"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება

AutoSharing Option
ბევრისთვის უცნობი ფაქტია: საქართველოს ჰყავს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია და 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი - ვალერი გაგუა. მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერც ერთმა ითამაშა.

ბოლო გულისტკივილი სანდრო იაშვილია, რომელიც ასევე ევროფორუმის საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა: 2002 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. პატარა "ჯვაროსნებმა" ჯგუფში რენე ადლერის, ლუკაშ პოდოლსკისა და მარიო გომესის გერმანიასთან 1:1 ითამაშეს, "არსენალისა" და "სუონსის" მეკარე ლუკაშ ფაბიანსკის პოლონეთთანაც ქულას (1:1) დასჯერდნენ, ხოლო უნგრეთს 2:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან 0:3
დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების ოთხივე გოლი სანდრო იაშვილმა გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი ესპანელი ჯონათან სორიანო გახდა (7 გოლი), მეორეზე დანიელი მორტენ რასმუსენი (6) გავიდა, 5-5 გაიტანეს ინგლისელმა უეინ რუნიმ, ჰოლანდიელმა კოლინზ ჯონმა და მოლდოველმა დენის კალენკოვმა, ხოლო იაშვილი მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.

სანდრო იაშვილის თაობას ქართული ფეხბურთის რენესანსის იმედს უკავშირებდნენ. იაშვილი 2006-07 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. მაგრამ ქვეყნის მთავარ გუნდში სულ სამჯერ ითამაშა, ფეხბურთს ნაადრევად, 27 წლისა შეეშვა და გაცემული ავანსები სანახევროდაც ვერ გაამართლა...

საერთოდაც, 1985-86 წლებში დაბადებული, მეტად ნიჭიერი თაობიდან ეროვნულ ნაკრებამდე მხოლოდ ზაალ ელიავამ, გოჩა ხოჯავამ, სანდრო გურულმა და აკაკი ხუბუტიამ მიაღწიეს...

ტოტის, ალდაირისა და კაფუს გვერდით
- ნაადრევად დასრულებულ კარიერას სხვას ვერ დავაბრალებ და ხალხის გაღიზიანებაც არ მსურს. ამიტომ, რასაც ვიტყვი, ყველაფერი ზუსტად ისე დაწერეთ.

- ამაზე შეთანხმება საჭირო არ არის, ეს ასეც უნდა იყოს. გავიხსენოთ თქვენი კარიერა, რომელიც იმედიანად დაიწყეთ: 15 წლისა "რომაში" ვარჯიშობდით, ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინეთ თავი, 18 წლისა ეროვნულ ნაკრებშიც მიგიწვიეს. მერე რა მოხდა?
- თავიდან ძალიან გამიმართლა, იტალიელებს თვალში რომ მოვხვდი. "რომას" 19-წლამდელთა გუნდში ჯანი კარნევალემ ჩამიყვანა. იქ თვეზე მეტხანს გავჩერდი. ყოველდღე ვუყურებდი ტოტის და სხვა ვარსკვლავების ვარჯიშებს. ყველაზე მაგრები მაინც ალდაირი და კაფუ იყვნენ. ბავშვებთან მოდიოდნენ და გველაპარაკებოდნენ. ჩვენთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. მწვრთნელებსაც მოვწონდი, მაგრამ სწორედ მაშინ შემოიღეს არაევროკავშირელებზე ლიმიტი, ჩემი აყვანა გამოირიცხა და წამოვედი.

იტალიის გარდა, იყო ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ვარიანტები, რომლებზეც აღარც მიფიქრია. მაგრამ წაუსვლელობაზეც თავი არ მომიკლავს. უფროსის პატივისცემითა და მოსმენით არავის წაუგია და მეც გამოცდილ ხალხს ვუსმენდი. ისინი კი მეუბნებოდნენ, ჯერ საქართველოში ითამაშე, პრაქტიკითა და გამოცდილებით უფრო გაიზრდები და უცხოეთში უფრო თამამად წახვალო.

მართლებიც იყვნენ. სანამ წახვალ, უპირველესად, მენტალურად უნდა იყო ჩამოყალიბებული. პატარა ბიჭს დიდი იმედებით რომ გაცილებენ, დიდი ფსიქოლოგიური ტვირთია. ეგრევე მთავარ გუნდში ვინ გათამაშებს?!

სანამ უფროსებს ვუჯერებდი, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე აირია, როცა მათი რჩევები აღარ გავითვალისწინე.

- მერე იყო 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ბომბარდირებში მოხვდით და ამას თქვენს კარიერაზე, წესით, დადებითად უნდა ემოქმედა...
- მაშინ ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა. გერმანიის ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ მეოთხედფინალში შვეიცარიამ მოგვიგო, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა. მათ გარდა, გოლი ყველას გავუტანე. მაშინ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ...

ერთ შანსს არ ვიმსახურებდი?!
- სხვათა შორის, ბავშვობიდან არ მაკლდა ჟურნალისტების ყურადღება. როგორია, 15-16 წლის ბიჭს რომ ესმის - სანდრო იქ მიდის, სანდრომ გაიტანა, სანდროთი დაინტერესდნენ?..

- ანუ ზედმეტი ყურადღება თავში აგივარდათ?
- შესაძლოა, ვიღაცას ასეც ეგონა. ხედავდნენ, რომ ჩემზე არაფრით მეტი გერმანელი და ესპანელი უმატებდნენ, მე კი პროგრესი არ მქონდა და დასკვნას აკეთებდნენ - სანდროს თავში აუვარდაო.

Sportall.Ge

სისულელეა. მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში ფეხბურთელის პროგრესი ძნელია. არადა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ორ-სამ წელიწადში უფრო და უფრო მოვუმატე და 18 წლისა "დინამოში" მივედი. ამ გუნდში რამდენიმე დასამახსოვრებელი სეზონი ჩავატარე და 22 წლისა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გავხდი.

მერე მოვდუნდი. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სტიმული დამაკლდა. ყველაფერი გამართლებაზეა.

- მაინც რაში არ გაგიმართლათ?
- ნაკრებში არ მიძახებდნენ, რაც ცალკე თემაა. სამი არაოფიციალური შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ოფიციალურში თამაში არ მეღირსა, რაც ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ეტყობა, ეგონათ, რომ რამეს დავაშავებდი...

მეორე ბუნდესლიგის გუნდში უნდა წავსულიყავი და კლუბის ხელმძღვანელებს უთხრეს, ცუდი ბიჭიაო და აღარ ამიყვანეს. აბა, ამას რა ჰქვია? მაშინ ნაკრებში ძლიერი თავდამსხმელები თამაშობდნენ, მარტო შოთა არველაძე რად ღირს, მაგრამ მგონია, იყო პერიოდი, როცა ჩემი გამოძახებაც შესაძლებელი იყო.

ნუთუ ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ერთ შანსს მაინც არ იმსახურებდა?

- ბევრი რამ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში თქვენნაირ არასტანდარტულ ტიპებს ვერ ჰგუობენ...
- ამას აშკარად ვამჩნევდი. მე არასოდეს ვყოფილვარ ფლეგმა. ზოგისთვის ეს უდისციპლინობა იყო, ზოგისთვისაც - უზრდელობა. არადა, ყველაზე მეტად უზრდელობა მეზიზღება. მე ასე ვუყურებ ცხოვრებას: სადაც ხარ, იქ გულის კარნახით უნდა მოიქცე. მე რომ მინდორზე გავდიოდი, იქ ვკვდებოდი, მიხაროდა და მწყინდა, მაგრამ გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ. ვინ იცის, ასეთი არასწორი მიდგომით რამდენი ახალგაზრდა შეიწირეს.

თუნში პრობლემა წონამაც შემიქმნა
- ...მაგრამ კარიერა 27 წლისამ რომ დავასრულე, ეს სხვების ბრალი არ არის. თამაში როგორ არ მინდოდა, მაგრამ ეტყობა, რაღაც დავაკელი.

- ივო შუშაკმა მოსკოვიდან (სადაც "დინამო" "თანამეგობრობის თასზე" თამაშობდა - ავტ) რატომ გამოგიშვათ?
- ახლაც არ ვიცი. ისიც ემოციური კაცი იყო.

- რეჟიმს არღვევდით?
- არა, რა სისულელეა! განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. ჩემი პრობლემა იყო მსაჯები და მეტოქეები. მაგრამ წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მივიღე.

Sportall.Ge

- ბოლო შანსი "დინამოში" ალექს გარსიას დროს მოგეცათ...
- ან მიყვანა რა იყო, ან გაშვება?! ფორმაში შევდიოდი, თავს გადასარევად ვგრძნობდი... მაგრამ ჩამოიყვანეს ესპანელები და მე უცნაურად მექცეოდნენ. ისლანდიაში თამაშზე წასასვლელად 18 კაცი არ შეიკრიბა, 17 წავიდა და შემადგენლობაში მე მაინც არ აღმოვჩნდი. ასეთი რამ გაგიგიათ? აი, ამაში მე დამნაშავე ნამდვილად არ ვყოფილვარ.

- ვერ უარყოფთ, რომ წონის პრობლემა ხშირად გაწუხებდათ...
- ეს 22-23 წლიდან დამეწყო, რაც არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. რა დასამალია და, შვეიცარიაში, "თუნში" ყოფნის დროს, პრობლემაც ამან შემიქმნა. სამი თვე წონას ვაგდებდი, რაც უკვე არასერიოზულია. მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიღაც გამხნევებს, კრიტიკულ აზრს კი არ უსმენ.

- "გლაზგოში" რატომ ვერ დარჩით?
- სანაკრებო პროცენტები არ მყოფნიდა. სულ ასე იყო, ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა.

ასე მგონია, სხვა იაშვილს იცნობდნენ
- მეც ხშირად ვფიქრობ, იმედები რატომ ვერ გავამართლე? ადრე თუ გვიან, ჩემი ფეხბურთიც დამთავრდებოდა, მაგრამ მანამდე სპორტული ჟინი უნდა მომეკლა და ისე წავსულიყავი. მე კი ეს ნამეტანი ადრე მომივიდა.

Sportall.Ge"თუნიდან" რომ წამოვედი, საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ კარგი ჩემპიონატი იყო, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა და მონდომებული ახალგაზრდა ბევრს ისწავლიდა მათგან, გაიზრდებოდა...

ბავშვს ბევრი ქება სწყენს. ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც ტიპური ქართული მენტალიტეტი აქვს, ძნელია ამხელა პატივის შერგება - ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი და მეც ეს დამემართა. ახალგაზრდებმა უფროსებს, გამოცდილ და პატივსაცემ ხალხს უნდა მოუსმინონ.

გამიმართლა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელების გვერდით თამაშისა და ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. ვიზრდებოდი, რადგან მათი პატივისცემა მქონდა. უნდა იფიქრო, რომ აჯობო, მაგრამ ეს თავხედობაში არ უნდა გადაგივიდეს. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში დღეს ასეთი ხალხი თითქმის აღარ დარჩა.

როგორც კი გაიფიქრებ, რომ ყველაფერი იცი და აღარაფერი გაქვს სასწავლი, მაშინ "გერხევა". ალალად გეუბნებით, მე ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია. ან კი როგორ უნდა მეფიქრა, როცა ნაკრებში არ მათამაშებდნენ?!

- ასე მგონია, ხალხისა და სპეციალისტების დამოკიდებულება გაღიზიანებდათ...
- მე კი მგონია, სხვა იაშვილს იცნობდნენ. როგორც მახასიათებდნენ, ისეთი ნამდვილად არ ვარ. საქართველოში ლეგენდების შეთხზვა არ უჭირთ. არავისთვის თავი არ დამიხრია და ესეც პრობლემა იყო.

მე პრეზიდენტის თუ დირექტორის რიდი მქონდა, მაგრამ ტყუილს რომ ამბობდა, თავს ვერ დავუქნევდი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არც მორალში ჯდება. უპირველესად ხომ მე "მე" ვარ და მერე - ვინმეს ხელქვეითი ფეხბურთელი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 3 /
სანდრო
guria
22:39 21-02-2015
0
მეც ძალინ მომწონდა სანდრო განსაკუთრებით მეორე სართულზე, გამიხარდა რომ სანდრო რომ გაახსენდათ ჟურნალისტებს
guria
22:37 21-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული