[ექსკლუზივი] "ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა წარსულში დარჩა"

AutoSharing Option
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" ფრეების სერიას გასვლაზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება მოაყოლა - 4:1 მოუგო ყარაღანდის "შახტიორს". ეს გამარჯვება "ქაირათისა" და მისი მთავარი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ყაზახურ მედიაში მსჯელობდნენ იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლიდა ცხადაძეს, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ქაირათ ბორანბაევმა ყველა ჭორი გაფანტა და თქვა, რომ ცხადაძე ხელშეუხებელია და რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას ბოლომდე ენდობა...

"ჩვენს მტრებს არ სძინავთ. ყველა ჩვენგანზე დიდი ზეწოლა იყო, ჩემით დაწყებული, თუმცა ასეთია ფეხბურთი, ძლიერი უნდა იყო მოედანზეც და ისედაც - მენტალურადაც. ბიჭებს ავუხსენი,
რომ ეს ჩვენთვის იყო გამოცდა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაგვებარებინა", - თქვა ცხადაძემ "შახტიორთან" მოგებული მატჩის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელის მუშაობა შედეგით ფასდება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მცირე ჩავარდნისგან არავინაა დაზღვეული. შედეგს რაც შეეხება, წინა სეზონში ცხადაძემ ყაზახეთის ჩემპიონატის ვერცხლი მოაგებინა "ქაირათს", არადა, როცა მან გუნდი ჩაიბარა, მეორე ადგილზე ვერავინ იოცნებებდა, ამას კი ქვეყნის თასი და სუპერთასიც დაემატა.

"ლელო" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ჯერ პირველ გამარჯვებას მოგილოცავთ! ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო, მანამდე კი ვნახეთ ფრეების სერია... რით იყო გამოწვეული მოუგებელი სერია?
- ზოგადად, ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია იღბალი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ცოტა ჩვენც მოვეშვით და, გარკვეულწილად, ამანაც განაპირობა ყველაფერი. გამართლების მომენტი შემთხვევით არ მიხსენებია. მაგალითად, თქვენ გახსოვთ, იყო მატჩი, რომელშიც 10 კაცით დავრჩით, ვდომინირებდით და ამ დროს, როცა საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, 11-მეტრიანი დაინიშნა ჩვენს კარში.

იმავე "თარაზთან" შეხვედრა რომ ავიღოთ, წარმოიდგინეთ, 27-ჯერ დავარტყით კარში და გოლი ვერ გავიტანეთ. საქმე გვქონდა ფატალურ უიღბლობასთან, ორჯერ თუ სამჯერ მოხვდა ბურთი ძელს... აღარც მახსოვს ზუსტად... მოკლედ, ისეთი უიღბლობა იყო, ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ იშვიათად მინახავს.

რა თქმა უნდა, ეს სერია ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო, დიდი წნეხი იყო სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის წამყვან ფეხბურთელებზე... ამიტომ "შახტიორთან" გამარჯვება ძალიან სასიამოვნო და დროული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა წარსულში დარჩა. ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილი უნდა იყოს.

თუნდაც მომავალი შეხვედრა ავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის - ვეთამაშებით კუსტანაის "ტობოლს", რომელიც წელს ძალიან გაძლიერდა. გუნდს ომარ თეთრაძე წვრთნის და ის ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. ომარი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და ახლა ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რაც არაერთხელ დაამტკიცა კიდეც...

ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მოშვების მომენტი გამოვრიცხოთ. ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა გველის და ეს ყველას შესანიშნავად გვესმის. ყაზახეთის ჩემპიონატი ძლიერი და კონკურენტუნარიანი პირველობაა. აქ არ არის იოლი თამაშები. ყოველთვის დიდი ბრძოლისათვის უნდა იყო მზად.

- ფაქტია, გუნდმა დამაჯერებელი თამაში აჩვენა ბოლო ტურში, რაც ფსიქოლოგიური მომზადების გარეშეც არ მოხდებოდა...
- "შახტიორთან" შეხვედრაში თითქმის მაქსიმალურად გამოვიყენეთ საგოლე შანსები. რაღაც მომენტში ჩავთვალეთ, რომ თამაშებს მხოლოდ ჩვენი ოსტატობისა და კლასის ხარჯზე მოვიგებდით - ეს ნამდვილად არ იყო სწორი. მოსამზადებელი პერიოდი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ძლიერ მეტოქეებთან წარმატებით ვითამაშეთ და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელებს გაუჩნდათ ცოტათი გადაჭარბებული რწმენა საკუთარ ძალებზე.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კლუბის პრეზიდენტის განცხადება. მან რთულ მომენტში სრული თანადგომა გამოგიცხადათ, თქვა რა, რომ საერთოდ არ ფიქრობს ცხადაძის ალტერნატივაზე...
- რა თქმა უნდა, კლუბის პრეზიდენტის განცხადება მართლაც დროული იყო. ყველამ დაინახა, თუნდაც მოსამზადებელი პერიოდის დროს, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ სუპერთასი. რა არის ამ დროს საუკეთესო საშუალება? ის, რომ მოახდინო მწვრთნელის დისკრედიტაცია და ეს პირდაპირ გადავა გუნდზე. იმათ, ვინც ეს ხმები ააგორა, გათვალეს კლუბის ხელმძღვანელის ემოციაზე. არადა, მან ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.

ახლა "ქაირათიდან" მწვრთნელი რომ წასულიყო, ჩათვალეთ, გუნდი პრაქტიკულად ჩამოშორდებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, რადგან ახალ მწვრთნელს ექნებოდა არგუმენტი, რომ მოვიდა უკვე დაწყებულ სეზონში და რომ ბოლომდე ვერ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე. თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, ლოგიკა არის.

- ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელების თანადგომასაც...
- მთელი გუნდი ჩვენს გვერდით დადგა და ეს გამოჩნდა კიდეც "შახტიორთან" შეხვედრაში. წნეხი იყო არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბზე, არამედ - ფეხბურთელებზეც, მაგალითად - გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ისლამხანზე, რომელიც შარშან საუკეთესოდ დასახელდა; ასევე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირ გოჰუზე, ვინც ორი სეზონის განმავლობაში 50 გოლი გაიტანა, თუ სწორად მახსოვს...

ფეხბურთელებს ჯერ ჩვენ ველაპარაკეთ, მერე კი თავად შეიკრიბნენ, ერთმანეთში ილაპარაკეს და, ეტყობა, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეს. მე ისინი საჯაროდ არასოდეს გამიკრიტიკებია, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. კი, შეიძლება, კრიტიკა იყოს თეორიული მეცადინეობისას, თამაშების გარჩევისას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - საჯაროდ! გუნდის შედეგზე პასუხისმგებელი არის მთავარი მწვრთნელი.

ასე რომ, კრიზისის დაძლევისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისი საბოლოოდაა დაძლეული, როცა "ქაირათი" ზედიზედ მოიგებს თამაშებს. ეს აუცილებელია!

ყაზახური სტატუსით "ქაირათს" თბილისის "დინამოს" შევადარებდი. ჩვენ წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს...

- რა თქმა უნდა, მცირე ჩავარდნის მიუხედავად, "ქაირათის" საამსეზონო მიზანი არ იცვლება...
- ცხადია, არ იცვლება. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. კი, პატარა შოკი იყო ჩვენთვის ეს 4 ფრე და ძალიან მტკივნეულადაც მივიღეთ, მაგრამ წინ გრძელი მარათონია. თავისთავად, საკვანძო იქნება "ასტანასთან" მატჩები...

- "ასტანა" თავისთავად და, კიდევ რომელ გუნდებს მიიჩნევთ კონკურენტებად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- "ასტანაზე" ლაპარაკი არც არის - ძალიან ძლიერი გუნდია. უნდა აღვნიშნო "ქაისარიც", წეღანაც ვთქვი - ძალიან გაძლიერდა "ტობოლიც", რომელსაც თეთრაძე თავკაცობს. აუცილებლად უნდა ვახსენო "ორდაბასიც"...

და მაინც, ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. უბრალოდ, უნდა გამოვრიცხოთ მოშვების ოდნავი ალბათობაც კი, რადგან ყაზახეთის ჩემპიონატის გრაფიკი მჭიდროა და ძალიან ინტენსიურად გვიწევს პრინციპული მატჩების ჩატარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები!!! გულწრფელი კეთილისმსურველი
ჯონდოიე
02:50 13-04-2017
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს კახა ცხადაძეს
დათო
18:17 12-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული