ბუკა ცინცაძის მორიგი ნაბიჯი: "დაუგავა", "ვენტსპილსი" თუ საქართველო

AutoSharing Option
ლატვიის ჩემპიონატი ახლახან დასრულდა. ჩემპიონი დაუგავპილსის "დაუგავა" გახდა, სადაც ორი ჩვენებური თამაშობდა: მცველი ბუკა ცინცაძე და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე, ვინც 18 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირიც შეიქნა.

23 წლის ცინცაძე ათლეტური აღნაგობის ცენტრალური მცველია. ლატვიამდე სომხეთში იყო; მანამდე ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელი გახლდათ.

შეიძლება ითქვას, რომ ბუკამ საკუთარი თავი ლატვიაში შექმნა, "დაუგავაში" ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ცინცაძე 21 ნოემბერს რედაქციაში ვისტუმრეთ და მეტწილად ლატვიურ ავან-ჩავანზე ვესაუბრეთ...

- ლატვიაში მეორე სეზონი ვითამაშე და ჩემპიონი გავხდი. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ორივე სეზონი სტაბილურად ჩავატარე.

- ლატვიაში
რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო ბუმი იყო, ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც კი ითამაშა. ამის შემდეგ რა მოხდა?
- ფეხბურთმა მეორე-მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ლატვიაში ნომერ პირველი სპორტი ამ დროისთვის ჰოკეია, მერე ფეხბურთი და კალათბურთი მოდის. ამიტომაც ჰოკეიზე უფრო მეტი მაყურებელი დადის, ვიდრე ფეხბურთზე.

- "დაუგავას" საშინაო მატჩებზე დაახლოებით რამდენი გულშემატკივარი დადის?
- საშუალოდ, 3-5 ათასი, რაც ვფიქრობ, ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს.

- დაუგავპილსი როგორი ქალაქია, როგორ შეეწყვე იქაურობას?
- ორასი კილომეტრით არის დაშორებული რიგიდან. ლატვიაში მეორე ქალაქია ყველა პარამეტრით. დაუგავპილსში ცხოვრება მოსაწყენი არ არის, რუსულენოვანი, ევროპული ქალაქია. ჩემთვის კი მთავარი ვარჯიში და სპორტული რეჟიმია.

- ბევრისგან გამიგია, ბუკა ცინცაძე ზედმიწევნით რეჟიმისტიაო...
- ინდივიდუალური ვარჯიში აუცილებლობად მიმაჩნია, უამისოდ არ შემიძლია. ტრენაჟორი, ბურთთან ტექნიკაზე ვარჯიში - დღეში საათნახევარი, ხანდახან ორი საათი ვვარჯიშობ ინდივიდუალურად. "დაუგავას" საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და ყველაფერ ამის საშუალება არის.

- ლატვიის ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდი?
- იქაური ფეხბურთელები ფიზიკურად მართლაც ძლიერები არიან. ხშირია მაღალ ბურთზე ორთაბრძოლები. ტემპი ლატვიის ჩემპიონატში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში; სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონატში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ.

- ლატვიურ ფეხბურთში სხვა ქართველებიც არიან ჩართულნი...
- თამაზ პერტია "სკონტოში" მუშაობს აკადემიის ხელმძღვანელად, რიგის "დაუგავაში" კი თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი თამაშობს.

- ფინანსურად რა გაქანების საფეხბურთო კლუბებია ლატვიაში?
- ფეხბურთელების ანაზღაურება დაახლოებით ისეთია, როგორც მოწინავე ქართულ კლუბებში, თუმცა ლატვიაში ზოგს 5-6 ათასი ევროც აქვს ხელფასი.

- ყველაზე მდიდარი კლუბი რომელია ლატვიაში?
- ყველაზე შეძლებულები "ვენტსპილსი" და "ლიეპაია" არიან, მაგრამ ისინი უკან მოვიტოვეთ, რადგან წლევანდელ სეზონში ყველაზე კარგად ჩვენი გუნდი იყო დაკომპლექტებული.

- დაუგავპილსის "დაუგავაში" არცთუ ცოტა იყავით ლეგიონერები...
- ნიგერიელ დანიელ ოლას სამი სეზონი აქვს ნათამაშები იტალიურ "სიენაში". ჩვენთან არიან რუსებიც; ორი მათგანი, პოლოვინჩუკი და იაშინი ოთარ ხიზანეიშვილის თანაგუნდელები იყვნენ მოსკოვის "დინამოში".

რაც შეეხება ჩვენს მწვრთნელს, მოლდოვური წარმოშობის ივან ტაბანოვი, სხვა ლატვიური გუნდებისგან განსხვავებით, ტექნიკურ ფეხბურთს გვათამაშებს.

- მამუკა ღონღაძეზე, ალბათ, ცალკე უნდა ითქვას...
- ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით ვთამაშობდით და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ შეტევაში ჩვენი თამაში სწორედ ღონღაძეზე იყო აწყობილი. მას ძალიან გამორჩეული საგოლე ალღო აქვს. პიპო ინძაგის სტილის ფორვარდია.

- ქართველი გულშემატკივარი ჯერ კარგად არ გიცნობს. საკუთარ ძლიერ მხარეებზე რას გვეტყოდი?..
- აბა, რა გითხრათ?! მიმაჩნია, რომ ორთაბრძოლებში კარგად გამოვიყურები. ცენტრალურ მცველად რომ ვთამაშობ, ამაში ტექნიკაც ხელს მიწყობს.

- ლატვიამდე სომხეთში იყავი და ბარემ იქაურ საფეხბურთო სიტუაციაზეც გვითხარი ორი სიტყვით...
- "მიკას" ძირითადში დასამკვიდრებლად ახალგაზრდული ასაკის გარდა, ისიც ხელს მიშლიდა, რომ დაცვის ცენტრში სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრები თამაშობდნენ. "მიკამდე" ერევნის "არარატშიც" ვიყავი. რა თქმა უნდა, ლატვიის ჩემპიონატი სომხეთისაზე ბევრად უკეთესია.

- და რა იქნება ბუკა ცინცაძის მომდევნო ნაბიჯი?
- ჯერჯერობით ორი კონკრეტული შემოთავაზება მაქვს: "დაუგავა" კონტრაქტის გაგრძელებას მთავაზობს, მოწვევა მაქვს "ვენტსპილსიდანაც". თუმცა საქართველოში თამაშზეც სერიოზულად დავფიქრდებოდი. როგორც ალბათ ყველა ფეხბურთელს, მეც მაქვს იმის ამბიცია, რომ ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება დავიმსახურო და ამას ალბათ საქართველოში თამაშით უფრო მოვახერხებ...

ჩემპიონი ლატვიიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში"?
ქართველებს ლატვიური "დაუგავადან" წასვლა სურთ, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული