სათადარიგოებში მყოფი ანანიძე მასპინძელთა შორის 71-ე წუთზე გამოჩნდა. "ურალში" იანვარში გადასულმა საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ტაბიძემ კი ეკატერინბურგელთა რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა სულაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელადაც ითამაშა.
"ბუნებრივია, მოსკოვის "სპარტაკს" ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "ურალის" ახალგაზრდა ფეხბურთელები -
ტაბიძეს "ურალში" საუკეთესო შეფასება დაუწერეს. საერთაშორისო ინტერნეტსააგენტო whoscored.com-მა მას 7 ბალი (10-ბალიანი სისტემით) არგუნა, ხოლო სოციალურ ქსელში ცნობილმა ანალიტიკურმა გვერდმა fielder-მა (Football statistics) უფრო მეტი - 7,4 ქულა დაუწერა და ეს კონკრეტული სტატისტიკითაც დაასაბუთეს - 20 წლის მცველის გადაცემების 88% ზუსტი აღმოჩნდა, 5 ორთაბრძოლიდან მოიგო 3, გააკეთა 3 ჩაჭრა და 1 ართმევა, 2-ჯერ კი მეტოქეს პოზიცია მოუგო.
"ლელო" ჯიმი ტაბიძეს ეკატერინბურგში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...
- თქვენს დებიუტს დიდხანს ველოდით და ბოლოს ლამის იმედიც გადაგვეწურა...
- ძალიან გახარებული ვარ, გარკვეული დროის ლოდინის შემდეგ ჩემი დებიუტი რომ შედგა. ველოდებოდი შანსს, რომელიც ვიცოდი, აუცილებლად მომეცემოდა.
- "სპარტაკი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და რთული შეხვედრა გქონდათ...
- რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან ჩემპიონატის ლიდერს ვხვდებოდით. გასვლაზე "სპარტაკთან" დაპირისპირება და თანაც, ამდენი მაყურებლის წინაშე, ადვილი არ არის, მაგრამ ამ სირთულის მიუხედავად, სტადიონსა და ტრიბუნებზე ისეთი ატმოსფერო იყო, სადაც თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
- ჯანო თამაშამდე ან მისი დასრულების შემდეგ თუ ნახეთ?
- თამაშის დაწყებამდე ველაპარაკე და ძალიან გამიხარდა. მოედანზე რომ გამოვიდა, კლასი გამოავლინა. სხვათა შორის, როგორი შესანიშნავი ფეხბურთელიც არის, ზუსტად ისეთივე მაგარი ადამიანია. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, ძირითად შემადგენლობაში რომ არ იყო, რადგან ძალიან მინდოდა, 90 წუთი მის წინააღმდეგ მეთამაშა.
- "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ტარხანოვმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კარგად დაგახასიათათ...
- ამან ძალიან გამახარა. ეს გუნდშიც მითხრეს, რომ პრესკონფერენციაზე შემაქო. გასახდელში პირადადაც ორიოდე სიტყვით, თბილად მელაპარაკა. მწვრთნელისგან ასეთი გამხნევება ბევრს ნიშნავს.
- 2 მაისს, რუსეთის თასის ფინალში "ლოკომოტივს" შეხვდებით. შესაძლოა, ფინალშიც ითამაშოთ?
- ამაზე წინასწარ ლაპარაკი გამიჭირდება. 29 აპრილს გროზნოში "ტერეკს" შევხვდებით და სავარაუდოდ, ამ თამაშზე ბევრი ისეთი მოთამაშე გაემგზავრება, რომლებიც თასის ფინალს არ ითამაშებენ. ნებისმიერ შემთხვევაში შანსი მიჩნდება - ფინალს თუ არ ვითამაშებ, მაშინ "ტერეკთან" მოედანზე გასვლის შანსი მექნება, ან პირიქით.
- გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი ხართ და საინტერესოა, თუ იცით, მოედანს როდის დაუბრუნდება?
- ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ იმედია, საერთო ჯგუფში ვარჯიშს მალე შეძლებს. არ არის გამორიცხული, ეს რამდენიმე დღეშიც მოხდეს. მისი დაბრუნება პირადადაც გამახარებს და ისედაც, გიორგი გუნდსაც სჭირდება.
- "ურალში" ჩვენთვის უცნობი ქართველი ნახევარმცველი რევაზ ღავთაძე ირიცხება. მასზე ბევრი არაფერი ვიცით...
- სულით და გულით ქართველია, "ურალში" მოსვლისას მეგობრულად გვერდში დამიდგა და გუნდთან შეჩვევაში ძალიან დამეხმარა. საქართველოში დაიბადა, ზესტაფონელია, მაგრამ მისი მშობლები მერე რუსეთში გადავიდნენ და თამაშიც იქ დაიწყო. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი ფეხბურთელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"