სპეციალისტები აღიარებენ: ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!

AutoSharing Option
ირლანდიასა და უელსთან ჩატარებული მატჩების შემდეგ სადავო აღარაფერი დარჩა - საქართველოს ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა ვაკო გვილია სამშობლოს დაუბრუნეს...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ეროვნულ გუნდში მიწვევამდე ვაკო გვილიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში მოასწრო, ვლადიმირ ვაისმა კი 21 წლის ნახევარმცველი ირლანდია-უელსის მატჩებისთვის ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია. ცხადია, ეროვნული ნაკრებების დონეზე თამაში გაცილებით ძნელია, ვიდრე ახალგაზრდულში ან თუნდაც ცნობილ კლუბში. ყველას აინტერესებდა, როგორ
გამოავლენდა გვილია თავს ვაისის გუნდში.

პირდაპირ ვთქვათ - დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა.

"დეილი მეილში" უელსი-საქართველოს მატჩზე საინტერესო ინდივიდუალური სტატისტიკური მაჩვენებლები გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გუნდში ყველაზე მეტჯერ ბურთი მეტოქეს სწორედ გვილიამ აართვა (11-ჯერ, კაკაბაძემ 8-ჯერ, ანანიძემ 7-ჯერ). მას საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა გადაცემების ჩაჭრასა (6-ჯერ, როცა სხვებს 2-ზე მეტი არ ჰქონდა) და მოგებულ ორთაბრძოლებში - მეტოქეს 11-დან 5-ჯერ აჯობა, როცა ამაში უელსელთა საერთო უპირატესობა დიდი იყო - 66,7%, ჩვენი 33,3%-ის საპირწონედ.

რაც მთავარია, ეს დაუღალავი და ვერცხლისწყალივით მოძრავი მოთამაშე ბურთს ყველაზე მეტჯერ, 89-ჯერ შეეხო. საინტერესოა, რომ მისი გადაცემების სიზუსტე (84.5%) უელსელების ვარსკვლავის, მადრიდის "რეალის" შემტევ გარეთ ბეილის მაჩვენებელს (79.5%) აღემატებოდა. თუმცა, ამაში ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილია, რომლის გადაცემების 91%-მაც თანაგუნდელებამდე მიაღწია.

სპეციალისტები და გულშემატკივრები სლოვაკი სპეციალისტის არჩევანით კმაყოფილები არიან. ასეთი შეფასებაც დაიწერა - "ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!" - ძნელია, არ დაეთანხმო ამ შეფასებას.

"ეს ბიჭი ძალიან მომეწონა. ჩვენს ნაკრებს სწორედ ასეთი დინამიკური და თანამედროვე საყრდენი სჭირდებოდა. ის ძალიან გონიერია, შეტევებს ტემპს და დინამიკას მატებს და ზოგადად, გუნდსაც ძალიან მოუხდა", - ამბობს "ლელოსთან" "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ყურადღება სხვა დეტალებზე გაამახვილა:

"ბატე სერიოზული გუნდია და იქ შემთხვევით არავის აიყვანენ. როცა გვილია ამ გუნდში მიიწვიეს, გასაგები გახდა, რომ ნიჭიერი მოთამაშე გვეზრდებოდა, მაგრამ ირლანდია-უელსთან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გვილია ორივე შეხვედრაში ძალიან მომეწონა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი საყრდენი ნახევარმცველი გვყავს და მიმაჩნია, რომ ეს ბიჭი ეროვნული ნაკრებისთვის ძვირფასი შენაძენია".

ნემსაძის თქმით, გვილიამ გუნდს დინამიკა შესძინა:

"მის ბრძოლისუნარიანობას აღვნიშნავ, მაგრამ ეს არასრული დახასიათება იქნება. საყრდენი ნახევარმცველი გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მას ევალება, რომ ბურთი დაცვიდან დროულად ამოიტანოს და შეტევა დროულად წამოიწყოს. გვილიამ ეს მოახერხა, დაცვისა და შეტევის კარგი კომუნიკატორი აღმოჩნდა და ნაკრების თამაში გაამრავალფეროვნა.

გეტყვით, ამაში რასაც ვგულისხმობ: უმთავრესად, ორი კატეგორიის საყრდენები მინახავს - პირველებს დაცვა ეხერხებათ, მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებენ; მეორე ნაწილი კი კარგად უტევს, მაგრამ დაცვას ვერ ეხმარება.

გვილიას კი ორივე კომპონენტი დაბალანსებული აქვს - დაცვასაც კარგად ეხმარებოდა და შეტევასაც. იმიტომ, რომ ტექნიკური ბიჭია, ბურთის მიღება-დამუშავებაში დროს არ კარგავს და რადგან სწრაფი სათამაშო აზროვნებაც აქვს, პასიც გამოსდიოდა, შეტევის მიმართულების შეცვლაც და გადატანაც. ამ ყველაფრით მან ნაკრების თამაშს ტემპი შესძინა".

ნემსაძეს ნაკრების პერსპექტივაზეც ვკითხეთ:

"გამოჩნდა, რომ ვაისმა გამოცდილი და ნიჭიერი ბიჭებისგან ბირთვი შეკრა - კაშია, კაკაბაძე, კვირკველია, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი... პლუს, საიმედო მეკარეები და კიდევ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა. მათ ახლა გვილიაც დაემატა, რომელმაც გუნდი გამოაცოცხლა და დარწმუნებული ვარ, ასეთი თამაშების შემდეგ მას მწვრთნელი სულ გამოიყენებს.

მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს საინტერესო მომავალი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
შეეშვით ამ ბიჭს,ჯერ ხო ორი თამაში ითამაშა???გახსოვთ როგორ იწყებდნენ გოგუა და ყენია???ეიფორიაში ვართ ზოგადად ამ ორი თამაშის მერე,არადა სულ ერთი ქულა ავიღეთ.არ სჯობს მიწაზე დავეშვათ?თან ირლანდიასთან ტრადიციულად კარგად ვთამაშობდით ვაგებდით და ისევ მასე მოხდა.უელსისთვის კი ზოგადად უხერხული მეტოქე ვართ.აი თუ მარტში სერბეთს მოვუგებთ მაშინ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი...
gocha
11:55 13-10-2016
0
Ert tamashs itamahseben da gagijdebian gmertma qnas da rame da dges magram moitminet
Goga
10:19 13-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული