მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში
კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს "საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი", შპს "ოლიმპიკი" და შპს "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია" უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას, რომელსაც ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელი პროცესისთვის გამოიყენებენ.
"ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექსპერტებმა და დაადასტურეს, რომ ბაზები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. შესაბამისად, კერძო სექტორსა და ფედერაციებთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ.
უკვე შეგვიძლია ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმოთ, თუ რომელ სასტუმროში განთავსდებიან სპორტული დელეგაციები. ახლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხის მოგვარების ახალ ეტაპზე გადავდივართ.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ასეთი ერთიანობით არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების მაღალ დონეზე მასპინძლობას შევძლებთ.
მინდა ასევე განმარტება გავაკეთო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომავალში აუცილებლად განხორციელდება. ოცი ახალი მოედანი აუცილებლად აშენდება, პირველ ეტაპზე - 10, ხოლო მომდევნო წელს კიდევ 10 მოედანი შეემატება სარაგბო და საფეხბურთო ინფრასტრუქტურას.
ტენდერი მალე გამოცხადდება. კერძო სექტორის წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქართული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, ამომწურავ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებს", - თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"პროცესები ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გველის ყველას ერთად. მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფიც მალე მიიღებს საბოლოო სახეს. საერთო საქმეში არაერთი უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი მივიღოთ".
კახა ჭუმბურიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:
"ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, ჩვენს მეგობრებს და რაგბის კავშირს ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენი რესურსების გამოყენებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირები საქართველოში".
კორნელი კოკაია, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი:
"ეს არის ალბათ უნიკალური შემთხვევა საქართველოში და ძალიან სასიამოვნო ფაქტი, რომ ერთმანეთს გვერდში უდგანან ორი პოპულარული სპორტის, რაგბისა და ფეხბურთის წარმომადგენლები. ერთობლივი მუშაობით მინდვრების პრობლემასაც უმოკლეს ხანში მოვაგვარებთ".
თენგიზ სულაქველიძე, "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტი:
"ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ საფეხბურთო ოჯახის წევრები ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. თენგიზ სულაქველიძის აკადემია, "კარლო მჭედლიძის სკოლა" და საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მზად ვართ, დავეხმაროთ რაგბის კავშირს, რათა გავერთიანდეთ და მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს დიდი საერთაშორისო ტურნირი".
კარლო მჭედლიძე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დირექტორი:
"ძალიან გახარებულები ვართ, რომ ასეთი გაერთიანება მოხდა ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"