ორი ქართული სიხარული - "დინამოს" და "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდების წარმატება

AutoSharing Option
ერთდროულად ორი ქართული გუნდის წარმატებით დასრულდა ერთიმეორეზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა და "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდები (2004 წელს დაბადებულები) მონაწილეობდნენ.

ამ კლუბების ასაკობრივი გუნდები უკვე წლებია, საქართველოში დომინირებენ და ორმაგად სასიხარულოა, რომ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზეც აღწევენ...

ზედიზედ მეორედ!
1964 წელს, როცა თბილისის "დინამო" პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სხვებთან ერთად ამ მართლაც ისტორიული წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ალექსანდრ აფშევიც გახლდათ - წ
არმოშობით ნალჩიკელი ფეხბურთელი, ვისი სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ტურნირიც უკვე წლებია, რაც ტარდება ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში.

სასიამოვნოა, რომ აფშევების ოჯახი საქართველოს არ ივიწყებს და ჩვენს ბავშვთა გუნდებსაც სისტემატურად ეპატიჟებიან ნალჩიკის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე. ასე იყო შარშანაც, როცა ტურნირი ვალერი გაგუას გაწვრთნილმა "საბურთალოს" ასაკობრივმა გუნდმა (2003 წელს დაბადებულნი) მოიგო.

და აი, "საბურთალოს" მორიგი წარმატებაც - ამ კლუბის ასაკობრივმა გუნდმა (2004 წელს დაბადებულნი) ალექსანდრ აფშევის სახელობის წლევანდელი საერთაშორისო ტურნირი მართლაც "ერთი ამოსუნთქვით" ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული!

გიორგი ღამბაშიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალოს" ასაკობრივმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ნალჩიკის "სპარტაკს" მოუგო 3:0 (გოლები: დავით ბერია, დავით გოცირიძე, თემო გოგნაძე), შემდეგ კი ვოლგოგრადის "ზენიტს" უჩვეულოდ დიდი ანგარიშით მოუგო - 14:0 (გოლები: დათო გოცირიძე - 5, ნიკა გუჯეჯიანი - 5, ლუკა მამულაშვილი, ლუკა წულუკიძე, გიორგი წოწორია, გიორგი გოჩიაშვილი).

ჯგუფში მესამე მატჩი "საბურთალომ" 1:1 (გოლი: ლუკა მამულაშვილი) ითამაშა ვლადიკავკაზის "იუნოსტთან", ბოლო მატჩში კი "ასტრახანს" მოუგო - 2:0 (გოლები: ლუკა მამულაშვილი, ნიკა გუჯეჯიანი).

ამის შემდეგ გადამწყვეტი პაექრობების დრო დადგა და ჩვენს ჭაბუკებს, საფეხბურთო ოსტატობასთან ერთად, მტკიცე ნერვებიც აღმოაჩნდათ. თავად განსაჯეთ: ნახევარფინალშიც (მახაჭყალის "ანჟისთან") და ფინალშიც (ნალჩიკის "სპარტაკთან") ძირითადი დრო 1:1 დასრულდა (ნახევარფინალში გოლი ნიკა გუჯეჯიანმა გაიტანა, ფინალში - ლუკა წულუკიძემ) და ორივე შემთხვევაში "საბურთალოს" გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

ტურნირის დასრულების შემდეგ "საბურთალოს" გუნდს თასი და ოქროს მედლები გადაეცა. ამას გარდა, რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პრიზითაც დაჯილდოვდა: საუკეთესო მეკარედ ვაჟა აბჟანდაძე აღიარეს, საუკეთესო ფეხბურთელად - ლუკა წულუკიძე, საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ღამბაშიძე.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ მაღალი შეფასება მისცა ტურნირს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარეობისთვის.

დაბოლოს, "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდის სრული შემადგენლობა: ვაჟა აბჟანდაძე, საბა ბოჭორიშვილი, თემო გონგაძე, გიორგი გოჩიაშვილი, ბექა ბაქაქური, გიორგი ბართია, ნიკა ტაბატაძე, ლუკა მამულაშვილი, დავით ბერია, გიორგი წოწორია, ნიკა გუჯეჯიანი, ბესო ტაბიძე, დათო გოცირიძე, რეზი ჯოჯუა, ლუკა კობაიძე, ლუკა წულუკიძე, გიორგი მანია, ნიკა მანჯგალაძე, ნიკა დადიანი, რაულ ბეგიაშვილი, გიორგი კაკაურიძე.

ტრიუმფი დაღესტანში
არცთუ დიდი ხნის წინათ "ლელომ" ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას და სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მეპატრონემ ბავშვთა ფეხბურთის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.

კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა, "დინამოს" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებულიყო და უცხოელ თანატოლებთან პაექრობებში მიეღოთ გამოცდილება მოზარდებს.

და აი, "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა მახაჭყალაში გამართულ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტუნირზე და "კასპიის თასის" დამსახურებული გამარჯვებულიც გახდა!

"დინამოს" ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი ბორის გონჩაროვია. ესეც შემადგენლობა: გიორგი ქავთარაძე, აკაკი მელაძე, ლადო ოდიშვილი, ზაურ სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი, ნიკოლოზ შურღაია, ირაკლი აზაროვი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკოლოზ კერესელიძე, დავით გოგოტიშვილი, საბა ხვადაგიანი, ლუკა ქემოკლიძე, ლაშა ფაილოძე, ლუკა ბაბლუანი, ლუკა ხარშილაძე, ჯადული იობაშვილი, ლუკა გაგნიძე.

"დინამომ" პირველი მატჩი დიდი ანგარიშით მოუგო ბაქოს "ნეფთჩის" - 5:1 (ბაბლუანი - 2, გაგნიძე, აბუაშვილი, სიჭინავა). მეორე მატჩი მასპინძლებთანაც წარმატებული გამოდგა - "ანჟის" 2:1 (აზაროვი, ხვადაგიანი), ხოლო ვლადიკავკაზის "იუნოსტს" დიდი ანგარიშით მოუგეს - 4:0 (ქემოკლიძე, იობაშვილი, სიჭინავა, აბუაშვილი).

"დინამოს" მოზარდებმა გადამწყვეტი მატჩებიც წარმატებით ჩაატარეს: ნახევარფინალში "როსტოვს" მოუგეს გიორგი აბუაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით, ხოლო დაძაბულ ფინალურ დაპირისპირებაში კიდევ ერთი რუსული გუნდი - "კრასნოდარი" დაამარცხეს - 2:1 (გიორგი ფაილოძე, ლუკა ბაბლუანი).

ტურნირის გამარჯვებულ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ოქროს მედლები გადაეცათ, ხოლო გიორგი აბუაშვილი "კასპიის თასის" წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მახარებს ნიჭიერი ბავშვები გვყავს მთავარია შრომა . ინგრასტუქტურას თუ მიეხედება ჩემპიონატის დონეც ცოტა აიწევს კიდევ და შედეგიც მოვა მე მჯერა ამ ბავშვების. მეტი კვალიფიციური მწვრთნელია ბავშთა ფეხბურთში საჭირო ასევე გადასახადიდან განთავისუფლდნენ ბავშვები წარმოიდგინეთ რამდენი ქინქლაძე გვეკარგება იმის გამო რომ მათ მშობლებს 100 ლარი არააქვთ ფეხბურთზე ატარონ ბავშვები და მიხვდებიტ!!!!
გიორგი
13:49 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული