ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაზე: "ვარდარისა" და ბატე-ს უქართველო მოგება-წაგება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველ ფეხბურთელებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ვაკო გვილია "სლავიასთან" წაგებულ მატჩში სათადარიგო იყო, ტრავმირებული ჯაბა ჯიღაური კი "კოპენჰაგენთან" გამართული შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩა.

სწორედ ჯიღაურის "ვარდარი" შეგვიძლია გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობის შემოქმედად შევრაცხოთ. მაკედონიელებმა დანიის საუკეთესო გუნდი, "კოპენჰაგენი" 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჟონათან ბალოტელიმ 65-ე წუთზე გაიტანა.

ასევე 1:0 დასრულდა "სლავიასა" და ბატე-ს დაპირისპირება, მაგრამ, ამჯერად, ქართველი ფეხბურთელის გუნდის მარცხით.

საქართველოს ჩემპიონის, "სამტრედიას" მძლეველმა "ყარაბაღმა", საკუთარ კედლებში, ტირასპოლის "შერიფს" ვერ მოუგო. ბაქოში
გამართული შეხვედრა, რომელშიც უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, უგოლოდ დასრულდა.

ასევე ფრედ ითამაშეს "სტიაუამ" და "პლზენმა". ამ შემთხვევაში, გულშემატკივრებმა 4 გოლი იხილეს. ჩეხი სტუმრები 2-ჯერ იგებდნენ, რუმინელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, მაგრამ 2:2, მათთვის, დადებით შედეგად მაინც არ უნდა შეფასდეს.

თითქმის ყველაფერი გადაწყდა ბერძნული გუნდების წყვილებში. "ოლიმპიაკოსმა" "პარტიზანი" სტუმრად 3:1 დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური თითქმის გაინაღდა.

საპირისპირო შედეგი აჩვენა აეკ-მა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-სთან, საკუთარ კედლებში, 0:2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრავმირებული ჯიღაური განაცხადს მიღმა დარჩა... ჩვენი ფეხბურთელები ევროპაში სათამაშოდ მიდიან თუ ტრავმების მისაღებად? ყველა წასული ეგრევე ტრავმას რატომ ღებულობს? ან თქვენ არ გაქვთ სრული ინფორმაცია და ტრავმებით გვაბოლებთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული