- [ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]
ლუკა ზარანდია ახალ კლუბში თავის შანსს კარგახანს ელოდა და, როგორც იქნა, თასის ფინალში "გაისროლა"! ეს 2 მაისს, ბრწყინვალე სოლორეიდის შედეგად მოხდა. ზარანდიას "არკამ" პოზნანის "ლეხს" დამატებით დროში
შეგახსენებთ, რომ ზარანდია "არკაში" წლეულს, ზამთარში, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და ეს გოლი პირადად მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო - ის ხომ გუნდში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, ზაფხულში კი გდინიელები ევროპალიგაზე ითამაშებენ...
ზარანდიას პოლონეთში გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...
- უპირველესად, გუნდის და პირად წარმატებას გილოცავთ!
- დიდი მადლობა! მე ახლა მართლაც უზომოდ კარგად ვარ... კარგად კი არა, უმაგრესად.
- ემოციური რომ იყავით, ეს სიახლე არაა, მაგრამ პოლონური ტელევიზიის ნაჩვენებ კადრებში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ...
- რა თქმა უნდა, უდიდეს ემოციებში ვიყავი. უფრო სწორად, ახლაც ასე ვარ და ფინალის ემოციებიდან ახლაც ვერ გამოვდივარ. თამაშის შემდეგ სიხარულისგან ვცახცახებდი... უფრო სწორად, ამის გადმოცემა მიჭირს, რაც მომივიდა. შეუძლებელიც არის, ეს სიხარული და განცდები გადმოვცე, ეს ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს.
- ტრიბუნასთან მისვლაზე აუცილებლად უნდა გკითხოთ. ეს თამაშისწინა ჩანაფიქრი იყო თუ უცებ გადაწყვიტეთ?
- არა, უცებ, ემოციებზე გავვარდი. როგორც გვითხრეს, ფინალზე 55 ათასი ბილეთი გაიყიდა, ჩვენს ტრიბუნაზე კი, როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო და მსურდა, სიხარული ერთად აგვეღნიშნა - ეს ხალხი იმსახურებდა, რომ პირველად სიხარული მათთან ერთად გამეზიარებინა. უზომოდ გახარებული ვიყავი, დიდი ემოცია მქონდა...
დღეს არანაკლები ემოციები დამეუფლა, როდესაც გდინიაში ჩასულებს 10 ათასზე მეტი ადამიანი შეგვეგება და ამ წარმატებას იზიარებდა.
- ალბათ, ამ გოლის შემდეგ სხვა თვალით შემოგხედავენ და ძირითადში მოხვედრის მეტი პრეტენზია გექნებათ...
- რა თქმა უნდა, ამის იმედი მაქვს. ზოგადად, ასეა - ფეხბურთელს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში თავის გამოჩენას ახერხებს, მწვრთნელები მეტად ენდობიან და აწინაურებენ. მაგრამ ერთი თამაშით ვერაფერს დაამტკიცებ, შემდეგ შეხვედრებში უნდა ვაჩვენო, გუნდისთვის სტაბილურად სასარგებლო ფეხბურთელი რომ ვარ. ახლა კი პოლონეთის ჩემპიონატში გადამწყვეტი თამაშების დრო დადგა.
- უცნაურია, რომ ევროპალიგის საგზურის მოპოვების მიუხედავად, "არკას" ექსტრაკლასაში ადგილი გარანტირებული არ აქვს...
- იოლ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიმყოფებით. 5 თამაში დაგვრჩა და მაქსიმალურად მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ, ლიგაში ადგილი რომ შევინარჩუნოთ.
- ნებისმიერ შემთხვევაში, "არკა" ევროპალიგაზე ითამაშებს, რაც თავის გამოსაჩენად მშვენიერი შანსია...
- ევროთასებზე თამაში ძალიან კარგი შანსიც არის და დიდი გამოწვევაც. მაგრამ პოლონეთის ექსტრაკლასაში რომ თამაშობ, სელექციონერების ყურადღებას ისედაც იქცევ, რადგან აქაური ფეხბურთი, საკლუბოც და სანაკრებო დონეზეც აშკარად პროგრესირებს. ხომ ხედავთ, პოლონეთის ნაკრები რა ფეხბურთს აჩვენებს. ყურადღება ლოგიკურია - იციან, რომ პოლონეთში კარგი მოთამაშეები არიან.
- ალბათ, თასის ფინალს ბევრი ევროპული კლუბის წარმომადგენელი დაესწრო...
- შევიტყვე, რომ წარმომადგენლები სხვა ტოპლიგის გუნდებმაც გამოაგზავნეს. თუმცა, კონკრეტულად რომელმა, ეს არ ვიცი. ერთადერთი, ჩვენმა მეკარემ მითხრა, ტრიბუნაზე "მანჩესტერის" სკაუტები არიანო...
- შეხვედრის შემდეგ ასეთი ბედნიერი როდესმე ყოფილხარ?
- იყო დიდი სიხარული. მაგალითად, გია ცეცაძემ 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე რომ მათამაშა. საერთოდ, ნაკრებში ყველა თამაში სიხარულია. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, არა ასაკობრივ გუნდში ან ნაკრებში, არამედ, პროფესიონალებში რომ მივაღწიე წარმატებას.
ამ სიხარულს ისიც აძლიერებს, რომ თასის ფინალში გადამწყვეტი გოლი გავიტანე და ტიტულის მოპოვებაში პირადი წვლილიც შევიტანე.
- პოლონურ მედიას თქვენ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. ერთმა "ქართველი მარადონაც" გიწოდათ...
- ეს გადაჭარბებული შეფასებაა და თავი უხერხულად ვიგრძენი. მაგრამ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, ჩემი თამაში და გოლი ასე რომ დააფასეს.
- საერთოდ, ბოლო ერთი კვირა ქართველებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა...
- თავად მსურდა ამაზე ლაპარაკი და ჩვენი ნაკრების ბიჭებისთვის წარმატება მიმელოცა. არც ვიცი, ასეთი ნაყოფიერი კვირა ქართულ ფეხბურთს ოდესმე თუ ჰქონია. კაშია, კვირკველია და მე თასის მფლობელები გავხდით, ჯიმი ტაბიძეს კი "ურალში" ფაქტობრივად სადებიუტო შეხვედრა რუსეთის თასის ფინალში ჰქონდა. ჩვენი ასაკის მოთამაშეს მწვრთნელი ასეთ თამაშში რომ ენდობა, ეს პატარა ამბავი ნამდვილად არ არის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"