ფეხბურთი განხეთქილების ვაშლად? ქართველებს პატივს ასე არსად გვცემენ...

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები გაბალაში
ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სპორტული თემა ევროთასებზე თბილისის "დინამოსა" და აზერბაიჯანული "გაბალას" არასაფეხბურთო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გასცდა სპორტის ფარგლებს და პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა დროშების დაწვა-გათელვით, პოლიტიკური დემარშებით და ქუჩური დებოშით.

სიმართლე გითხრათ, ივნისში ბაქოში ჩატარებული პირველი ევროპული თამაშებიდან დაბრუნებული ვერც კი ვიფიქრებდი, ასე მალე ამგვარ დაპირისპირებას თუ ვნახავდი, იქ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ისეთ ფაქტებს შევესწარი.

მე თავს ვერ დავდებ იქაურ რეგიონებზე, სადაც არ ვყოფილვარ; არც არანაირი უფლება არ მაქვს, არ დავუჯერო ჩემს კოლეგა
ალეკო კაკაურიძეს
, თურმე რა ხდებოდა გაბალაში ტრიბუნებზე.


მაგრამ ბაქოში რა პატივისცემა, რა დამოკიდებულებაც დავინახე საქართველოსა და ქართველებისადმი, ჩემთვის სრული აღმოჩენა იყო.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ქართველებისადმი ასე კეთილგანწყობილნი თუ იყვნენ, არ ველოდი. არადა, ჩვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრი არაა ქვეყანა, სადაც ქართველებს პატივს გვცემენ, აზერბაიჯანში კი სწორედ ეს დავინახე. თანაც - დიდი პატივისცემა.

ჩვენი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ ერთხელ ისიც კი თქვა, ამ ქალაქში ყველაზე მეტ პატივს თურქებს და ჩვენ გვცემენო.

თავიდან კი გამიკვირდა პატივისცემის ეს მაგალითები, მაგრამ მალევე შევეჩვიე, იმდენად მასობრივად ხდებოდა. მგონი, ბაქოში ყველამ იცის თითო-ოროლა ქართული სიტყვა და როცა ქუჩაში ქართველს გცნობდნენ, თითქოს ყველა თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ქართულად მოგსალმებოდა ან რამე ეთქვა ჩვენს ენაზე.

როგორც ვთქვი, თავიდან მიკვირდა ეს, მაგრამ მალევე მივეჩვიე, რომ შეიძლება ქუჩაში გამვლელი მანქანიდან ქართულად მოგსალმებოდნენ, მაღაზიაში ან ტრანსპორტში შესვლისას ვინმეს, სრულიად უცხოს "გამარდჟობა", "როგორ ხარ", "გენაცვალე" ან რამე ამგვარი ეთქვა, ან ქუჩაში ვინმეს ლუდზე დაეპატიჟე იმის მიუხედავად, რომ მუსულმანური ქვეყანაა. ბევრი კი ამ ყველაფერს რუსულად დაამატებდა, ქართველები ჩვენი ძმები არიანო.

იმ სტიქიური ტრაგედიის დღეებში ლამის მუდმივად გვაჩერებდნენ ქუჩაში, თამაშების მომსახურე ობიექტებში და გვეკითხებოდნენ თბილისურ ამბებს...

იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთ დარბაზში წასასვლელად ჩვენთვის საგანგებოდ ტრანსპორტიც კი გამოიძახეს, რადგან გვაგვიანდებოდა და ძალიან გვეჩქარებოდა. თან იმ მოხალისე ბიჭმაც ეს დასძინა, ქართველები ჩვენი ძმები არიანო. იქნებ მე ვერ შევესწარი, მაგრამ არ შემიმჩნევია, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ იგივე გაეკეთებინოთ...

ამ ყველაფერს იქაურებს არავინ ავალებდა, არავინ აიძულებდა, გულის კარნახით აკეთებდნენ ამას, სახეზე კი ისეთი სიხარული ეწერათ, დიდი ხნის უნახავ ნაცნობს, ნათესავს, მეგობარს რომ შეხვდები... თან ამას სავსებით ჩვეულებრივად უყურებდნენ და როცა ასეთი ფაქტების გამო მადლიერებას გამოვხატავდით, სრულიად გულწრფელად გვპასუხობდნენ, ეს ხომ ისტორიულად ასეაო.

საოცარ სითბოს და კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ წლების წინათ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან იქ გადასახლებული აზერბაიჯანელები, რომლებიც დღემდე ინახავენ ჩვენი ქვეყნის დიდ სიყვარულს... არაფერს ვამბობ დროებით სამუშაო-სასწავლებლად წასულ მოქალაქეებზე, ან თუნდაც იმავე თამაშებში მოხალისეებად თუ მძღოლებად მყოფ აქაურ აზერბაიჯანელებზე, რომლებიც მრავლად და მუდამ დიდი მეგობრობით გვხდებოდნენ.

ამ ყველაფრის შემხედვარე იმაზეც კი დავფიქრდი, რამდენს კარგავს ჩვენი ხელისუფლება, როცა არაფერს აკეთებს აქ მცხოვრები აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რისთვისაც ყველაზე ეფექტური საშუალება ქართული ენის შესწავლაა. სამწუხაროდ, ყველა დროის ხელისუფლებას ეს ხალხი როგორღაც თავისთვის ჰყავდა მიტოვებული და ისინიც ისე ცხოვრობენ აქ, არაფერში სჭირდებათ ქართულის ცოდნა, ენობრივი ბარიერი კი ხელს უშლის ორი ხალხის დაახლოებას, მათ ურთიერთობას.

ოღონდ ენის შესწავლა თუ სხვა ამგვარი არამც და არამც არ უნდა დავაძალოთ ვინმეს, უამრავი მეთოდი არსებობს საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით გააკეთონ.

თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი სახალისო, თამაშის მეთოდით ბევრად უფრო იოლად ითვისებს ახალს, ვიდრე - დაძალებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლებები არასოდეს არაფერს აკეთებდნენ ამ მიმართულებით, თორემ, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გაუცხოებული ეროვნული უმცირესობის ნაცვლად, რომელიც დღეს გადასახადების რიგითი, ჩვეულებრივი გადამხდელია, ქვეყანა უფრო ღირსეულ მოქალაქეებს მიიღებს.

მაშინ ისინი ქართულ რეალობაში აღარ იქნებიან უცხო ელემენტივით.

რატომ მაინცდამაინც აზერბაიჯანული გუნდები?
ერთი სიტყვით, ბაქოში მეგობარი ხალხი დავინახე და დიდი ნიჭია საჭირო, ასეთი საზოგადოება მტრად მოიკიდო.

მტრის მომრავლება ჭკვიანური არასოდესაა, მაგრამ მით უფრო ახლა, ამ რეალობაში, როცა რუსეთს და მის "მცოცავ ანექსიას" თავი დავანებოთ და, ისლამური ხალიფატი, რომელმაც თავის რუკაზე იმთავითვე მონიშნა საქართველოს ტერიტორია, სულ უფრო დიდ საფრთხედ ყალიბდება თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე და სულ უფრო მოიწევს ჩვენკენ.

სამწუხაროდ, ამ მზარდი საგარეო საფრთხეების პირობებში, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქართულ-აზერბაიჯანული საფეხბურთო დაპირისპირება სცილდება სპორტს და აუცილებლად პოლიტიკურ ჭრილში გადადის. გავიხსენოთ შარშანდელი "ჩიხურა"-ნეფთჩის" დაპირისპირება, რომელმაც, ჩემი აზრით, სათავე დაუდო ამ უსიამოვნო პროცესს და რაც წლეულს დროშების დაწვა-გათელვაში გადაიზარდა.

რატომ, რისთვის, განა არ შეიძლება ბევრად ცივილურად მოქცევა?

ჩემი ღრმა რწმენით, როცა კონფლიქტი ხდება, იქ ორივე მხარეა დამნაშავე, რადგან მიმაჩნია, რომ ყველანაირი გართულების თავიდან აცილება შეიძლება. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს და თან რაციონალურად, გონივრულად მიუდგე საქმეს.

მესმის, რომ საფეხბურთო ფანები ცოტა განსხვავებული თემაა, ხოლო სადაც ფანური მიდგომაა, იქ რეალობაზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ამ პროცესს მდუმარედ ვუყუროთ, მის შესაჩერებლად საზოგადოებამ არაფერი იღონოს და მოვლენათა განვითარებას ბრმად მივყვეთ ან დაველოდოთ, სანამდე მივა ის.

ბუნებრივია, კეთილმეზობლობის მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს წინააღმდეგობები და "წითელი ხაზები" - დავით-გარეჯი, ჰერეთი და სხვა. იმათაც აქვთ თავიანთი პრეტენზიები ჩვენ მიმართ, მაგრამ ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ და არა ქომაგებმა. თანაც, უნდა იმსჯელონ გაცილებით ცივილურად, თორემ არც საფეხბურთო სტადიონია მათი მოგვარების ადგილი და არც სტადიონზე გადმოფენილი ბანერი - გადაწყვეტის მეთოდი.

იმედია, თავისი ულტრასების ქცევას აზერბაიჯანული მხარე შეაფასებს (სხვათა შორის, იქაურებმა ძალიან ტოლერანტი ხალხის შთაბეჭდილებაც დატოვეს), ჩვენი კი ჩვენ ვიკითხოთ...

ვფიქრობ, ქომაგსაც მეტი წინდახედულება მართებს და კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა ჯერ კიდევ შარშან ბაქოში გადმოფენილი ბანერი ოთარ ჭილაძის იმ ცნობილი ლექსის სიტყვებით... ბუნებრივია, კახი და ზაქათალა მართლაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ისევე, როგორც ბელაქანი, ალიბეგლო, ქურმუხი და ბევრი სხვა, რომელსაც არავინ ახსენებს, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ჰერეთი და არა ტაო-კლარჯეთი თუ სხვა ტერიტორიები? რა გამოდის - თურქული კლუბი რომ ჩამოვიდეს, მათაც ანალოგიური ბანერი უნდა გადმოვუფინოთ და ჩხუბი გავმართოთ?

ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თვალი უნდა გავუსწოროთ თანამედროვე რეალობას - ტერიტორიული პრობლემების ძალით გადასაჭრელად არც მზად ვართ (დაკარგული კი არა, შენარჩუნებულს ვკარგავთ) და არც მსოფლიო დაგვიჭერს მხარს ამაში. ევროპა თავისთან არსებული საზღვრების გაუქმებაზე ფიქრობს და იარაღის მეშვეობით საზღვრების გადასინჯვაზე არავინ დაგვეთანხმება.

ვფიქრობ, ამ მოცემულობაში ყველაზე ეფექტურია, ვილაპარაკოთ-ვიფიქროთ არა ძალისმიერი მეთოდებით ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე, არამედ ამ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების ეროვნული უფლებების დაცვაზე, მათი თვითგამორკვევის უფლებაზე (ვიმეორებ - ეს ეხება საუკუნის წინათ დაკარგულ მიწებს და არა რუსეთის მიერ ახლახან ანექსირებულს).

ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში მცხოვრებ ქართველებს არ ეკრძალებოდეთ ქართველობა, შეეძლოთ ქართული გვარ-სახელების ტარება, ქართულად სწავლა და სხვა (თუმცა, ჩემი ინფორმაციით, აზერბაიჯანის კანონმდებლობა, ზოგადად, ეროვნულ უმცირესობებს არ ცნობს და ანალოგიური პრობლემა იქ არა მხოლოდ ჰერებს, ლეკებს და სხვებსაც აქვთ). ამას თუ მივაღწევთ, ეს ქართული სახელმწიფოს დიდი გამარჯვება იქნება, ვინაიდან თვითგამორკვევის შემდეგ იმ ხალხს ბევრის გადაწყვეტა შეუძლია (ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, თუმცა, არსებითად, ამიტომაც არ აძლევენ მათ თვითგამორკვევის უფლებას).

ცხადია, ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, მაგრამ იმავე საფეხბურთო ქომაგებს, რიგით ადამიანებსაც ბევრის შეცვლა შეუძლიათ თუნდაც იმით, რომ ჩავიდნენ ჰერეთში (და არა საინგილოში - ამ სახელს ხომ იქაურები შეურაცხყოფად იღებენ) და უბრალოდ, შეხვდნენ ადგილობრივებს. ჩემი გამოცდილებით ვიცი, ეს რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის და რამდენად კარგი საქმე კეთდება ამით...

ასევე ხელისუფლების ვალია, დროშის დაწვაზე პასუხი მოითხოვოს და გააკეთოს რეაგირება.

ვისი ფეხებია დროშაზე?
როგორც ამბობენ, "გაბალას" ქომაგები თბილისში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ბოზ ქურთის" დროშებით ჩამოვიდნენ და ქართველები ამან გააღიზიანა, ამ ჯგუფს დაერივნენ, რასაც აზერბაიჯანული დროშის ფეხქვეშ გათელვა მოჰყვა.

ცოტა გაუგებარია, სად თურქული "ბოზ ქურთი" და სად - აზერბაიჯანი. ეს ფაქტი უკვე იძლევა პროვოკაციაში დაეჭვების საბაბს, თუმცა ქომაგებს შეეძლოთ, ბევრად ცივილურად მოქცეულიყვნენ - პოლიცია ჩაერთოთ საქმეში, რომელიც დააპატიმრებდა ან სულაც გააძევებდა ქვეყნიდან იმ ჯგუფს და ამ დავიდარაბას თავიდან ავიცილებდით.

ძალზე საეჭვოა აზერბაიჯანული მხარის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოც, როცა ჩანს ძირს დაგდებული აზერბაიჯანული დროშა და ზედ შემდგარი ფეხები, მაგრამ არ ჩანს მათი სახეები - მიდი და გაიგე, ვისი ფეხებია...

ამიტომაც გვმართებს მეტი დაფიქრება, რომ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ. თან, არანაირი ღირებულება - არც სპორტი, რელიგია, კულტურის თუ, ზოგადად, ცხოვრების სხვა სფეროები არ ღირს იმად, ადამიანებს თუ არ დააახლოებს და გათიშავს ერთმანეთისგან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვეთანხმები გიორგის, ეს მესამე ძალის პროვოკაციული მცდელობა მგონია. ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგები ძალიან გვგულშემატკივრობდნენ 2008წლის ომის დროს, ახლაც შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ აზერბაიჯანელების კომენტარები სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ წერილებზე, მათ შორის რუსულ მოსაზრებებზე და მათ ცრუ პროპაგანდაზე.2008 წლიდან განსაკუთრებულ პატივს ვცემ აზერბაიჯანელ ხალხს.....
უბრალოდ ქართველი
21 ივლისი 2015 20:24
0
აქ იმათი დროშა არ დამწვარა!
asadze
17 ივლისი 2015 22:18
0
საინტერესოა ვის აწყობს საქართველოში ახალი ცეცხლის დანთება,იმედია უშიშროების სამსახურები გასცემენ ამაზე პასუხს
მურთაზი
17 ივლისი 2015 19:04
0
საინტერესოა იძიებენ თუ არა თბილისში მომხდარ პროვოკაციას. დაადგინეთ ვინ გათელა ფეხქვეშ ცვენი დროშა, იქნებ სულაც არაა აზერბაიჯანელი დაქართველი ან სხვა ეროვნების პროვო0კატორია. ასე წაყრუება არშეიძლება. ლელოს სულისკვეთება მხარდასაჭერია. ურაპატრიოტობას სენად და ეპიდემიად ნუ ვაქცევთ. დავფიქრდეთ!
lado
17 ივლისი 2015 17:41
0
გიზო, მესმის და ნამდვილად არ ვურევ, უბრალოდ ეს კომენტარი წინას საპასუხოდ დავწერე სადაც ამბობდნენ რომ მისი გამომფენი მოღალატე იყო. ვფიქრობ ძაან მუქი შეფასება იყო და მართლა აერიათ სამშობლოს ღალატი პატრიოტიზმში
irakli apkhaidze
17 ივლისი 2015 14:21
0
ბატონო ირაკლი, ურა-პატრიოტებს ეძახიან მას ვინც სამშობლოს იყენებს საკუთარი უბადრუკი თავის გამოსაჩენად ასეთი უღირსი ხერხით. ხოლო ის ვინც შთამომავლობას ნამდვილ ისტორიას გადასცემს, მას პატრიოტს უწოდებენ, გთხოვთ ნუ აურევთ ერთმანეთში.
gizog
17 ივლისი 2015 13:42
0
ეს ბანერი ,,ჩიხურას" თამაშამდეც იყო ბევრგან გამოფენილი გაცილებით ადრე, მე არაფერი შეხება მაქვს პირადად ამ ყველაფერთან, მაგრამ დიახაც მწარედ განვიცდი საინგილოს და ვიცი ჰერეთი ძირძველი ქართული მიწაა და კიდე ერთი საბჭოეთის ჩადებული ბომბია, უსინდისოთ მიუერთეს აზერბაიჯანს. ასე ვფიქრობ, ასევე მოვუყვები მომავალ თაობას და დამიძახეთ მეც ურა-პატრიოტი
irakli apkhaidze
17 ივლისი 2015 12:56
0
ის ბანერები ჩიხურას თამაშზე რომ გადმოკიდეს ვაი–პატრიოტებმა დასაწყისი იყო შემდგომ განვითარებული მოვლენებისა. რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო მაგრამ შევეცადოთ მსგავსი ფაქტები ამის მერე მაინც აღარ განმეორდეს. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. სტატიის ავტორისა არ იყოს მართლაც დიდი ნიჭი უნდა ახლა აზერბაიჯანლები ან სომხები რომ გადავიმტეროთ. ერთნიც და მეორებიც ჩვენს გენთან ყველაზე ახლო მდგომი ხალხია. სამწუხაროა რომ ამ ორ დიდ მოძმე ერს ერთმანეთთან ურთიერთობის სერიოზული პრობლემები აქვთ, ჩვენ, ქართველები შუამავლობას, მათ შერიგებას უნდა ვცდილობდეთ და ამ დროს ვიღაც ურა–პატრიოტების გამო პირიქით მტრად ვიკიდებთ? სირცხვილია, დიდი სირცხვილი
გოგა
17 ივლისი 2015 12:38
0
ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მიხარია, რომ ამ პოზიციას თქვენც იზიარებთ ანუ თურმე არც ისე ბნელა საქართველოში. გუშინ ინტერესით შემოვიხედე კომენტარებში რამდენჯერმე - ურაპატრიოტებისგან შემოტევას ველოდი. ))) სოცქსელებში ამ თემაზე გამოხმაურებებს რომ ვკითხულობდი,იმასაც კი ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ წერილის დაწერა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე - რაც დადებითია, რატომ უნდა ჩაიკარგოს, რატომ უნდა დაემორჩილოს ყველაფერი ქვენა გრძნობებს?
მოკლედ, ყველას დიდი მადლობა ტანადგომისთვის.
ირაკლი თავაძე
17 ივლისი 2015 11:47
0
აი ასეთი წერილები გვინდა, ლელო
ხალხის აზრს გამოხატავს, ყოჩაღ!
ბადრი
17 ივლისი 2015 10:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული