პაბლო მარტინი: ავსტრია საქართველოს არაფრით სჯობდა, ამ გუნდს პოტენციალი გააჩნია

AutoSharing Option
ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრის შეფასება "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, პაბლო ფრანკო მარტინს ვთხოვეთ.

"ლა ლიგის" "ხეტაფეში" ნამუშევარი სპეციალისტი ჩვენი ნაკრების პრობლემებსა და პერსპექტივაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "ჯვაროსნები" დამარცხებას არ იმსახურებდნენ.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- უპირველესად, ავსტრიასთან საქართველოს ნაკრების შეხვედრის შეფასებას გთხოვდით...
- თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს მძიმე შეხვედრა ელოდა. ავსტრია ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა და წინა შესარჩევი ციკლი, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ გაიარა. ავსტრიელებმა ამჯერად გაიმარჯვეს, მაგრამ ეს მათ დიდი ნერვიულობისა და ენერგიის
დახარჯვის ფასად დაუჯდათ და მიმაჩნია, რომ გამარჯვებას არც იმსახურებდნენ.

- რა იქნებოდა ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგი?
- ჩემი აზრით, ლოგიკური დასასრული ფრე იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველო ამ თამაშით წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა, ავსტრია კი - მოგებას. ბოლო 30 წუთში საქართველო კარგი საყურებელი იყო და ავსტრია აშკარად დაჩაგრა.

- ავსტრიელებს გოლამდეც სახიფათო შეტევა ჰქონდათ, მერე კი საქართველომ, იდენტურ ვითარებაში, დაცვაში ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. თქვენი აზრით, ჩვენი ნაკრების მცველები შემდეგ იმავე ვითარებაში რატომ ვერ გაერკვნენ?
- ავსტრიელებს კარგად დამუშავებული "სტანდარტულები" და შეტევის გეგმა ჰქონდათ. რა ხრიკებით ცდილობდნენ ისინი ქართველების დაბნევას, ამას გაანალიზება სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ყველა გუნდი "სტანდარტულებს" უდიდეს ყურადღებას აქცევს, რადგან ხშირად, დღეს ეს თამაშის ბედს წყვეტს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ ტანმაღალმა ავსტრიელებმა "მეორე სართულზე" უპირატესობა გამოიყენეს. ასეთ გუნდებთან დაცვაში სულ კონცენტრირებული უნდა იყო.

- ქართველ მცველებს კონცენტრაცია აკლდათ?
- ისინი ყურადღებით თამაშობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ გოლების მომენტში დაცვა ჩავარდა, რაც გუნდს წაგებად დაუჯდა. საერთოდ, "სტანდარტულებზე" გუნდის მოქმედების ეფექტურობა ნაწილობრივ ამაზეც არის დამოკიდებული, ნაწილობრივ კი - დაცვის ორგანიზებაზე. ანუ ამ მომენტში საქართველომ თავი ორგანიზებულად ვერ დაიცვა და მცველებმაც კონცენტრაციის უნარი ვერ გამოავლინეს.

უფრო ის გამიკვირდა, მეორე გოლზე ავსტრიელ შემტევს ბურთი რატომ ჩააწოდებინეს? მცველს პოზიცია უნდა დაეცვა და შეტევის გაგრძელების საშუალება არ მიეცა. ასეთ დროს, მცველს გაცილებით მეტი აგრესიულობა მოეთხოვება. მეორე მხრივ, როცა კარის წინ თავს ამდენი მოთამაშე იცავს, თავდამსხმელს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაარტყმევინო. ავსტრიელები კი ორივე გოლზე კარის წინ მარტონი დარჩნენ. ცხადია, ეს უხეში შეცდომები იყო.

- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოძრაობა, სწორი და სწრაფი გადაადგილებები ითვლება. ამაზე რას იტყვით?
- პირველი ტაიმი კარგი არ იყო. მეორე ტაიმის დასაწყისშიც მასპინძლები კინაღამ კონტრშეტევაზე დაიჭირეს. მაგრამ ვიმეორებ, ამის შემდეგ საქართველო კარგად გამოიყურებოდა - გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა, ავსტრიელებს კარგად შეუტია და მოედანზე დომინირებდა. გუნდი იბრძოდა და, რაც მთავარია, ნამდვილი ფეხბურთი ითამაშა.

ანანიძემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ქართველებმა რამდენიმე ძალიან რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს და გატანა კიდევ შეიძლებოდა. ავსტრიელები თავს ბოლო ძალებით იცავდნენ და მეგონა, საქართველო ქულას მაინც მოიპოვებდა. ფეხბურთელებს თავიდანვე ასე რომ ეთამაშათ, მოედანს გულდაწყვეტილები არ დატოვებდნენ. მაგრამ წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და ავსტრია საქართველოს არაფრით სჯობდა.

- საქართველომ თამაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა გამოჩნდა, რომ ავსტრია ძალიან ძლიერი ნაკრები არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გუნდი თავიდან მეტოქეს შეუფერებელი მოკრძალებით დაუხვდა...
- ალბათ, ასეც იყო. ეს ფსიქოლოგიურად მესმის, როცა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა - გინდა თუ არა, მის მიმართ გარკვეული რიდი მაინც გიჩნდება და ფიქრობ, რომ შენზე ძლიერია. მაგრამ შეხვედრა იწყება და ხვდები, რომ თამაში მასზე ნაკლებად არ შეგძლებია...

მეორე ფაქტორი: სტადიონზე ბევრი ხალხი იყო და ფეხბურთელები ზეწოლასა და პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. როგორც ჩანს, ქართველებზე ამან უარყოფითად იმოქმედა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პირველ ტაიმში ამიტომაც გაუჭირდა. მაგრამ მეორე ნახევარში გუნდი გაიხსნა, რაც უკმაყოფილო ხალხმაც დაინახა და მათი გამხნევება დაიწყო. გუნდი უფრო თავისუფლად ათამაშდა, ბურთი გააგორა და აჩვენა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია.

მთავარი ჩემთვის ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების პოტენციალის შეფასება იყო. პირადად მე, მეორე ტაიმში კარგად დავინახე, რომ ამ გუნდს ბევრად უკეთესი შესაძლებლობები აქვს და რამდენიმე საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელიც ჰყავს, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პერსპექტიული ნაკრები, მერამდენეთ გვესმის , კი პერსპექტიული ნაკრები გვყავს, სამწუხაროდ დარჩა პერსპექტიულად. კლასი გაკლიათ ბიჭებო, კლასი...
გიორგი
11:03 09-09-2016
0
Scored danaxuli
Nenr
16:59 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული