ზაფხულის სატრანსფერო ამბებში რატომღაც რუსეთის პრემიერლიგელი "კრასნოდარისა" და საქართველოს ნაკრების მეკარის ჩამოსვლა დაიჩრდილა. არადა, დანიელებთან პირველ მატჩში გამოჩნდა, რევიშვილი გორელებისთვის რამხელა ძალაა - მშვიდი და საიმედო მეკარე თანაგუნდელებს შეტევებისთვის ზურგს უმაგრებდა.
და თუ სეზონის უმთავრეს შენაძენებზე მიდგება ლაპარაკი, რევიშვილის დაბრუნება, უდავოდ, გამორჩეული მოვლენა იქნება. თუმცა, სავარაუდოდ, კიპერი გორულ კლუბში მცირე ხნით ითამაშებს და მერე ისევ უცხოეთში გაემგზავრება.
- რუსეთის პრემიერლიგის კლუბიდან ქართულში გადასვლა იოლი გადასაწყვეტი არ იქნებოდა...
უთავმოყვარეო მეკარე არ ვარ, რომ რუსეთში მხოლოდ ხელფასის აღებით დავკმაყოფილებულიყავი და თამაშზე არ მეფიქრა. სათამაშო პრაქტიკა და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება რომ მსურს, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და მიმაჩნია, ძალიანაც სწორად მოვიქეცი. ბოლოს და ბოლოს, ევროპის ლიგაზე გამოვდივარ, რაც ძალიან კარგი პრაქტიკაა.
საერთოდ, სადაც უნდა იყო, მაღალ დონეზე უნდა ითამაშო. გორის "დილაშიც" ამ განწყობით ჩამოვედი.
- ალბათ, დროებით...
- მეც ვიმედოვნებ, რომ მალე უკეთეს ლიგაში გადავალ.
- ამტკიცებდნენ, რომ რუსეთსა და უკრაინაში რეალური მიწვევები გქონდა. თუ ასეა, გორში რატომ წამოხვედი?
- მთხოვეს, რომ ევროთასებზე "დილას" დავხმარებოდი. ამ შანსზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა.
- სად გიწვევდნენ?
- აზერბაიჯანში, კახა ცხადაძე "ინტერში" მიწვევდა. კახასთან მუშაობა კარგი იქნებოდა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეც საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ჩემს ასაკში იქით წასვლა არ მსურდა. 26 წლის ვარ, ამბიციები მაქვს და ნაკრებში გამოსვლა მსურს. თანაც, ქართული გუნდის დახმარება ვარჩიე, ფორმასაც აღვიდგენ და მერე, იმედია, რომელიმე ძლიერ ლიგაში გადავალ.
- გორის "დილაზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩა?
- მშვენიერი გუნდი შეიკრიბა. "დილაში" მეგობრული ვითარებაა, რაც ძალიან მომწონს და მეორეც - ნიჭიერი ბავშვები თამაშობენ. კარგი მწვრთნელის, გამოცდილი და ნიჭიერი მოთამაშეების ნაზავი გვყავს - კობახიძე, გორელიშვილი, ილურიძე, აბურჯანია და გვალია დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელები არიან.
ეგაა, შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. ან რა გასაკვირია, სეზონის დაწყებამდე 8 ახალი მოთამაშე წარგვადგინეს და გუნდი ახლა "იქოქება". დარწმუნებული ვარ, "დილა" თუ შეინარჩუნეს, ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
- "ოლბორგთან" განმეორებით შეხვედრაში გუნდის შანსებს როგორ აფასებ?
- იქ მძიმე მატჩი გველის. საერთოდ, შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და დიდი ანგარიშით ამიტომაც მოვიგეთ. თავადაც ნახეთ, ბიჭებმა როგორ ითამაშეს. იღბალიც ჩვენკენ იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს მაინც არ ველოდი.
იმედია, საპასუხო შეხვედრაშიც ღირსეულად ვითამაშებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]