ფრაგმენტები ჩემი კარიერიდან: ილია კოკაიას ტყუილში ამყოფებდნენ

AutoSharing Option
ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს კარგი აგენტის ყოლა, რადგან ფეხბურთელსაც სჭირდება კარგი მრჩეველი, ისეთი აგენტი, რომელიც საკუთარის გარდა, ფეხბურთელის ინტერესებზეც ფიქრობს.

ზაზა ზირაქიშვილი ფეხბურთს მართლაც კარგად თამაშობდა.

სწრაფი, მოდრიბლინგე, გოლის გამტანი თავდამსხმელი იყო. 2001 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, მაშინ ზაზა "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ.

ზირაქიშვილის ჰქონდა შანსი, 21 წლის ასაკიდან უკვე სერიოზული ლეგიონერული კარიერა შეექმნა, კარგად დაიწყო ეს საქმე, მაგრამ...

მერე რაც მოხდა, ამაზე თვითონ ზირაქიშვილი ლაპარაკობს. ვფიქრობ, მისი მონაყოლი საყურადღებო უნდა იყოს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის...

...რუსთავის
"გორდას" ფეხბურთელი ვიყავი, როცა რიგის "სკონტოში" გადასვლა შემომთავაზეს.

უარი ვთქვი, ლატვიური ფეხბურთის დონე მაშინ არ მაკმაყოფილებდა და უკეთეს შემოთავაზებას ველოდი.

მანამდე ისრაელში, რიშონ ლეციონის "ჰაპოელში" ვიყავი, კლუბმა ბინა და მანქანა გამომიყო, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმე არ გამოვიდა, ტრანსფერში ებრაელი აგენტი იყო ჩართული...

ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრაში თბილისის "დინამოსთან" 2:4 წავაგეთ, ორივე გოლი მე გავიტანე და თამაშის შემდეგ ილია კოკაიას შევხვდი, რომელიც დაესწრო ამ თამაშს.

კოკაია არ იყო ლიცენზირებული აგენტი, თუმცა შემპირდა, მეორე ბუნდესლიგის გუნდში მოგაწყობო.

აქედან ორ კვირაში გერმანიაში, ვისბადენში ჩავფრინდი, ვიღაც პორტუგალიელი დამხვდა, ოფიციალური აგენტი არც ის გახლდათ.

ვისბადენში რომ ჩავედი, კოკაიაც იქ იყო. ამ პორტუგალიელმა "ფარენსეში" გასინჯვაზე წასვლა შემომთავაზა. იმ დროისთვის ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო და მეც დავთანხმდი.

ფარუში მე და ის პორტუგალიელი წავედით. ოქტომბრის ბოლო იყო და სატრანსფერო ფანჯარაც დახურული იყო.

"ფარენსეში" ერთი თვე მაკვირდებოდნენ. ნოემბრის ბოლოს კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.

კოკაიამ ეს რომ გაიგო, პორტუგალიაში ჩამოვიდა. 6 თვე პლუს ერთი წელი - ამ სისტემით გავაფორმე ხელშეკრულება "ფარენსესთან"...

რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, სეზონის მეორე ეტაპიდან შემეძლო ოფიციალურ მატჩებში თამაში, მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრებში მიწევდა მინდორზე გასვლა.

ვითამაშე დორტმუნდის "ბორუსიასთან", მერე სამხრეთ კორეის გუნდთანაც და აზიელებმა მაშინვე კონტრაქტი შემომთავაზეს - "ფარენსეს" ჩვენ გავისტუმრებთ და თვეში 10 000 დოლარს მოგცემთ ხელფასსო.

იმ დროისთვის ეს კარგი შემოთავაზება იყო, რაზეც, რა თქმა უნდა, მაინც უარი ვთქვი, 21 წლის ვიყავი, მომავალზე ვფიქრობდი და ევროპაში მერჩია თამაში...

სეზონის მეორე ეტაპის დაწყების დროს ტრავმა მივიღე, კუნთი დამეჭიმა და სამი კვირა გამიცდა, დავიწყე ვარჯიში და კუნთმა ისევ შემახსენა თავი. ამის გამო კიდევ ორი კვირა ვერ ვითამაშე.

"ფარენსეში" კი მაშინ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი ლეგიონერი ჰყავდა და მათში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი.

სამატჩო განაცხადში სისტემატურად ვხვდებოდი, მაგრამ თამაში არ მიწევდა. პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა რჩებოდა, "ლეირიასთან" შეცვლაზე რომ შევედი.

ანგარიში 1:1 იყო, როცა ორ მეტოქეს ვაჯობე და ლამის ცენტრიდან გავიტანე - მეკარე წინ იყო გამოსული და ამით ვისარგებლე. ის თამაში 4:1 მოვიგეთ, ყველაზე მეტად კი ჩემი წარმატება, მგონი, გუნდის ექიმს გაუხარდა. ის ჩემს ტრავმიანობას ძალიან განიცდიდა...

მომდევნო ორ ტურშიც ვითამაშე. "ფარენსეს" ესპანელი პაკო ფორტესი წვრთნიდა, ვინც ერთი პერიოდი "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. ფორტესის რეკომენდაციით კლუბმა ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა - ორწლიანი ხელშეკრულება გაორმაგებული ხელფასით.

"ფარენსედან" 18 ფეხბურთელი გაუშვეს და 12-ს გვტოვებდნენ, ახალი მოთამაშეების დამატება უნდოდათ...

"გორდადან" გათავისუფლების ფურცელი უკვე აღებული მქონდა, სატრანსფერო თანხა გადასახდელი არ იყო და "პადიომნის" სახით ფული ჩემზე მოდიოდა.

შემეძლო, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება, არც ერთ აგენტთან ხელშეკრულება არ მქონდა გაფორმებული, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე რევაზ ძოძუაშვილი და კოკაია.

ვიცოდი, რომ კოკაიას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა "გორდას" წინაშე. "ფარენსემ" კი მითხრა - არანაირი კოკაია, ჩვენ მოგხედავთო. უკვე ნოტარიუსში მივდიოდით, როცა ისევ გაისმა ზარი - ძოძუაშვილიც მირეკავდა და კოკაიაც, ცალ-ცალკე მელაპარაკებოდნენ და ორივე მეუბნებოდა - "კიოლნში" მოგაწყობთო. მოკლედ, "ფარენსეს" უარი ვუთხარი...

გინდ კაცობაში ჩამითვალეთ ეს გადაწყვეტილება, გინდ სისულელეში - ფაქტია, რომ საკუთარი საქმე და ინტერესი უკან გადავწიე. კოკაიას ვალდებულება რომ ჰქონდა "გორდასთან", ამას გავუწიე ანგარიში, თორემ მე არავის წინაშე არ ვიყავი ვალდებული...

პორტუგალიიდან გერმანიაში ჩავედი კოკაიასთან. იქაური გუნდები შვებულებაში იყვნენ და მეც თბილისში წამოვედი, ივლისში კი ისევ გერმანიაში ჩავფრინდი და კოკაიამ მეორე ბუნდესლიგის "უნტერჰახინგში" წამიყვანა გასინჯვაზე.

ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, სანაკრებო პაუზის დროს "უნტერჰახინგს" "ბაიერნთან" ჰქონდა ამხანაგური მატჩი და გერმანელებმა თქვეს - ამ შეხვედრაშიც ვათამაშებთ ზირაქიშვილს და საკონტრაქტო თანხაზე საბოლოო გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთო...

ამის მერე კოკაია დაელაპარაკა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გუცაევს - იტალიასთნ გვაქვს მატჩი თბილისში ამ თამაშში გადავწყვიტოთ საქმეო.

წამოვედი გერმანიიდან, მივედი ნაკრებში და გუცაევმა, ფაქტობრივად, მარჯვენა მცველად დამაყენა იტალიასთან. ისედაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი, ჩემი მომავალი წყდებოდა, იტალიას ვეთამაშებოდით, ამ თამაშამდე აქეთ-იქით ვიწიწოწიალე და...

მე-20 წუთზე გუცაევმა მოედნიდან გამიყვანა. პირველ წუთებში, ცოტა არ იყოს, "აჭრილი" ვიყავი, მაგრამ მძიმე შეცდომა ნამდვილად არ დამიშვია.

თამაშის მერე გუცაევი მეუბნება - ისრაელში უნდა წახვიდეო. მე ძოძუაშვილს მივუბრუნდი და ვუთხარი - ერთმანეთში ვერ დაგილაგებიათ საქმე და თქვენი არაფერი არ მინდა-მეთქი...

...გავიდა წლები. კოკაიამ "ზესტაფონი" ჩამოაყალიბა და მთხოვა - მოდი, გვერდში დამიდექიო. ბაქოს "ინტერიდან" მივედი "ზესტაფონში", არანაირი "პადიომნი" არ ამიღია, კოკაიამ - ახლა ფინანსურად არ მილხინსო.

ის სეზონი მართლაც კარგად ვითამაშე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ "ზესტაფონთან" განშორებამ მომიწია.

"ლოკომოტივთან" თასის ფინალში ზურაბ იონანიძეს გოლი არ ჩაუთვალეს, მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს. მატჩის შემდეგ ჟურნალისტს ვუთხარი - სანამ ვიდეოჩანაწერს არ ვნახავ, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა თამაშგარე-მეთქი.

მეორე დღეს კი გაზეთში დაიბეჭდა, თითქოს მე ვთქვი, რომ თამაშგარე იყო და საკუთარი გუნდის წინააღმდეგ გამოვედი. არ ვიცი, რატომ დაიწერა ასე...

მაშინ "ზესტაფონში" ბევრი სიბინძურე ხდებოდა და ცხადია, ეს ყველაფერი ვიცოდი. იქ იცოდნენ, რომ კოკაიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და არ აწყობდათ "ზესტაფონში" ჩემი ყოფნა.

კოკაიას ტყუილებს ეუბნებოდნენ. მეწყინა, რაც მოხდა - კოკაიას არ სჭირდებოდა ჩემზე სხვისგან რაღაცების მოსმენა... არც კი დამლაპარაკებია, შემომითვალა - გუნდიდან წავიდესო.

ასე გაიმარჯვეს ჩემზე "ზესტაფონში". გუნდს მაშინ თემურ მახარაძე წვრთნიდა, თანაშემწედ კი დავით გენძეხაძე ჰყავდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
გორგი კი არ გაამტყუნა კომიტეტმა, ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა.თუ კლუბი გაამართლეს, მაშინ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილების ის ნაწილი სადაც სფფ მიუთითებს კლუბს დარღვევებზე. დაინახეს მდიდარი გორგიაშვილი და ღარიბ-ღატაკი კოკაია, რომელსაც არ შეუძლია ხელფასების გადახდა.
elo
12 აგვისტო 2013 15:07
0
სხვათაშორის გორგიაშვილი გაამტყუვნა სასამართლომ და ბუბაც არაკაცურად მოიქცა. ჯერ მარტო ის რამ ათქმევინა 1000$ ვიხდიდი ბინაში ზესტაფონშიო. ზირაქა და იონა ნაღდად არ აძლევდნენ თემურას წილებს და ზაზაც მაგას შეეწირა. იონას ვერ გაუქაჩეს. და მაგ საქმეში მაშინდელი "მთავარი გაზეთი სპორტის" ხელიც ერია ( ახლა ლელოში გადმოსული ყველა ჯურნალისტი იქიდან ). შეგვეშალაო. შეეშალათ კი არა სპეციალუირად ქნა კოტეს საძმომ. ტუხაშვილის წინა სტატიაზე არ მინა ვთქვა რამე კიდე. მარაზმია რა ქართული ჟურნალისტიკა. ველოდები სტატიას გორგიზე...
elguja
12 აგვისტო 2013 12:25
0
"სეზონის მეორე ეტაპის დაწყების დროს ტრავმა მივიღე, კუნთი დამეჭიმა და სამი კვირა გამიცდა, დავიწყე ვარჯიში და კუნთმა ისევ შემახსენა თავი. ამის გამო კიდევ ორი კვირა ვერ ვითამაშე".

მსგავს პრობლემებს მოედნიდან გაუსვლელად ვაგვარებ.ეს ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან. რატომ არ სურთ ფეხბურთის მწვრთნელებს ჩემი მეთოდიკის გამოყენება ეს დღემდე დიდ გამოცანად რჩება. აუცილებლად უცხოელს უნდა შეემუშავებინა და მილიონები უნდა გადაგვეხადა?
guja_kakhadze
11 აგვისტო 2013 16:30
0
კოკაიას კი არ ამყოფებენ ტყუილში,თავს იკატუნებს და თვითონ ატყუებს ყველას. კაცი, რო სიტყვას იტყვი, რომ უნდა შეასრულო ეტყობა მისთვის უცხოა! თურმე იქით ამყოფებენ ტყუილში :) არაფრის მაქნის ფედერაციას, რო წამოაჯდა თავზე და დიდი გავლენა, რო აქვს იმიტოა ასე, გაყოყოჩებული.
saba
11 აგვისტო 2013 15:14
0
მერე სიბინძურე დაუშვილზე დაიწყო ეხლა კი გორგიაშვილზე... რატომ მაინცდა მაინც ზესტაფონში, რატომ მაინცდამაინც კოკაიასთან არავინ დაფიქრებულხართ? ვერ უსრულებ პირობებს, ნუღარ გაუფუჭებ მაინც კარიერას, ტყუილებით
nika
11 აგვისტო 2013 14:45
0
მახარაძის გუნდებში ყოველთის ხდებოდა სიბინძურეები, და მაშინდელი ზესტაფონიც არ იყო გამონაკლისი
me
11 აგვისტო 2013 12:39
0

სიახლეები პოპულარული