[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ რას მისტირის?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,  ლევან კობიაშვილის პოზიცია ურყევია - კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. აღმასკომმა კი კობიაშვილს რეკომენდაცია მისცა, ცხადაძეს შეხვდეს და კონტრაქტის გაწყვეტაზე დაელაპარაკოს.

ცხადია, ესაა ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა...

როდის არის ეკონომია გამართლებული?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სახელფასო მოდელი შეიმუშავა. მოდელი ორიენტირებულია შედეგზე და ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის თითქოს მისწრებაა, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც.

ჩემი პირადი აზრი ასეთია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს - თანხის ეკონომია ყველა შემთხვევაში გამართლებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე
ეროვნული თუ სხვა ასაკობრივი ნაკრებების ინტერესებს ეხება.

რა ვუყოთ იმას, რომ "ჩიტმა" ჯერ კიდევ ნოემბერში მოგვიტანა ამბავი კახა ცხადაძის წასვლის თაობაზე. მაშინ ეს ცნობა არ დავიჯერეთ, მაგრამ დრომ იმ სიტყვების სიმართლე დაადასტურა. რატომ არ ვაცალეთ მწვრთნელს იმ საქმის კეთება, რასაც ის შეეჭიდა და პატიოსნად აკეთებდა?

რატომ მოიხსნენ ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები? ვარაუდები, ჩვენი აზრი და ფედერაციის პოზიცია შეიძლება აქ რაღაცაში ემთხვეოდეს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ხალხმა შედეგი დადო.

ღმერთმა ნუ ქნას, ელიტრაუნდში ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა შედეგი ვერ აჩვენონ. მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზე? გულშემატკივარს ხომ აუცილებლად დარჩება განცდა - ის მწვრთნელები რომ დარჩენილიყვნენ, უკეთესი შედეგი გვექნებოდაო.

ხელფასის საკითხი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვეში 40 ათას დოლარს იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს არ არის პატარა ხელფასი. მეტიც - დიდი ხელფასია.

და ვინ თქვა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კაპიკებს უნდა იღებდეს? ჩვენ გვახსოვს ნაკრების არაერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე გაცილებით მეტს რომ იღებდა, მაგრამ მაშინ ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ერთმა ჩემმა კოლეგამ დაწერა - ნუ ვიქნებით ბუღალტრები, პროფესიონალები ვიყოთო. ვეთანხმები. მით უმეტეს, ახალ შესარჩევ ციკლამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ახალ მწვრთნელს გაუჭირდება ადაპტაცია.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ხელფასის საკითხი საერთო-პოპულისტური ფონის გასაღვივებლად გახდა საჭირო. დღეს ქვეყანაში ბევრს უჭირს, ბევრს სესხი ახრჩობს. ბევრი ყოველდღიურ სარჩოს ვერ ყიდულობს, მაგრამ ამ ფეხბურთში ღარიბები რომ ვერ იმარჯვებენ, ამას რაღა ვუყოთ?!

მე ასე მგონია - წავა ცხადაძე, ამოქმედდება ეგრეთ წოდებული ბონუს-სისტემა, მაგრამ ეს ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს ქართული ფეხბურთის ყოველდღიურობაში.

რა თქმა უნდა, ეკონომია კარგია, მაგრამ ღირდა კი ეს იმად, რომ ნაკრებში დალაგებული ვითარება აგვერია?! თანაც, ახლა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარზეა მომდგარი?!

და თუ ჩვენი საზომი ლატვიისა თუ სომხეთის მწვრთნელების ხელფასია, მაშინ ნურც მეტის ამბიცია გვექნება... რა საჭიროა კონტრაქტი?

მე საერთოდ არ ვიცი, ვერ ვხვდები, დღევანდელ ქართულ რეალობაში რა საჭიროა კახა ცხადაძის კონტრაქტი? ცხადაძეს ჰქონდა ხელფასი. მან ამის შესაბამისად დაგეგმა თავისი უახლოესი ცხოვრება და მას ხელფასის შემცირება მოსთხოვეს.

ცხადაძემ მზადყოფნა გამოთქვა, 25 პროცენტით შეემცირებინა ანაზღაურება, მაგრამ ეს ფედერაციას არ ეყო და მწვრთნელს ჯამაგირის განახევრება მოსთხოვა. ამაზე ცხადაძემ უარი თქვა და ადამიანურად, მე მისი მესმის.

კონტრაქტზე ვთქვით და, მართლაც, რა საჭიროა ის, თუ მისი შეცვლა ან უგულებელყოფა ნებისმიერ შემთხვევაშია შესაძლებელი?

დავუშვათ, ცხადაძემ გაშვების შემდეგ სრულად მოითხოვა კონტრაქტის ანაზღაურება. მგონი, ამის უფლება მას უნდა ჰქონდეს. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მართლაც რომ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება - ცალკე ცხადაძის ხელფასი ექნება გადასახდელი და ცალკე - ახალი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება.

მაშინ თანხის დაზოგვის სახელით დაწყებული კამპანია პირიქით შეტრიალდება და უკუეფექტს გამოიღებს.

ვინ მისტირის სიჭინავას?
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ცხადაძის ზურგს უკან ძველი ხელმძღვანელობის კუდები დაინახეს. სრული პასუხისმგებლობით უნდა დავწერო - მე არ მეგულება უფრო სუსტი ფედერაცია, ვიდრე ზვიად სიჭინავას ფორმაციისა და არასდროს, არც ერთი წამითაც კი არ გავიხედავ სინანულით იმ წარსულისკენ.

იმ წარსულისკენ, როცა ხალხი ისე იღებდა ხელფასებს, რომ არც მუშაობდა...

იმ წარსულისკენ, როცა ფეხბურთის ფედერაციაში საქმის მკეთებელი ხალხი უმცირესობაში იყო...

როცა მედიას არ უსმენდნენ...

როცა საქართველოს ჩემპიონატი ისე გახადეს 16-გუნდიანი, საზოგადოების აზრი არად ჩააგდეს...

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთი ისე იცოდა, როგორც ამ სტრიქონების ავტორმა - პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლე ერთ-ერთი ველური ტომის დიალექტი...

გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის...

არ მივტირი იმ წარსულს, მაგრამ, განა, ყველაფერი უნდა მოვიშოროთ, რაც იმ წარსულიდან შემოგვრჩა? ასე ხომ არ შეიძლება?! "ჩემიანი", "სხვისიანი" - ქართულ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ასე დაყოფა. ჩვენ, ყველა ერთად ხომ ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით?!

იქნებ ვიღაცას შეეშინდა, ცხადაძეს სიტუაცია შიგნიდან არ აეფეთქებინა? ჯერ ერთი, არ იყო ცხადაძე ამის გამკეთებელი კაცი და მეორეც - რა ბერკეტი ჰქონდა მას საამისოდ? ის თავადვე მოიჭრიდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა? რა, ნაკრები შეგნებულად წააგებდა თამაშებს? ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე ყოფილიყო. უპირველეს ყოვლისა, ისევ ცხადაძის ავტორიტეტი არ დაზარალდებოდა?!

ბედის ამბავი
ხდება ხოლმე - კაცს ბედისწერა ისეთი დაჰყვება, მის ცხოვრებას იოლს ვერ დაარქმევ. ცხადაძის საფეხბურთო ცხოვრებაც ძალიან რთულია.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცხადაძეს მთელი კარიერის განმავლობაში არ ასვენებდა ტრავმები.

გავაგრძელოთ იმით, რომ ჯან-ღონით სავსე კაპიტანი თითქმის შეგნებულად და თითქმის ხელოვნურად ჩამოაშორეს საქართველოს ნაკრებს. ჩამოაშორეს მაშინ, როცა ის თავისი კარიერის ზენიტში იყო და მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები მზად იყო, შედეგი დაედო. მით უმეტეს, შესარჩევი ჯგუფი ისეთი გვქონდა, დიდი ხნის განმავლობაში რომ ვნატრობდით...

მე რაც თავად ვიცი და რაც გამიგონია, ცხადაძის ცხოვრება არის ფეხბურთელის სამაგალითო ცხოვრება. მან არ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ითამაშა საქართველოს ნაკრებში. მან ნაკრებისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ერთ ფეხბურთელს შეეძლო, გაეკეთებინა.

ადამიანი უშეცდომო არ არსებობს. თავის დროზე, ძალიან დამწყდა გული, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბაქოს "ინტერში" რომ წავიდა. ისე ჩანს, რომ მისი კარიერისთვის ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, მაგრამ მაშინ დიდი იმედით ვუცქერდი ცხადაძის მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში...

ყველა ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლება და ეს შეცდომაც, თუ ის შეცდომა იყო, შეიძლება არც გაგვეხსენებინა, მაგრამ თუ ჩვენს წერილს აქვს იმის პრეტენზია, რომ სიმართლე თქვას, ყველაფერი უნდა დაიწეროს.

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: დღემდე ქართული საფეხბურთო სამყარო ისე ვერ მოექცა ცხადაძეს, როგორც იმსახურებდა...

შოკი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ქართულმა საფეხბურთო თემმა ნაღდი შოკი მიიღო, რაკი გეგუჩაძეს ეროვნული ნაკრების დამრიგებლად ელოდნენ...

ახლა კი საქმე ასეა: ნაკრებს ახლო მომავალში ეყოლება მთავარი მწვრთნელი. კულუარებში ახსენეს სამი კანდიდატი - შოთა არველაძე, ვინც უმუშევარია "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ, "ფრაიბურგის" ლეგენდარული დამრიგებელი ფოლკერ ფინკე და შემოდგომაზე "გლადბახიდან" გაშვებული ფრანგი ლუსიენ ფავრი.

ფინკესა და ფავრს კობიაშვილი ძალიან კარგად იცნობს. განსაკუთრებით - ფინკეს, ვისთანაც ლევანს არაერთი წელი გაუტარებია "ფრაიბურგში".

კობიაშვილი ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატთან არ ჰქონია მოლაპარაკება. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
“ რატომ არ ვაცალეთ მწვრთნელს იმ საქმის კეთება, რასაც ის შეეჭიდა და პატიოსნად აკეთებდა?“-საკუთარი შვილის დაძახება ეროვნულ ნაკრებში,რომელიც ძალიან დაბალი დონეა და ერთი გოლი გააქვს სეზონში-არ არის პატიოსნება!
ავტორს
28 იანვარი 2016 21:00
0
აწი ნაკრების ავკარგიანობაზე, სრული პასუხი უნდა აგოს კობიაშვილმა და აიღოს ვალდებულება, თუ არ გაამართლა გადადგება.
otari47
28 იანვარი 2016 11:12
0
ახალი მწვრთნელის ხელფასის გასაჯაროებაც მოგიწევთ,მათ შორის ასაკობრივებისას რამდენი აქვთ ისიც გვითხარით
კობა
28 იანვარი 2016 09:22
0
ვაი ჩვენს პატრონს და ვაი ჩვენს მსჯელობას... ერთი დადებითი მითხრას ვინმემ კობიაშვილის ქცევასა თუ გადაწყვეტილებაში,ერთი!!! ( მე მას ვუჭერდი სამწუხაროდ მხარს, არჩევნებში)
აქ ხელფასზე თუა საუბარი, მაშინ კობიაშვილი ყოფილა უბრალოდ სასაცილო სულელი. თუ ხელფასი შირმაა მაშინ კობიაშვილი არის სასაცილო მაფიოზი. თუ სულ თავგზა აქვს აბნეული ამ კაცს მაშინ უკვე სატირალი ყოფილა. ფეხბურთის მოედანზე საქართველოს ნაკრები რომ ხარ რამეს გპატიობს ვინმე? იქეთ დგანან გენიალური ფეხბურთელები და მწვრთნელი და აქეთ ქართველი ფეხბურთელები და "მე რომ მინდა იმ ფინანსურ სისტემაზე მომუშავე მწვრთნელი"- კობიაშვილი არის სრულიად დიდ გაუგებრობაში, ის უბრალოდ უბადრუკია, საუკეთესო შემთხვევაში. და თუ ნაკრები უპერსპექტივოა, ქვეყანაში ფეხბურთი იქნება პერსპექტიული??? ნუ არ ვიცი თავში რა უდევს ამ საწყალ ბიჭს. დღემდე ცხადაძე ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო და ყველაზე იაფი, მეორეც : შესარჩევის წინ ასეთი რამეები არ ხდება. საქართველოს ნაკრები გავა 5 ადგილზე. კობიაშვილს კითხვა: ...
nika
28 იანვარი 2016 02:16
0
კობის ურჩევნია კოკაიას დაბრუნებაზე იმუშაოს! არ დაავიწყდეს თანამოაზრე, თორემ ამ უაზრო დავიდარაბას, თავად გადაყვებიან თვითონაც, ხეჩიკაც და მუჯირიც. ბაბაია, დანაპირების დავიწყება არ ვარგა. ჩემპონატი დაწყილია და ამგვარი ლაპარაკი არ ჭრის.
xvicha
27 იანვარი 2016 23:44
0
კარგად გაეცანით ბაქოში ცხადაძის ”საგმირო საქმეებს”, რასაც სჩადიოდა ფულის გულისთვის. რას წერდა და წერს იქაური პესა და მერე განსაჯეთ ფედერეაცია.
tarieli
27 იანვარი 2016 21:34
0
კომენტარს ვაკეთებ ბოღმით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ვუყურებ 1947 წლიდან (ქობულეთი-ვვს, არ გამომიტოვებია თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების არცერთი მნიშნელოვანი თამაში, ჩემი ისედაც განადგურებული ფსიქიკა სულ ამერია ამ კომენარების გამო. ქართველი ფრხბურთის მოყვარულები სხვა რესპუბლიკების მოყვარულებისაგან აშკარად განვსხვავდებოდით ეს მე მსმენია ბევრი ცნობილი ფეხბურთელისაგან. ლევ იაშინი უკვე ვეტერანი იყო, მოსკოვის ტორპედოს სტადიონზე, როცა შევხვდით, მან მითხრა თბილისის დინამოს სტადიონზე თამაში ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყოო.თურმე ”ბალელშიკებადაც აღარ ვარგებულვართ, ვაი ჩვენს ყოფას!
a
27 იანვარი 2016 20:25
0
დღეს მე მხარს ცხადაძეს უჭერ! და გულშემატკივარიც მხარში უნდა ამოუდგეს კახას. საერთოდ, ეს ქართული აბდაუბდა მართვა ფეხბურთის გრძელდება.
გარინჩა
27 იანვარი 2016 20:17
0
ფეხბურთი ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს თუკი გვყავს. ამასამბობდა სწორედ ქეცბაია მაგრამ ზედმეტად მკაცრიაო გვპასუხობდნენ.დანარჩენი სხვა ფულის გადაყრაა
გიორგი
27 იანვარი 2016 19:23
0
-რომელი უცხოელი მწვრტნელი ჩამოვა საქართველოში 40000 $ ერტი მითხარით. კარგიტ რა. და კიდევ რა ს მოთხოვ ამ ფეხბურთელებით ბონუს სისტემას ვინ ნორმალური დათანხმდება.ეს ხომ თავის მოტყუებაა. და წინასწარ განწირული სიტუაციაა

Vano
27 იანვარი 2016 18:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული