გიორგი ჭანტურია: მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი რიგითი ფეხბურთელი ვარ

AutoSharing Option
ეკატერნბურგის "ურალის" საკლუბო ჟურნალში გუნდის თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "ვიტესში" გატარებულ პერიოდზე, ლიონელ მესისთან მსგავსებაზე, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსებსა და რაღა თქმა უნდა, ქართულ ღვინოზე საუბრობს.

- გიორგი, როგორია შენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება?
- კონკრეტულ ამბავს ვერ გავიხსენებ. კარგად მახსენდება ის, როგორც ვთამაშობდი ეზოში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს..

- როგორი იყო ქუჩურ ფეხბურთში გატანილი ყველაზე ლამაზი გოლი?
- ლამაზი ძალიან ბევრი იყო (ეღიმება).

- რას ნიშნავს ყმაწვილისთვის მიწვევა "ბარსელონაში"?
- ეს ნებისმიერი ბიჭუნას
ოცნებაა, ვინც ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი ნაკრები ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე გამოდიოდა. იქ კარგად ვითამაშე, რამდენიმე გოლი გავიტანე. როდესაც შინ დავბრუნდი, "ბარსელონას" წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და ჩასვლა და ერთკვირიანი სინჯების გავლა შემომთავაზეს. მართლაც, ერთი კვირის გასვლის შემდეგ, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე ამისრულდა ოცნება, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს.

- მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩამოდიოდნენ ხოლმე და დაახლოებით ერთი თვით რჩებოდნენ ჩემთან.

- "ბარსელონაში" ყველაზე მეტად რამ გაგაოცა?
- გამაკვირკვა იმან, "ბარსელონას" მოთამაშეები ყველაგან ერთად იყვნენ. ეს უდიდესი ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, როგორც ერთი ოჯახი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეუძლიათ ამ დონეზე თამაში.

- "ბარსელონაში" რატომ არ დარჩი?
- "ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა. მეორე გუნდში ვიყავი, თამაში კი უმაღლეს დონეზე მსურდა.

- დღეს თუ გაქვს ახლო ურთიერთობა რომელიმესთან, ვინც "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში შენთან ერთად ვარჯიშობდა?
- ყოველდღიურად ტელეფონით არავის ვურეკავ, მაგრამ კავშირი მუდმივად მაქვს იკარდისთან, რომელიც ამჟამად "ინტერში" თამაშობს. ურთიერთობა მაქვს რაფინიასთან, სერხიო რობერტოსთან. როდესაც ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, ბარტრას გამოველაპარაკე.

- ხშირად "ქართველ მესის" გიწოდებენ. პირველად როდის მოგიხსენიეს ასე?
- ეს "ვიტესში" მოხდა. პირველი ხუთი მატჩი იმ პოზიციაზე ვითამაშე, სადაც მესი თამაშობს. გავიტანე ოთხი გოლი, გულშემატკივრებმა კი პლაკატი გამოფინეს წარწერით: "ჩვენ არ გვჭირდება "ბარსელონა". ჩვენ გვყავს ჩვენი მესი".

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თამაშის მანერა საერთო გაქვთ?
- არაფერი მსგავსი. ეს ადამიანი ფეხბურთის მეფეა, მე კი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ. რა უნდა გვქონდეს საერთო?

- ეფექტური დრიბლინგი. მაგალითად, როდესაც შენ ერთ მხარეს იყურები, გადაცემას კი სხვა მხარეს აკეთებ...
- როდესაც ანგარაშში წინ ხარ, მსგავს რაღაცებს გულშემატკივრებისთვის აკეთებ, რათა სიამოვნება მიიღონ.

- ჰოლანდიის ჩემპიონატი რითია გამორჩეული?
- ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ის ბრწყინვალე ასპარეზია თავის გამოსაჩენად, შემდეგ კი უფრო მაღალი კლასის გუნდში გადასასვლელად. ჰოლანდიის შემდეგ მე იტალიაში, "ვერონაში" წავედი. ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი.

- "ვიტესში" ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდა?
- ეს იყო დიდი დერბი - "ვიტესი" "ნეიმეგენს" ეთამაშებოდა. სტუმრად ვთამაშობდით. "ვიტესს" კი იქამდე 11 წელი არ ჰქონდა "ნეიმეგენთან" მოგებული. და ჩვენ გავიმარჯვეთ 1:0. ჯერ გოლი გავიტანე, შემდეგ კი წითელი ბარათი მივიღე. ის მატჩი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

Sportall.Ge

- წითელი ბარათი რისთვის მიიღე?
- მეტოქესთან კინკლაობისთვის. ორივე გაგვაძევეს.

- 2012 წელს, რუსეთში პირველად ჩამოსვლის გადაწყვეტილება იოლად მიიღე?
- ჰოლანდიაში მწვრთნელთან არცთუ კარგი ურთიერთობა მქონდა. "ალანიაში" მიმიწვიეს 6-თვიანი იჯარით. გუნდი ბოლო ადგილზე იყო და დახმარება სჭირდებოდა. მახსოვს, კარგი მატჩები ჩავატარე. ძალიან დამენანა, რომ "ალანია" პრემიერლიგიდან გავარდა.

- "ალანია"-"დინამოს" მატჩში მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელშიც შენც მონაწილეობდი. დღეს როგორ უყურებ იმ ინციდენტს?
- ფეხბურთში ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ყველას აქვს ნერვები, ემოცია. თანაც, თამაშის მიწურული იყო, 88-ე წუთი მიმდინარეობდა. როდესაც კოკორინმა უხეშად ითმააშა ჩემი თანაგუნდელის წინააღმდეგ, გუნდში ყველა აღშფოთდა. მაგრამ ამ ამბავს აღარ ვიხსენებ, დიდი ხნის წინ იყო...

- კოკორინს ხელს ჩამოართმევ?
- რა თქმა უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ?

- ნაკრებში პირველად გამოძახების შესახებ როგორ შეიტყვე?
- ეს ოთხი წლის მოხდა, როდესაც ჰოლანდიაში ვთამაშობდი. ლოგიკურიც იყო, ნაკრებში რომ დამიძახეს. კარგად ვთამაშობდი, ვიტანდი. ეროვნული გუნდის პირველსავე შეხვედრაში გოლი გავიტანე და მოვიგეთ.

- როდესაც ნაკრების შეკრებაზე მიდიხარ, შინ შევლას ასწრებ?
- ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ის გვრთავს დღის ოჯახთან ერთად გატარების საშუალებას. როგორც წესი, სასტუმროში ვცხოვრობთ, სადაც მოსანახულებლად მოდიან ოჯახის წევრები და ნათესავები. 11 საათამდე შეგვიძლია ერთად ვიყოთ.

Sportall.Ge

- რუსეთის ჩემპიონატზე კითხვებს ნაკრებში ყველაზე მეტად ვინ გისვამს?
- საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ. ჯანო, კვირკველია დიდი ხანია, აქ გამოდიან. ახლახან ოქრიაშვილიც გადმოვიდა. ყველაზე ხშირად რუსეთზე კაპიტანი გურამ კაშია მეკითხება ხოლმე, რომელიც ჰოლანდიაში თამაშობს. შარშან ჰქონდა რუსეთიდან წინადადება, თუმცა კლუბთან ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკეს.

- რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო მოხვდება?
- იმედია, რომ შევძლებთ გასვლას. ჯგუფში საკმაოდ ძლიერი გუნდები გვყავს, მაგრამ ჩვენც კარგი ნაკრები გვყავს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოვინდომებთ. იმედია, ყველაფერი გამოვა, თუ არა და, ჩამოვალ ტურისტად.

- ეკატერინბურგში ქართული სამზარეულო შეაფასე?
- რა თქმა უნდა. არის 3-4 რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულოს კერძებს გემრიელად ამზადებენ.

- თავად შეგიძლია მომზადება?
- არა, არც მიყვარს (ეცინება). ამისთვის ბიძა მნყავს, რომელიც ბრწყინვალედ აკეთებს კერძებს. ახლაც, ინტერვიუს რომ მოვრჩებით, სასწრაფოდ მასთან გავჩნდები.

- თბილი ტანსაცმელი შეიძინე?
- რაღაცები უკვე ვიყიდე. ყველა იმას ამბობს, რომ ძალიან ეციება. მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ვიგრძენი.

- თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო მეტ დროს ატარებ მოედანზე. ეს ნიშნავს, რომ ფორმა სრულად აღიდგინე?
- დიახ, ფიზიკური ფორმა აღვიდგინე, უკეთაც ვიგებ მწვრთნელის მოთხოვნებს, შევეწყე თანაგუნდელებს. ამის გამო ჩემი თამაში უკეთესი გახდა და შესაბამისად, მოედანზეც უფრო ხშირად ვჩანვარ. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია გუნდისთვის.

- ხშირად იღიმები. ეს დამახასიათებელია ქართველებისთვის?
- რა თქმა უნდა. ყოველთვის ვცდილობ, გავიღიმო. მით უმეტეს, რომ თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- მირჩიე, თბილისში თუკი მოვხვდები, სად უნდა წავიდე აუცილებლად?
- დამირეკე, როგორც კი იქ მოხვდები. თბილისში უამრავი კარგი ადგილია.

- ღვინოებში კარგად ერკვევი?
- ბუნებრივია, უფრო ქართულ ღვინოებში. ჩვენთან ეს მთელი კულტურაა. ღვინოს საქართველოში ტაძარშიც კი სვამენ. ძილის წინ ერთი ბოკალი სუფთა ღვინის მირთმევა, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

- ეკატერინბურგში შეიძლება ნამდვილი ქართული ღვინის შეძენა?
- მგონი, არა. ამასწინათ საქართველოდან მესტუმრნენ მეგობრები და მათ ჩამომიტანეს ცოტა ღვინო.

- სოციალურ ქსელებს როდის გაუშინაურდი?
- დაახლოებით სამი წლის წინ. 20 წლამდე არ ვსარგებლობდი, არ მაინტერესებდა. მქონდა მხოლოდ WhatsApp ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. სოციალური ქსელების მოხმარება ჰოლანდიაში დავიწყე, მომეწონა და ახლაც სიამოვნებით ვიყენებ.

საქართველო პატარა ქვყანაა. ადამიანებს განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ.

Sportall.Ge

- შენს რომელ ფოტოსურათს აქვს ყველაზე უჩვეულო ისტორია?
- უწინ, როცა დაქორწინებული ვიყავი, მქონდა ფოტოსურათები, რომლებიც განქორწინების შემდეგ წავშალე (იცინის). სწორედ იმ ფოტოსურათებს უკავშირდებოდა დაუჯერებელი ამბები. ახლა უფრო ემოციურ ფოტოებს ვაქვეყნებ, მაგალითად - გოლის სიხარულის ამსახველს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული