?!

ჯერ კიდევ იტალიაში მომხდარმა "კალჩოპოლიმ" გვიჩვენა, რომ თუ გვინდა, ამ სენს შეძლებისდაგვარად მოვერიოთ, ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოვუცხადოთ ამ სენის წყაროს, იმ ხალხს, ვინც ამ სიბინძურეს სჩადის. სადაც "იუვენტუსი" არავინ დაინდო, იქ არც სხვას უნდა მოვეფეროთ, რა დონის ავტორიტეტიც უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში.

ეს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მხრივ, ლევან კობიაშვილის შემართება მისასალმებელია - ის თავად ჩავიდა ხობში და გარიგების საფრთხე თამაშის გადადებით აღკვეთა, თუმცა, გლობალურად, ეს გამოსავალი არ არის. ეს ისეთი ავადმყოფობაა, ჩვენ კი არა, ბოლომდე ვერც წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები ერევიან, მაგრამ თუ მასშტაბები არ შევამცირეთ, ჩვენი ფეხბურთის საქმე წასულია.

როგორ უნდა მოხდეს ეს? ალბათ, გამოსავალი ერთია - ფეხბურთის ფედერაციისა და სამართალდამცველების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა. ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს შეცვლის.

ჩვენ კი ვწერთ საეჭვო თამაშებზე, მაგრამ ფაქტები ხელში არ გვიჭირავს. მერე მოვა ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ მსაჯი და შენ სათქმელი არაფერი გაქვს - მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები.

არადა, ეს ისეთი საქმეა, რომ ნებისმიერი დამნაშავე მამა აბრამის ბატკნად წარმოჩინდება, თუ ფაქტები არ დაულაგე წინ, თუ ფაქტებით არ ელაპარაკე. ისე ვერაფერს დაადასტურებ.

როგორც ვიცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იქმნება ჯგუფი, რომელიც ყველა თამაშს დააკვირდება და ეს კარგია. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ თუ შიშის პრეცედენტი არ დამკვიდრდა, ისე არაფერი გამოვა.

ჩვენში ასეთი სკანდალები ადრეც იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკადრისად არავინ დასჯილა. თუ ვინმე დაისაჯა, მხოლოდ და მხოლოდ "ლიფსიტები", "ღლავები" კი თავს კვლავაც შესანიშნავად გრძნობენ მღვრიე წყალში, ისევ დიდი მონდომებით იჭერენ თევზებს.

არადა, სწორედ ეს "ღლავები" უნდა გამოაშკარავდნენ. მათი განეიტრალებით უნდა დაიწყოს საფუძვლის ჩაყრა ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

იმედი კი არის. კობიაშვილმა შიგნიდან იცის ფეხბურთი. დავით მუჯირმაც შიგნიდან იცის ფეხბურთი. მუჯირმა საქართველოს ჩემპიონატში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მერე მწვრთნელად იმუშავა...

ჩანს, რომ ეს ხალხი დიდ ბრძოლას იწყებს და ამ დიდ ბრძოლაში მათ გვერდით ყველა ჯანსაღი ძალა უნდა დადგეს. თუ ამ გასვრილ ხალხს მოვიშორებთ, ქართველი ვარდებიც გვეყოლება, რადგან ნიჭი მხოლოდ იქ განვითარდება, სადაც სისუფთავეა.

მოჩვენებითი ბრძოლა კი აღარ გამოგვადგება ისევე, როგორც აღარაფერი სხვა მოჩვენებითი, რადგან დრო საკმარისზე მეტია დაკარგული და ვითომ საქმის კეთება ქართულ ფეხბურთს საბოლოოდ დაღუპავს.

როცა ჩვენს ყველა ლიგაში სუფთად ითამაშებენ და როცა ჩვენი გუნდების ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოსწორდება, ხალხი სტადიონზე მივა, თუნდაც - დაბალ ლიგებში. ხალხს ვერ მოატყუებ. ის ყველაზე კარგად არჩევს ყალბსა და ნამდვილს, სუფთასა და გასვრილს...

მერე ქართველი ვარდიც ნამდვილად გამოჩნდება, რადგან თუ საქმეს სწორად გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ არავისზე უარესები არ ვართ...

ოქრიაშვილის გადასარჩენად...
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო. თორნიკე ოქრიაშვილი "გენკის" დატოვების პირასაა. ოქრიაშვილი ვერ ავლენს თავისი პოტენციალის ნახევარსაც კი და ეს ძალიან ცუდია.

დრო კი გადის და თორნიკეს დასერიოზულებას, მის ნაღდ პროფესიონალად ქცევას საშველი არა და არ დაადგა. ოქრიაშვილი მაგრად ინდომებს ნაკრებში და როცა თამაშობს, მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესოა. რატომღაც მგონია - ასეთივე ჟინით რომ თამაშობდეს "გენკში", ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იქნებოდა ბელგიურ კლუბში.

მაგრამ არ არის ასე და ამაში ბელგიური კლუბის მთავარ მწვრთნელს ვერ დავადანაშაულებთ. თავისი ამბავი უკეთ თავად ოქრიაშვილს ეცოდინება, გარედან კი ისე ჩანს, რომ უახლოესი თვეები მის კარიერაში გადამწყვეტი იქნება. ის ან ითამაშებს მაღალი დონის ფეხბურთს, ან არ შედგება, როგორც ფეხბურთელი.

არადა, თორნიკე დიდი ნიჭისა და გაქანების ფეხბურთელია. ასეთები ვერ ეგუებიან საშუალოობას და ვერც ის შეეგუება. გამოსავალი ერთია - ოქრიაშვილმა ისე უნდა მოინდომოს, როგორც არასოდეს.

სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზა მოჭრილია. ოქრიაშვილს შეუძლია, ქართველი ხალხი გაახაროს და მან ეს უნდა გააკეთოს. როცა ერის გახარება შეგიძლია, პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადადო, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო.

ამიტომ ამ რთულ დროს მას ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ მისი გადარჩენა, მაგრამ არც ჩვენი და არც სხვისი წადილიდან არაფერი გამოვა, თუ, პირველ რიგში, ეს თვითონ არ მოინდომა.

ოქრიაშვილს უნდა ახსოვდეს ერთი: მხოლოდ დიდი ნიჭი არაფერია, თუ მას დიდი შრომისმოყვარეობაც არ ახლავს თან და ხშირად საშუალონი უფრო დიდ წარმატებას აღწევენ სპორტში და ზოგადად, ცხოვრებაში, ვიდრე ნიჭიერები, შრომის სიყვარული რომ არ დაამადლა არსთა გამრიგემ.

ქართულ ფეხბურთში კი ოქრიაშვილზე ნიჭიერებიც გვახსოვს, სანახევროდაც რომ ვერ გამოუვლენიათ თავი...

ფეხბურთელის ხასიათი ძალიან რთული რამაა. არიან ფეხბურთელები, რომელთაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. სწორედ ასეთია ოქრიაშვილი. ასეთია, მაგრამ დღეს ევროპულ კლუბში შენთვის თავს არავინ მოიკლავს, ზედ არავინ გადაგყვება...

დღეს ევროპულ ფეხბურთში ჯუნგლის კანონი მოქმედებს - ფეხზე მყარად დგახარ, სტაბილური ხარ და ყოველთვის სტაბილურად თამაშობ? მაშინ იმარჯვე! არადა, დიდი ფეხბურთი გვერდს გივლის და შენ რჩები თამაშგარეში.

ჩვენთვის სამწუხაროდ თუ სხვისთვის საბედნიეროდ, დღეს ფეხბურთში ასეთი წესებია და ჩვენთვის, ქართველებისთვის, ახალ და განსაკუთრებულ წესებს არავინ შექმნის.

არავინ შექმნის, რადგან თეორია ჩვენი განსაკუთრებულობის შესახებ იქნებ მხოლოდ ჩვენი მოგონილიც არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ამ თეორიისა მარტო ქართველებს გვჯერა. და ეს დათვურ სამსახურს გვიწევს.

ბოლოს და ბოლოს, უნდა დავიწყოთ თამაში იმ წესებით, რომლითაც მთელი მსოფლიო თამაშობს, თუ გვინდა, რომ ქართული ფეხბურთი ისევ დაეტყოს მსოფლიოს საფეხბურთო რუკას. სხვანაირად არაფერი გამოვა.

ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად გვეყოლებიან ნიჭიერი, მაგრამ ძალიან თავისებური ბიჭები. ნიჭიერებისა და ამავე დროს, მშრომელების რიცხვი კი უსათუოდ მოიმატებს.

და ვინ იტყვის, რომ შრომის ნიჭი ყველაზე დიდი ნიჭი არ არის დედამიწაზე?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Eს ღვარძლი საიდან მოდის,ვინმეს დაუშავა რამე?თუნდაც რო მეტი ვერაფერი გააკეთოს მარტო ირლანდიასთან გატანილი გოლისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ქართველებმა.ჯანაშია ცუდი ფეხბურთელი არ ყოფილა მაგრამ არ მგონია ოქრიზე უკეთ თამაშობდა.გამართლებაზეცაა და იქნებ ამის მერე უფრო გაუმართლოს.
zviad
03 დეკემბერი 2015 16:08
0
ოქრი შენ კარგად იყავი შენისთანები დაგვიკარგავს ზაზა ჯანაშიას ბაიერნის ბოსები რუმენიგედან დაწყებული ორი დღე ელოდა პასუხს მარა ჯანომ მოსკოვში გულავი არჩია ისე შენზე 10 თავით მაღლა კი იდგა ასე რომ
guli
03 დეკემბერი 2015 13:01
0
მორფინისტები და კრაკადილკოკაინისტები დიდ ფეხბურტს ვერ იტამასჰებენ
miqela
03 დეკემბერი 2015 02:22
0
კარგი სტატიაა. ვეტერანი გულშემატკივარი
kroll
02 დეკემბერი 2015 21:21
0
არსებობს კიდე ერთი დიდი სენი რომელიც დიდი ხანია ღუპავს ქართულ ფეხბურთს და არა მარტო ფეხბურთს.ამაზე სერიოზული სამუშაო და პრევენცია თუ არ ჩატარდა არაფერი გამოვა.ესაა ნაცნობობა-ძმაკაცობა ქართულ ფეხბურთში,მოუშორებელი შავი ჭირი,ბევრი ოქრიაშვილზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ბიჭი დაკარგა ქართულმა ფეხბურთმ ამ უსამართლობით, მათ უბრალოდ გული აიცრუეს და თამაშს თავი დაანებეს....ამაზეც დაწერეთ რამე და ვიმსჯელოთ ყველამ თუ როგორ მოვსპოთ ეს ფეხბურთის შავი ჭირი...მ
gg
02 დეკემბერი 2015 20:49
0
რა საშინელებაა,როცა მორალზე ასეთი ადამიანები გესაუბრება და თან ჭკუას გარიგებს.
რიგითი
02 დეკემბერი 2015 20:36
0
ოკრიბელი!
განა ერთი და ორი? საოცარი მონაცემების რამდენი ბიჭი მინახავს, ათ-თხუთმეტ წუთს პელეს ჩაისვამდნენ ჯიბეში, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა ეზარებოდათ და იკარგებოდნენ. ადამიანს თუ თუნდაც ასი კაცი ტაშს უკრავს და ის ამას არ თუ ვერ აფასებს, ცხოველია. ცხოველის ადგილი კი ტყეში ან გომურშია.
Zurab
02 დეკემბერი 2015 19:31
0
სამწუხაროთ ქართულ ფეხბურთში ოქრიაშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვინც "სპორტულ სუიციდს" მიმართავს ხარაკირის მეშვეობით. მერწმუნეთ ასეთების სია ძალზედ დიდი იქნება და მათში ისეთებიც მოხვდება ვინც საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებსაც დაამშვენებდა. მე მსმენია ასეთ ფეხბურთელზე, კახი ასათიანის მეგობარ მერაბ გიგინეიშვილზე.
ოკრიბელი
02 დეკემბერი 2015 18:59
0
გინდათ შველა პატარაზე მაინც ქართული ფეხბურთის, თან ისე რომ ხალხის ბიუჯეტს რომ არ ავნოს ამათმა უსახურმა ბურთის გორაობამ?! მაშინ დაიყვანეთ ეროვნული ჩემპიონატი 8 გუნდამდე ოთხი წრით. გუნდებში დაწესდეს წლოვანებათა ლიმიტი,
3 ფეხბურთელი 19 წლამდე, 3 ფეხბურთელი 22 წლამდე და დანარენი 5 კი შეუზღუდავად. ასევე ქვედა პირველ ლიგაშიც, 4 ფეხბურთელი 19 წლამდე, 4 ფეხბურთელი 23 წლამდე, დანარჩენი 3 კი შეუზღუდავად. ამით ჭაბუკთა ნაკრებების ფეხბურთელაბს მაინც გავზრდით ევროპის კარგი კლუბებისთვის და საბოლოოდ ეროვნული ნაკრების გაძლიერებაზე ვიფიქრებთ. ხოლო ევრო თასებისტვის ფიქრი და მცდელობა ყველა უფულო კლუბებისთვის მიუწვდომელი სურვილია.
.$. თან ასეთი ახალგაზრდა, მაგრამ ეროვნული ნაკრებისთვის პერპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების შენახვა უფრო ნაკლები თანხა დაუჯდება კლუბის მესვეურებს. პირიქით, ფეხბურთელების სარფიან ტრანსფერზე დაყენებაზე იფიქრებს ყველა გუნდი და არაფრის მომტან თუგინდ საქართველოს. ხოლო ევრო თასებზე ფიქრი უნდა გადავდოთ მანამ საქართველო ეკონომიურად ევროპული დონის არ გახდება. ეს უნდა იყოს უმთავრესი სტრატეგია ქართული ფეხბურთის გადარჩენისა, სადაც ყველაფრი კეთდება მხოლოდ ეროვნული ნაკრების წარმატებებისათვის.
ოკრიბელი
02 დეკემბერი 2015 18:51
0
ოქრიაშვილს ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ კაშკაშა ვარსკვლავად იქცეს, მაგრამ ვარსკვლავად ვერასოდეს იქცევი, თუ ვარსკვლავური ავადმყოფობა გავარსკვლავებამდე შეგეყარა.... თავმდაბლობა არ გახლავთ თანდაყოლილი თვისება, მისი გამომუშავება სავსებით შესაძლებელია.... მე მხოლოდ ამას ვუსურვებ, რადგან, ვიმეორებ - სხვა ყველაფერი უკვე აქვს.....
მსქროლავი ტროლი
02 დეკემბერი 2015 18:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული