შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები

AutoSharing Option
უფროსი თაობის გულშემატკივრებს, ალბათ, დღესაც ემახსოვრებათ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდის მართლაც პოპულარული ყოველკვირეული გამოცემა "ფუტბოლ-ხოკეი". ეს ყოველკვირეული გამოცემა 1960 წელს დაარსდა და 90-იანი წლების დასაწყისამდე საქართველოშიც ერთობ მოთხოვნადი გაზეთი იყო.

ამ ყოველკვირეულის ფურცლებზე მუდამ შეხვდებოდით ანალიტიკურ სტატიებს და, სხვათა შორის, თითქმის ყოველთვის ობიექტური შეფასებები ეძლეოდა ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობასაც.

თუმცა იმდროინდელი "ფუტბოლ-ჰოკეი" იმითაც იყო გამორჩეული, რომ სწორედ ამ ყოველკვირეული გამოცემის გამოკითხვით ვლინდებოდა-ხოლმე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი (ამ გამოკითხვაში მაშინდელ საბჭოთა კავშირში შემავალი 15-ვე მოკავშირე რესპუბლიკის სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ).

ასეთი გამოკითხვა 1964
წელს დაიწყო და ვიდრე ქართული გუნდები საკავშირო უმაღლეს ლიგაში გამოდიოდნენ (1990 წლამდე), სამი ქართველი გახდა საბჭოთა კავშირის #1 ფეხბურთელი: დავით ყიფიანი (1977 წელს), რამაზ შენგელია (1978 და 1981 წლებში) და ალექსანდრე ჩივაძე (1980 წელს).

* * *
... "ფუტბოლ-ჰოკეი" დღესაც იმავე პერიოდულობით გამოდის და ამ გამოცემის უდიდესი ნაწილი კვლავაც ფეხბურთს უკავია, თუმცა ამჯერად მაღალხარისხიანი ფერადი ჟურნალის სახით, ოღონდ, ადრინდელთან შედარებით ბევრად შემცირებული ტირაჟით (რუსეთის მასშტაბით 235 000 მართლაც არაფერია). ერთ-ერთ ბოლო ნომერში (რუბრიკით - "ინფოგრაფიკა") მეტად საინტერესო ცხრილი გამოქვეყნდა: "გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის" სიაში დღესდღეობით 73 ფეხბურთელია და მათ შორის, შვიდი - ჩვენი თანამემამულე!

ჰო, "ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბიც" ეხსომება ჩვენს სტაჟიან ქომაგებს: ამ პრესტიჟულ "კლუბში" ის ფეხბურთელები ხვდებოდნენ, რომლებთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, თასზე, ხალხთა საკავშირო სპარტაკიადებზე, ევროტურნირებსა თუ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ას გოლს გაიტანდნენ!

იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი 90-იანი წლების დასაწყისიდან აღარ არსებობს, რუსები მაინც აგრძელებენ "ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის" ისტორიას, ოღონდ, რა თქმა უნდა, შეცვლილი სახით: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი თუ თასი რუსეთის ჩემპიონატითა და თასით შეიცვალა, ამასთან უცხოურ კლუბებში ასპარეზობისას გატანილი გოლების გრაფაც დაემატა ამ ჩამონათვალს.

მოკლედ, ამ ცხრილში სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ უცვლელი დარჩა როგორც "აბსოლუტური ბომბარდირი" (ოლეგ ბლოხინი), ასევე ქართველ ბომბარდირთა შვიდეულიც.

ამ 73 ფეხბურთელში რუს ფეხბურთელთა დომინაციაა, შემდეგ მოდიან უკრაინელები (ოლეგ ბლოხინი, ოლეგ პროტასოვი, ოლეგ სალენკო, ვადიმ ევტუშენკო, ვიტალი სტარუხინი, გენადი ლიტოვჩენკო, ვიქტორ კოლოტოვი, ალეკსანდრ ზავაროვი, ლეონიდ ბურიაკი, მიხაილ სოკოლოვსკი) და ქართველთა "შესანიშნავი შვიდეული": რამაზ შენგელია, ავთანდილ ღოღობერიძე, ზაურ კალოევი, ბორის პაიჭაძე, დავით ყიფიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია.

სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს კი ბევრად უფრო ნაკლები წარმომადგენლები ჰყავთ ამ სიაში: ხორენ ოგანესიანი, ედუარდ მარქაროვი (ორივე - სომხეთი), გენადი კრასნიცკი, ბერადორ აბდურაიმოვი (ორივე - უზბეკეთი), ედუარდ მალოფეევი, გეორგი კონდრატიევი (ორივე - ბელარუსი), ანატოლი ბანიშევსკი (აზერბაიჯანი)...

შესანიშნავი შვიდეული
ახლა კი იმ მართლაც შესანიშნავ ქართველ შვიდეულზე, თავიანთი გოლიადორული თვისებებით (და არა მარტო), წლების განმავლობაში რომ ახარებდა ფეხბურთის ნეიტრალურ ქომაგს! ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული შვიდი ბომბარდირიდან დღესდღეობით ცოცხალი აღარავინ არის: რამაზ შენგელია, ავთანდილ ღოღობერიძე, ზაურ კალოევი, ბორის პაიჭაძე, დავით ყიფიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია...

...როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბომბარდირთა სიის აბსოლუტურ ლიდერს ოლეგ ბლოხინს ჯერჯერობით კონკურენტი არა ჰყავს: კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მართლაც გამორჩეულ ფორვარდს სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირზე 319 გოლი აქვს გატანილი და საგრძნობლად უსწრებს ოლეგ პროტასოვს (უკრაინა) და "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელს ალექსანდრ კერჟაკოვს (ეს უკანასკნელი კვლავაც აგრძელებს თავის კარიერას).

ამ სიაში მე-11 ადგილზეა ქართული ფეხბურთის ყველა დროის უპირველესი მეგოლე რამაზ შენგელია (161 გოლი), რომლის "მონაგარიც" შემდეგნაირად ნაწილდება: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - 120 გოლი, საბჭოთა კავშირის თასი - 12 გოლი, ევროტურნირები - 19 გოლი, საბჭოთა კავშირის ნაკრები - 10 გოლი.

მე-19 ადგილზეა თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი ავთანდილ ("ბასა") ღოღობერიძე, რომელიც 17 (!) სეზონის განმავლობაში იცავდა ჩვენი უპირველესი გუნდის ღირსებას და სხვადასხვა ოფიციალურ მატჩში 143 გოლიც გაიტანა!

24-ე ადგილზეა 60-იანი წლების თბილისის "დინამოს" გამორჩეული ცენრფორვარდი ზაურ კალოევი, რომელმაც 139 გოლი გაიტანა (118 - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, 17 - თასზე, 4 - ხალხთა საკავშირო სპარტაკიადაზე); აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ კალოევი ორჯერ (1959, 1960 წლებში) გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

კალოევს მცირედით ჩამორჩება საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე (136 გოლი), თუმცა "ფეხბურთის კარუზოდ" აღიარებულმა ამ მართლაც უდიადესმა მოთამაშემ ეს მაჩვენებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა თუ თასზე "მოაგროვა"...

44-ე ადგილზეა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა და მართლაც განუმეორებელი "ათიანი", დავით ყიფიანი, რომელიც, იმის გარდა, რომ ზღაპრული საგოლე პასებით გვანებივრებდა, გოლის ჩინებული ალღოთიც გამოირჩეოდა: 115 გოლიდან 79 საკავშირო ჩემპიონატში გაიტანა, 17 - საკავშირო თასზე, 10 - ევროტურნირებზე, 9 - საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

"გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის" საუკეთესო 50-ეულს ორი ჩვენი თანამემამულე აბოლოვებს: ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი წარმომადგენელი სლავა მეტრეველი 49-ეა 113 გოლით (ოღონდ, ორი გუნდის მაისურით ასპარეზობისას - მოსკოვის "ტორპედო" და თბილისის "დინამო"), ხოლო 70-იანი წლების გამორჩეული ცენტრფორვარდი გივი ნოდია 50-ეა იგივე მაჩვენებლით.

გივი ნოდიაც უამრავი ტიტულით მოიწონებდა თავს: ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი იყო, მონაწილეობდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე, 1970 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

თუმცა, სლავა მეტრეველის მსგავსად, გივი ნოდიამაც ორი გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობისას შეძლო "ფედოტოვის კლუბში" მოხვედრა: თბილისის "დინამოს" მერე კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელა.

ჩვენთვის პირველი მაინც... შოთაა!
როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მონაცემები ყოველკვირეული "ფუტბოლ-ხოკეიდან" შემოგთავაზეთ, თუმცა ქართველებსაც შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი წყაროთი: ქართული სპორტული ჟურნალისტიკის უხუცესი წარმომადგენელი, ბატონი გარუნ აკოფოვი ხომ წლების განმავლობაში გვანებივრებდა არაერთი საფეხბურთო ცნობარით.

ჰოდა, "გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის" წევრი 7 ქართველი ფეხბურთელის მონაცემებში გარკვეული ცდომილებაც აღმოვაჩინეთ: უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართულ ცნობარებში იმავე ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძისა თუ ზაურ კალოევის "მონაგარი" ბევრად განსხვავდება რუსულ წყაროსთან შედარებით.

უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მცირე ცდომილებაა დავით ყიფიანის გოლების რაოდენობაშიც. თუმცა, მთავარი და საერთო ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში იმ მართლაც გამორჩეულმა შვიდმა მოთამაშემ კარიერის განმავლობაში, ოფიციალურ მატჩებში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხეს.

დაბოლოს, საკუთარი მოსაზრებაც გვინდა გამოვთქვათ ამ "ასიანთა კლუბთან" დაკავშირებით; როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი რუსი კოლეგები, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდის გარდა, რუსეთის ჩემპიონატში, თასის გათამაშებაში, ევროტურნირებსა თუ რუსეთის ნაკრებში გატანილ გოლებს ითვალისწინებენ.

ანუ, საუბარია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე და ამიტომაც არიან ამ პრესტიჟული კლუბის ლიდერთა შორის ზემოთ ნახსენები ალექსანდრ კერჟაკოვი თუ ოლეგ ვერეტენიკოვი, რომან პავლიუჩენკო თუ ალეკსანდრ მოსტოვოი, დმიტრი ლოსკოვი თუ დმიტრი კირიჩენკო.

არადა, ამ კლუბში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენელთა მონაცემებიც რომ გაეთვალისწინებინათ, იგივე ანდრეი შევჩენკო ნამდვილად მოწინავე პოზიციაზე იქნებოდა. აღარაფერს ვამბობთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უპირველს თავდამსხმელსა და ასევე უპირველეს გოლიადორზე შოთა არველაძეზე!

ჰო, რაც შოთა არველაძეს საქართველოს, თურქეთის, ჰოლანდიისა თუ შოტლანდიის ჩემპიონატებსა (თუ ამ ქვეყნების თასის გათამაშებაში) და ევროტურნირებზე გოლები გაუტანია, "ასიანთა კლუბის" ერთ-ერთი ლიდერიც იქნებოდა!..

უფრო ზუსტად, ამ ასიანთა კლუბს ორი ლიდერი ეყოლებოდა: ანდრეი შევჩენკო და შოთა არველაძე, აი, ოლეგ ბლოხინი კი თავისი 319 გოლით მხოლოდ მესამე ადგილზე იქნებოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაჭრელი გაზეთის რედაქტორი იყო ლევ ფილატოვი,ობიექტური და ქართული ფეხბურთის გულშეატკივარი. კარგი იქნება თუ სტატისტიკას გამოაქვეყნებთ(თუ არსებობს,რაშიც ეჭვი მეპარება) დამოუკიდებლობის მერე 25ე ჩემპიონატს ვატარებთ,:რომელ თავდამსმელს,რომელ ნახევარმცველს,რომელ მცველს (ამპლუების მიხედვით)მეტი გოლი აქვს გატანილი საქართველოში და რომელ მეკარეს აქვს მეტი პენალტი აღებული,საქართველოში,საქართველოში,!!!
stoperi
19:38 09-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული