უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თენგიზ სულაქველიძის დონესთან მიახლოებული საყრდენი ნახევარმცველი ქართულ ფეხბურთში არც მანამდე ყოფილა და არც - მერე! მეტსაც ვიტყვით: სწორედ თენგიზ სულაქველიძემ "დაამსხვრია მითი" იმის შესახებ, რომ ქართული ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ იმპროვიზაცია, ბურთის ფლობის ტექნიკა, დრიბლინგი თუ ფინტები... არ იყო.
ანუ ქართული ფეხბურთი არასდროს განიცდიდა მაღალი დონის შემსრულებლების ნაკლებობას, მაგრამ იმ პერიოდში, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსკენ,
აი, "დინამოში" გატარებული 11 სეზონის განმავლობაში კი თენგიზ სულაქველიძეს რომელ ამპლუაში არ ვხედავდით: დაცვის ორივე ფლანგზე, ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე თუ ცენტრში. ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე სულაქველიძე სულ მალე გახდა "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და იმავე "დოზით" შეჰქონდა საკუთარი წვლილი გუნდის წარმატებაში, როგორც დავით ყიფიანს, რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, ვლადიმერ გუცაევს, ვიტალი დარასელიას, შოთა ხინჩაგაშვილს, ოთარ გაბელიას, ნოდარ ხიზანიშვილს, თამაზ კოსტავას, ზაურ სვანაძეს, ნუკრი კაკილაშვილს...
...თენგიზ სულაქველიძე თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ყველა დროის ქართული ფეხბურთის ნომერ პირველ უნივერსალად და ამაში არაერთხელ დარწმუნებულან მისი მეტოქეები როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზეც; თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, თუ რა დონის ვარსკვლავებთან უწევდა სულაქველიძეს პაექრობა თუ მეურვეობა: ზიკოსთან, პრებენ ელკიაერ-ლარსენთან თუ .... დიეგო მარადონასთან!
ისე, რახან სანაკრებო დონე ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ოთხი მოთამაშეა, სამივე უმნიშვნელოვანეს ტურნირზე (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები) რომ გამოსულა: მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე...
...ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროპის ქვეყნების თასების თასისა (1981) და საბჭოთა კავშირის თასის (1979) მფლობელი, ყველა დროის ქართული ფეხბურთის საუკეთესო უნივერსალი თენგიზ სულაქველიძე აქტიური კარიერის დამთავრების შემდეგაც ქართული ფეხბურთის სამსახურში დარჩა და დიღომში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაც დააარსა, რომელიც თითქმის 20 წელიწადია წარმატებით ფუნქციონირებს.
აი, ასეთ ღვაწლმოსილ და მართლაც დამსახურებულ ვეტერან ფეხბურთელს უმასპინძლა ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა"; უკვე მესამე წელიწადია, ჩვენმა კოლეგებმა - ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ და გიგა გვენცაძემ "ლიდერბეთთან" ერთად მართლაც მშვენიერ პროექტს ("ქართული სპორტის ლიდერები") ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც თვეში ორჯერ ახლო თუ შორეული წარსულის ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრას ითვალისწინებს.
შეხვედრას ჩვეული ორატორობით ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა. ამ ლამაზ ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო: ვეტერანი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, სტაჟიანი გულშემატკივრები... ყველა გამომსვლელი დიდი სიამოვნებით საუბრობდა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო თუ ცხოვრებისეულ წარმატებებზე და არც სურვილები დაუნანებია არავის...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"