სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღევანდელ ქართულ ფეხბურთში სანთლით გახდა საძებარი ნაღდი, ხალასი ნიჭი, თამაშის დროს რომ წამოგახტუნებს, ქართული ფეხბურთის მარადიულობაზე რომ დაგაფიქრებს და ამ ფენომენის არსებობაში დაგარწმუნებს.
არის ხოლმე, საფეხბურთო არსთა გამრიგე ფეხბურთელს განსაკუთრებულ ბედს არგუნებს. ლევან ყენია განსაკუთრებული ბედის კაცია. მასზე წერა იოლიცაა და რთულიც. მიუხედავად იმისა, რომ საათები
არავინ იცის, სად ითამაშებდა ახლა ყენია, რომ არა ფელიქს მაგათის დესპოტური დატვირთვები. იმ დატვირთვებმა ლევანს "შალკეში" დამკვიდრების შანსი მოუსპო და ესეც არ იყოს, თან გააყოლა ქრონიკული ტრავმა.
ტრავმა, რომელიც მიძინებულ ვულკანს ჰგავს და არავინ იცის, როდის იფეთქებს. ამადაცაა, "სლავიას" შეფობა თვალისჩინივით რომ უფრთხილდება ჩვენებურს და ყველა მატჩში არ ათამაშებს.
არასდროს დამავიწყდება: ტანჩია ბიჭს რაღაც მანქანებით ბურთი ფეხზე მიუწებებია. დასდევენ და ვერ ართმევენ. ის ბიჭი გოლებს მოხდენილ პასებს უნაცვლებს. ის იყო და, თუ საშუალება მქონდა, ყენიას თამაშს არ ვაცდენდი. მით უფრო, ის ჩემს უსაყვარლეს ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს მაგონებდა...
მერე კლაუს ტოპმიოლერმა ლევან ყენიას საქართველოს ნაკრებში უხმო თანაკბილა ჯეელებთან ერთად და იმ ნაკრებმა შოტლანდიას თბილისში უმწარესი მარცხი აგემა. აკი, დაწერეს კიდეც სქოთებმა - ნაკრებთან კი არა, საბავშვო ბაღის ბავშვებთან წავაგეთო...
დღეს ჩვენს ქომაგობაში გავრცელებულია აზრი ყენიას რთული ხასიათის შესახებ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ლევანმა დაუშვა შეცდომა, უგანა საქართველოს ნაკრებს და მაშინდელ მწვრთნელზე გაბრაზებულმა მწარეებიც თქვა, მაგრამ ის შეცდომა მერე მოინანია.
ცხადია, ეს გვარიანი ნეგატივია, თუმცა უშეცდომო არავინაა და როცა საკუთარ დანაშაულს ხვდები, ესეც კარგია.
ვიცნობ რა ლევან ყენიას, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავწერო: ის არ არის ცუდი ბიჭი, არც ძველი ბიჭი და არც ამრევი. მას აქვს თვისება, რომელიც ყველაზე მაგრად უხდება ფეხბურთელს - როცა მინდორზე გადის, არავისი ერიდება. ის საკუთარი თავისთვის თავადაა პირველი ავტორიტეტი და სპორტული თვალსაზრისით - მაგარი თავხედია.
უბრალოდ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ თავიანთი განსაკუთრებულობის გამო. მათთან არ ჭრის რუტინული თუ მენტორული ტონი და თუ თავზე ხელს გადაუსვამ, გაცილებით მეტს გააკეთებინებ. ტკბილ სიტყვას არ დაამადლებ და, მთებს გადააბრუნებენ.
დღესაც ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ თავის დროზე, გიორგი დევდარიანის გარდა, კაცი არ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში, სანდრო იაშვილისთვის ბოლომდე გაეგო. მას ხომ ტკბილი სიტყვით ბევრი შეეძლო და ვინ იცის, იაშვილი რომ არ დაგვეკარგა, დღეს საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა არც კი ჰქონოდა...
საქართველოში დაკარგული თუ გაფლანგული ნიჭი არავის უკვირს. ადრე ამას კიდევ ვიტანდით. ახლა ამის ფუფუნება აღარ გვაქვს - ერთი ნიჭიერის ადგილას მეორე აღარ მოდის. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი კრიზისიც ამ ნიჭიერი ბიჭების აუწყობელი კარიერის ბრალი უნდა იყოს.
24 წლის ყენიამ უკვე შეიცვალა ხუთი გუნდი. მან ნახა იმაზე მეტი, ვიდრე ბევრმა პენსიონერმა ფეხბურთელმა. ნახა, ისწავლა, შეიგნო - ის დღეს ნაღდ პროფესიონალად მოჩანს. ჩეხეთის ლიგაში ყველაზე მეტად ფეხბურთელის ამ თვისებას აფასებენ.
სხვისი არ ვიცი და, თავისი სათამაშო ინტელექტითა და გაქანებით პირადად მე ყენია საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი მგონია. ისეთი, ჩვენს საფეხბურთო ნაცარს რომ გაქექავს, ნაკვერჩხალს გააღვივებს და ნაღდ, ალალ ფეხბურთს დაგვანახვებს.
24 წლისა ბევრი მხოლოდ იწყებს. ლევანმაც თავიდან უნდა გაათბოს ქართველი ქომაგის გულები. ამ გულებში დღეს ნიჰილიზმი შეპარულა. ხალხს აღარაფრის იმედი არ აქვს და ეს არანაკლებ საგანგაშო ტენდენცია მგონია, ვიდრე ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი, ქრონიკული წარუმატებლობა.
უიმედობა კი ვერაფერი ამხანაგია. თვით გალაკტიონს უთქვამს თავის დროზე - "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"... ლევან ყენიამ გვარიანი დრო დაკარგა, ნიჭი კი არსად დაუკარგავს.
ამ ნიჭმა ხალხს სიხარული უნდა მოუტანოს!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"