სანდრო იაშვილი: ასე ბავშვებს კი არ გაზრდი, არამედ დაღუპავ..

AutoSharing Option
ორი წელია, რაც სანდრო იაშვილმა ფეხბურთს თავი დაანება. ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი უნიჭიერესი თავდამსხმელი ამბობს, რომ მიზეზი წელის ტრავმა გახდა.

"ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" ვთამაშობდი, მაგრამ წელი ისე ძალიან მტკიოდა, გამაყუჩებელიც არ მშველოდა, ნორმალურად ვერც ვვარჯიშობდი და ვერც ვთამაშობდი. ტკივილები ჯდომის დროსაც მქონდა. ფეხბურთში დარჩენის აზრი ვეღარ დავინახე", - ამბობს იაშვილი.

3 იანვარს ის 30 წლის გახდა. წესით, ასეთ ასაკში ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე არ უნდა ჰკიდებდეს. მაგრამ...

"კარიერის ადრეულად დასრულებაზე იმანაც იმოქმედა, რომ "ჩიხურას" შემდეგ არავინ შემხმიანებია. არადა, მაშინ 27 წლის
ვიყავი. მეც არავინ შემიწუხებია. არადა, თამაში მენატრება, თუმცა... უკვე 30 წლის ვარ და დაბრუნების აზრს ვერ ვხედავ.

ახლა ტკივილები აღარ მაწუხებს. მაგრამ მოედანს რომ დავუბრუნდე და ვარჯიში დავიწყო, შესაძლოა, წელმა ისევ შემაწუხოს. ან რომ დავიწყო, სად წავიდე? რომ ვთამაშობდი, მაშინ არავის ვახსოვდი. ეტყობა, არავისთვის საინტერესო აღარ ვიყავი და თავისთავად მოხდა, თამაში რომ დავასრულე. რას ვიზამთ, ასეც ხდება".

იაშვილი ჯერ კიდეც ფიქრობს, რა საქმიანობას მიჰყოს ხელი:

"ახლა ვზივარ სახლში... დრო მთლიანად ოჯახს დავუთმე და ვფიქრობ, რა გზას დავადგე - გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთში უნდა დავკავდე. შეიძლება, ვისწავლო და მწვრთნელობა დავიწყო.

მე ფეხბურთში ჟინი დამრჩა და მინდა, ეს ჟინი რამენაირად გამოვიყენო. მაგრამ ჯერ სწავლაა აუცილებელი. ამ საქმეში ბევრს ნიშნავს გადმოცემის უნარი, სიმშვიდე, გაწონასწორებული ხასიათი...

მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშზე პირადი პრობლემებით და გაღიზიანებული მიდის, ვერავის ვერაფერს ასწავლის. ასე ბავშვებს კი არ გაზრდი, დაღუპავ. უდიდესი პასუხისმგებლობაა და კარგი დაფიქრება მჭირდება, მიღირს თუ არა მწვრთნელად მუშაობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სანდრო გულშემატკივრებს ისევ უყვარხარ, წარმატებები გქონდეს პირად ცხოვრებაში.
სსე
12:38 15-02-2015
0
მისი ასეთი წარუმატებელი კარიერა მხოლოდ და მხოლოდ მისივე ბრალია. ამას ნიშნისმოგებით არ ვწერ, გულისტკივილით ვწერ. მისმა სიზარმაცემ და ხასიათმა დაამარცხა მისი კარიერა, სამწუხაროა
ნიკა
12:07 15-02-2015
0

სიახლეები პოპულარული