პირველად უეფას ისტორიაში... საგანმანათლებლო პროგრამა ქართულად!

AutoSharing Option
მოვლენა, რომელიც ბევრისთვის რიგით ღონისძიებას წარმოადგენდა, სინამდვილეში, დიდი ხნის ნაფიქრი პროექტის ხორცშესხმა იყო - უეფას საგანმანათლებლო პროგრამა "საფეხბურთო მენეჯმენტი" არა ინგლისურად, არამედ ქართულ ენაზე ჩატარდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მშობლიურ ენაზე შეძლო. ქართულ ფეხბურთში განათლების აშკარა დეფიციტია და იქნებ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს...

პირველი სემინარი სასტუმრო "ჰუალინგში" ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც გასაუბრების შედეგად შეარჩიეს. პროექტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია მონაწილეებს ფეხბურთის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა
და სალექციო კურსის გეგმა გააცნო. ფეხბურთის ფედერაცია ამ პროგრამას ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, მსმენელთათვის უფასოა და ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ემსახურება. ეს პროგრამა არის უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგი და უეფასვე დაფინანსებით ხორციელდება.

მსმენელები გაეცნობიან მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებსა და სფფ-ის იურისდიქციას, შეისწავლიან ფინანსური დაგეგმვის, ადამიანური რესურსებისა და სტრატეგიული მართვის, ღონისძიებების ორგანიზების, სტადიონებისა და უსაფრთხოების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. პროგრამა 2017 წლის ივლისში დასრულდება, სერთიფიკატები კი მხოლოდ წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ.

პროგრამის გახსნის ცერემონიაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა:

"თქვენ ხართ ის 30 ადამიანი, ვინც ამ პროგრამას ქართულ ენაზე პირველად გაივლის. საფეხბურთო განათლების ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს, პირველ ნაკადში, სწორედ საფეხბურთო სფეროში დასაქმებულები მონაწილეობთ. გილოცავთ, რომ საკმაოდ რთული კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეთ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ლექტორები ცოდნას, გამოცდილებასა და ძალისხმევას არ დაიშურებთ, რათა ამ ადამიანებისთვის ეს კურსი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს".

სარა ჰოლმგრენი, უეფას საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი:

"საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც უეფას საგანმანათლებლო კურსის ანალოგიური ქართული ვერსია შექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მონაწილეთა საფეხბურთო განათლებასა და ზოგადად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა არველადზეების ფონდს,ეს მატი დამსახურებაა და კერძოდ რევაზ არველაძის
giorgi
01:47 10-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული