რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე

AutoSharing Option
ნიონის წილისყრამ ქართული კლუბების მეტოქეებიც გაარკვია. ვეცდებით, ექსპერტის თვალით შევაფასოთ ჩვენი გუნდების შანსები ჩემპიონთა ლიგის მეორე და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა ლევან ხომერიკთან. ახლო წარსულში ის ბათუმისა და თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო. ბოლო დრომდე იმავე ბათუმის "დინამოს" წვრთნიდა, ახლა კი სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზა აქვს აღებული.

სამტრედია-ყარაბაღი
- რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონს რთული მეტოქე ერგო, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა,
ჩვენი ჩემპიონი განუთესავი იყო და იოლი მოწინააღმდეგე აქ უბრალოდ არ არსებობს. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ "სამტრედია" ამ წყვილში უპირობო აუტსაიდერია.

ვეცდები, ჩემი მოსაზრება გავამყარო. გასაგებია, რომ რასაც ჰქვია საკლუბო სტრუქტურა და ფინანსები, ამ მხრივ ჩვენს მეტოქეს აქვს უპირატესობა. მას ჰყავს ძვირად ღირებული ლეგიონერები, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის ყველაფერს არ წყვეტს.

მე ძალიან მომწონს გია ცეცაძის მუშაობის სტილი და საფეხბურთო ფილოსოფია. ევროთასებზე ყველაფერს ორმატჩიანი დუელი წყვეტს და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, "სამტრედიამ" ამ მეტოქესთან შეხვედრაში თავის გეზს არ უნდა გადაუხვიოს და არც გადაუხვევს - უნდა ითამაშოს სწრაფი, აგრესიული ფეხბურთი. ამ გუნდის პლუსად მიმაჩნია ისიც, რომ როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში ყველა მოთამაშემ ზუსტად იცის თავისი ადგილი.

დინამო (ბთ)-იაგელონია
- ცოტა რთულია ჩემთვის ბათუმის "დინამოზე" საუბარი. რა თქმა უნდა, რთული მოწინააღმდეგეა "იაგელონია", პოლონეთის ჩემპიონატის მეორე გუნდია და ამით ბევრი რამაა ნათქვამი... ვნახე ამ გუნდის თამაშები და ქომაგებიც. შინ ძალიან მაგრად გულშემატკივრობენ...

თამაში ყველასთან შეიძლება და, მათ შორის, "იაგელონიასთანაც". ისე, ჩვენ ადრე ვეთამაშეთ ამ გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე. მაშინ "დინამოს" შოთა ჭეიშვილი წვრთნიდა. თუ არ ვცდები, 2015 წლის იანვარი იყო. მას შემდეგ "იაგელონიაში" შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ, მოგეხსენებათ, სტილი არ იცვლება.

მე "იაგელონია" დამამახსოვრდა, როგორც მორბენალი და ძალიან დისციპლინირებული გუნდი, რომელსაც ჰყავდა შესანიშნავი, სწრაფი გარემარბები. ის შეხვედრა ჩვენ 1:0 მოვიგეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე ვიყავით კონცენტრირებულები და დიდი ყურადღებით ვითამაშეთ, განსაკუთრებით - დაცვაში.

როგორც ვიცი, ბოლო წამს გადაწყდა, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში უნდა გაიმართოს. კარგი იქნება, თუ მოვიგებთ თუნდაც მინიმალური სხვაობით და გოლს არ გავუშვებთ.

ჩემი აზრით, აქ შეიძლება საჩვენოდ ითამაშოს ერთმა ფაქტორმა - "იაგელონია" თავს ალბათ უპირობო ფავორიტად ჩათვლის....

ტორპედო-ტრენჩინი
- "ტორპედო" ძალიან კარგ ფორმაში ხვდება ევროთასებს. მახარებს კახა ჩხეტიანის წარმატება. მას უდიდეს პატივს ვცემ. "ტრენჩინი" არ არის გრანდი, მაგრამ დღეს ქართული კლუბები არ არიან იმ დონეზე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგესთან აშკარა ფავორიტებად ჩაითვალონ.

"ტორპედოს" მწვრთნელზე უკვე ვთქვი. ამას გარდა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც გამოცდილება არ აკლიათ. შანსებს აქაც თანაბრად შევაფასებდი. ეგაა, არ უნდა მოვდუნდეთ პირველიდან ბოლო წამამდე.

ჩიხურა-ალტახი
- საჩხერულ კლუბს აქვს ევროთასებზე თამაშის დიდი გამოცდილება. კარგა ხანია, ეს ფეხბურთელები ერთად მოდიან, არც მწვრთნელს სჭირდება ჩემი ქება - სოსო ფრუიძის სასარგებლოდ მეტყველებს ის წარმატებული წლები, რომელიც მან ამ გუნდში გაატარა.

საქმე გვექნება ძალიან ორგანიზებულ, ტიპურ ევროპულ გუნდთან. არ უნდა დაიკარგოს კონცენტრაცია, როგორც ეს "ჩიხურას" მოუვიდა წინა ევროთასებზე, "ზიმბრუსთან" შეხვედრაში. მგონია, რომ რთულად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა.

ჩემი აზრით, ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იქნება ამ წყვილში და ბევრს გადაწყვეტს ცალკეული ნიუანსები. დიდი იმედი მაქვს გუნდისა და მწვრთნელის გამოცდილების.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შეტევიტი ტაკტიკა რომ აირშია ცეცადზემ გაბალასტან იმიტომ წავაგეტ 5/1 პირიკიტ დაცვაში უნდა ვიკოტ და კონტრ შეტევებზე უნდა ავაგოტ ტამაში ;ტუ გვინდა სამარცხვინოდ არ წავაგოდ
0
იმედია ანახებთ სამივე თამაშს ვინმემ მომწერეთ თუ ანახებთ 29 ივნის არ არის ვაფშე ჩამონათვალში ლივე მაინც იყოს
gura
12:49 24-06-2017
0

სიახლეები პოპულარული