- თბილისში პირადი საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვედი და ვლადიკავკაზში ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 26 აგვისტოს. - ავტ.), ტულის "არსენალთან" მატჩისთვის დავბრუნდები.
სამწუხაროდ, გასულ სეზონში უმაღლესი ლიგიდან დავქვეითდით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. წელს აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვაკეთებთ და გაისად უკეთესი შედეგები გვექნება.
- "ალანია" წელს
- როგორ არა. უმაღლესი ლიგის საგზურებისთვის, რეალურად, სამი კლუბი იბრძვის - "არსენალი", "მორდოვია" და "ალანია". ვფიქრობ, პლეი ოფში აუცილებლად მოვხვდებით. შესაძლოა, პირველი წრის შემდეგ გუნდი ახალი მოთამაშეებითაც გავაძლიეროთ.
- "ალანიაში" თითქმის სულ თამაშობს ერთი ქართველი მაინც... ეს რისი "ბრალია"?
- იმის, რომ ვალერი გაზაევს უყვარს საქართველო და ქართველი ფეხბურთელები! სულ მეუბნებოდა, რომ თავის გუნდში ქართველების ნახვა უნდა. ამის სურვილი მოსკოვის ცსკა-ში მუშაობის დროსაც ჰქონდა, მაგრამ ცსკა-ს სხვა მოთხოვნები აქვს. როცა ჩადიხარ, უნდა დაამტკიცო კიდეც, რომ ძლიერი ფეხბურთელი ხარ. მით უმეტეს, რუსეთის ჩემპიონატში ძალიან ბევრი მაღალი კლასის ლეგიონერია და მათთან კონკურენცია ძნელია...
ამჟამად "ალანიაში" ოთარ მარცვალაძე ირიცხება. გამოცდილი თავდამსხმელია და აუცილებლად დაგვეხმარება.
- "ალანიაში" გიორგი ჭანტურიამაც ითამაშა. ვლადიკავკაზში მისი თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ?
- გიორგი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ "ალანიაში" ცოტა ხანს იყო და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას როგორ მოასწრებდა? გამოცდილება კი ნამდვილად მიიღო და "ვიტესში" მისით კმაყოფილნი იქნებიან.
სამწუხაროა, რომ კოკორინთან ჩხუბის გამო მიღებული დისკვალიფიკაცია ჭანტურიას ჰოლანდიის ჩემპიონატშიც გადაჰყვა, თუმცა ეს მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. ახალგაზრდაა და თავი ვერ მოთოკა, მაგრამ ემოციები ფეხბურთისგან შორს უნდა იყოს...
- ქართულ ფეხბურთზე გადავიდეთ: "დინამო-ტოტენჰემის" მატჩი თუ ნახეთ?
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ მატჩმა გვიჩვენა, რომ კლასში საშუალო ევროპული დონის კლუბებსაც კი ძალიან ჩამოვრჩებით. "ტოტენჰემი" გრანდების კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება - კარგი, სტაბილური გუნდია, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონს რა დღეც აყარა, ყველამ ვნახეთ.
შედარებით თანაბარი დონის მეტოქე ერგო გორის "დილას", თუმცა, როცა "რაპიდმა" "სიჩქარეები ჩართო", გორელებს გაუჭირდათ...
- ანგარიშზე მეტად ის არის გულდასაწყვეტი, რომ მეორე გოლის შემდეგ "დინამოს" ფეხბურთელებმა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს ბრძოლა...
- იმიტომ, რომ კლასში ძალიან დიდი განსხვავება დაინახეს... როცა მიხვდნენ, რომ შანსი არ ჰქონდათ, გაჩერდნენ... "დინამოს" ბევრი "ავადმყოფობა" სჭირს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ერთს კი ვიტყვი: ძველ დინამოელთაგან რომელიმე მუშაობს დღეს კლუბში? სამწვრთნელო შტაბში ან ადმინისტრაციაში ხედავთ იმ მოთამაშეთაგან რომელიმეს, ვინც კლუბის ისტორია შექმნა?
- როგორ ფიქრობს ვეტერანი დინამოელი ვლადიმერ გუცაევი - დღევანდელი გუნდის პრობლემა შემადგენლობაში უნდა ვეძებოთ, მწვრთნელში თუ მენეჯმენტში?
- ასეთი თამაშისთვის უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა? - ამ დონის მწვრთნელები თბილისშიც საკმარისად არიან. ვიმეორებ - ვეტერანთაგან ვინმე მუშაობს დღეს "დინამოში"? საკუთარ თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ - მშვენიერი სამსახური მაქვს და თანაც, ქართულ ფეხბურთში მუშაობა არც მინდა! მაგრამ ხომ არიან ფეხბურთელები, ვისაც რაღაც გაუკეთებია "დინამოსთვის", ქართული ფეხბურთისთვის...
არც ერთი ვეტერანი არ არის ღირსი, თბილისის "დინამოში" იმუშაოს?! გადახედეთ, ვინ მუშაობს "ბაიერნში", "რეალში", "ბარსელონაში"...
მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ მეპატრონეს თბილისის "დინამოს" ყოფილი მფლობელებიც სამართლიანად ედავებიან. ყველამ იცის, რომ არასწორად წაართვეს კლუბი ამ ხალხს. ანდა, სიმბოლიკის შეცვლა რაღა იყო?!
- მიგაჩნიათ, რომ სიმბოლიკის შეცვლამაც უარყოფითად იმოქმედა "დინამოზე"?
- ლოგო თუ შეცვალე, სხვა გუნდი არ გამოდის?! თბილისის "დინამო" ერქვა, ახლა "დინამო თბილისი" გახდა... თუ შეცვალეს, ნუღარ ამბობენ, რომ ეს კლუბი 1925 წელს შეიქმნა, მოიგო თასების მფლობელთა თასი, არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. დაიწყონ ათვლა ბოლო წლებიდან და მას შემდეგ რა ტიტულებიც მოიგეს, იმით იამაყონ...
- რა მოხდებოდა, "დინამოს" თქვენს დროს რომ წაეგო საკუთარ მოედანზე ასეთი ანგარიშით?
- "დინამო" 1973 წელსაც დამარცხდა "ტოტენჰემთან" 1:5, მაგრამ ეს ლონდონში იყო. ვიბრძოლეთ და საგოლე მომენტებიც გვქონდა, თუმცა ბრიტანელებმა გვაჯობეს. ეს მწვრთნელის შეცდომაც იყო - ცხონებულ ალიოშა კოტრიკაძეს ორი მეტრის სიმაღლის ფირუზ კანთელაძე რომ ეთამაშებინა, ასეთი ანგარიშით არ წავაგებდით...
თბილისში 1:1 ვეთამაშეთ, არადა, ისეთი უპირატესობა გვქონდა, აუცილებლად უნდა მოგვეგო... თუმცა მაშინდელი და ახლანდელი გუნდების შედარება არც შეიძლება. წაგების შემდეგ გუნდი ბაზაზე იყო ჩაკეტილი და გარეთ გასვლას ერიდებოდა...
- "დინამოში" დიდი ინვესტიციაც ჩაიდო, ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა აქვთ, ლეგიონერებიც ჩამოიყვანეს, მაგრამ შედეგს ყველანი ვხედავთ... რა არის გამოსავალი, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?
- ფული სწორი მიმართულებით უნდა დააბანდო. თუნდაც, ფეხბურთის ფედერაციის მაგალითი ავიღოთ - წინა მთავრობის დროს სფფ-ს საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა, მაგრამ არასწორად ხარჯავდნენ. ამიტომ არ ვითარდებოდა არც მწვრთნელი, არც ჩემპიონატი, არც ბავშვთა ფეხბურთი... ეს ყველაფერი შედეგზეც ხომ აისახება? მთავარი ფულის რაოდენობა კი არა, მისი მიზანმიმართულად, სწორად გადანაწილებაა.
ფეხბურთში მთავარი მხოლოდ ნაკრები ან მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატი ვერ იქნება. ყველა სეგმენტი თანაბრად უნდა განვითარდეს, ყველა სფერო მოწესრიგდეს და შედეგი მერე იქნება. თუ ისევ ისე გაგრძელდა, ასეთ ქაოსში კიდევ ათეული წლების განმავლობაში ვიქნებით...
- ქართულ ფეხბურთში მუშაობის სურვილი არ მაქვსო... ნაწყენი ხართ?
- ნაწყენი მხოლოდ მე კი არა, ყველა ის ადამიანია, ვინც ქართულ ფეხბურთში ტრადიცია შექმნა, ვისაც მართლა რაღაც გაუკეთებია ფეხბურთისთვის. ვინც ასეთი იყო, ყველა დაჩაგრეს, ყველა უკანა პლანზეა. ალბათ, შურთ და ის ვერ მოინელეს, ვეტერანები ხალხს დღემდე რომ უყვარს და ამიტომ არ გვიშვებენ ახლოს არც ფედერაციაში, არც კლუბებში. უნდათ, მხოლოდ "მათნაირი ტიპები" იყვნენ გარშემო. არიან კიდეც და ამიტომაც არის ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში...
- მეორე პლანზე ვართო... პირველ პლანზე ვინ არის დღეს ქართულ ფეხბურთში?
- ვისაც არც ფეხბურთი უთამაშია და არც არაფერი გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, არ იცის მოგებისა და წაგების ფასი... პრეზიდენტი ხარ, მწვრთნელი თუ ფუნქციონერი, თუ თავად არ გამოგიცდია, რა გემო აქვს გამარჯვებას და მარცხს, სხვა როგორ უნდა გაზარდო? იმიტომ ვართ ასეთ დღეში და ასეც გაგრძელდება, სანამ ქართული ფეხბურთი მსგავსი ფილოსოფიით იცხოვრებს...
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით - სადაც მივედი, ყველგან დამბლოკესო... რას გულისხმობდით?
- მინდოდა, ჩემი გამოცდილება ქართული ფეხბურთისთვის გამომეყენებინა, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას სამჯერ გამწიეს გვერდით... მხოლოდ ჩემს თავზე არ ვამბობ - ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი თაობის მოთამაშეთაგან, ყველას ასევე მოექცეოდნენ, რადგან ფეხბურთის სათავეში ავტორიტეტული ხალხი არ სჭირდებათ.
არადა, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ფედერაციებსა და კლუბებს გადახედეთ - საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ყველგან ვეტერანი ფეხბურთელები მუშაობენ, ჩვენთან კი... განაწყენებულის პოზიციიდან კი არ ვლაპარაკობ, ფაქტს ვადასტურებ. ვინ ხარ და რა გაგიკეთებია ფეხბურთისთვის - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს...
- მაგრამ ხელისუფლება ხომ შეიცვალა! ქართულ ფეხბურთში მუშაობის სურვილი აღარ გაქვთ, თუ ახლაც "გვერდით გაგწევენ"?
- ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ ხალხის ფსიქოლოგიის შეცვლას დიდი დრო სჭირდება...
ჯერჯერობით შეცვლილს ბევრს ვერაფერს ვხედავ და... თუ საფეხბურთო სამყარო "დაიწმინდა", შესაძლოა, ვიფიქრო კიდეც, მაგრამ უკაცრავად და, თუ ასეთი "ბარდაკი" გაგრძელდა, აქ მუშაობა ნამდვილად არ დამაინტერესებს...
- ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ კანონიერად არის არჩეული - არჩევნების დროს კონკურენტი არც ბლატერს და პლატინის ჰყოლიათ - გადადგნენ და მეც გადავდგებიო...
- მთელ საქართველოს თუ დაბლოკავ და მხოლოდ ერთს აუნთებ მწვანე შუქს, ნებისმიერი გახდება პრეზიდენტი. ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები საჭირო არ არის. ასე ლაპარაკი უფრო ამცრობს ადამიანს, ამიტომაც სჯობს, გაჩუმდეს.
- ფაქტია, რომ სფფ-ის ამჟამინდელი თავკაცი არსად წასვლას არ აპირებს: ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ, 2015 წლის არჩევნებში კი მონაწილეობას აღარ მივიღებო...
- იმიტომ, რომ იცის, აღარავინ აირჩევს... როგორც უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო ორჯერ "არჩეული", ასევეა ბატონი ზვიადიც, თორემ იურიდიულად ვერც მოედავები... ახალი არჩევნებიც მოვა და ვნახავთ - დარწმუნებული ვარ, იმავე გზით წავლენ და ისევ თავიანთ პროტეჟეს მოიყვანენ...
რამდენი წელია, სფფ არსებობს? რამდენი პრეზიდენტი გამოიცვალა და როგორ იყვნენ არჩეულნი, ყველამ ვიცით...
- ეროვნული ნაკრების თამაშზე რას იტყვით?
- სამწუხაროა, ნაკრები ასე რომ თამაშობს, მაგრამ მხოლოდ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ დავადანაშაულებ. რა კონტინგენტით გინდა ითამაშო, რომელი ქართველი ფეხბურთელია, თუნდაც საშუალო დონის ევროპული კლუბის ძირითად შემადგენლობაში? ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენებურების უმეტესობა რუსეთის პრემიერლიგიდანაც გამოუშვეს ან პირველი დივიზიონის კლუბებში გადავიდნენ.
გვიჩვენეს კიდეც ჩვენი ადგილი - ჩამოვიდა "ტოტენჰემი" და "დინამო", რომელიც რამდენიმე ტურით ადრე გახდა საქართველოს ჩემპიონი და თითქოს ძლიერი ფეხბურთელებითაც არის დაკომპლექტებული, ისეთ დღეში ჩააგდო... ამიტომაც თემურ ქეცბაიას ტყუილად ვლანძღავთ, აქ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე.
ქეცბაიამდე კუპერიც იყო, ჟირესიც, ტოპმიულერიც, მაგრამ რა გააკეთეს? მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვეძებთ კი?! ამბიცია, იცოცხლეთ, დიდი გვაქვს - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა ითამაშოს, მაგრამ ამ ამბიციას ზურგს არაფერი უმაგრებს, რეალური საფუძველი არ აქვს...
ახალგაზრდების წარმატებები ძალიან კარგია, მაგრამ ბავშვი ყველგან ერთნაირია - იტალიაშიც და საქართველოშიც. მერე როგორ ვითარდებიან, ეს არის საქმე... თუ არც ნაკრებს აქვს წარმატება და არც კლუბებს, ე.ი. მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. ჩვენთან კი არავინ ეძებს - ან არ იციან, ან თვალს ხუჭავენ...
ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ვლადიმერ გუცაევი: სადაც კი დავაპირე მისვლა, ყველგან დამბლოკეს
ვალერი გაზაევი: გიორგი ჭანტურია პერსპექტიული ფორვარდია
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ... სირცხვილია, მეტი არაფერი
ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება