ზოგადი სურათი აშკარად გამოიკვეთა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით, რომ არ იბრძოლა და თავი არ დადო. მაგრამ ეს ევროპასთან მიახლოებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი ფეხბურთელების კლასი, სისწრაფეები, გამძლეობა და ასე შემდეგ, ევროპულს მეტისმეტად ჩამორჩება...
ამ ყველაფერს კი საფუძველი ეროვნულ ჩემპიონატში ეყრება. რუმინულ "ბოტოშანთან" გავარდნის შემდეგ "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საგულისხმო კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთან ბურთის მისაღებად თუ 3 წამია საკმარისი, ევროპაში საამისოდ წამნახევარსაც არ გაცლიან.
ევროპელები პატარა შეცდომებსაც არ გპატიობენ. კარგი ის იყო, რომ ბიჭებმა ნახეს, რამხელა განსხვავებაა ევროპასთან. არადა, "ბოტოშანი" ნამდვილად არ არის გრანდი.
საერთოდ, საფეხბურთო სამყარო უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გამოვასწოროთ და საერთოდ - რა გვჭირს".
სწორედ ეროვნული ჩემპიონატის თემა გახდა გულშემატკივართა მსჯელობის საგანი. უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოწინააღმდეგეა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ კრიზისის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის და მას გაცილებით ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი.
გულშემატკივრები სწორედ ამაზე მსჯელობენ. მათ შორის, რამდენიმე საინტერესო გამოვარჩიეთ.
"ევროპაში საქართველოს ჩემპიონიც ვნახეთ და ჩვენი საშველი არაა. გამოდიან და 16-გუნდიან ჩემპიონატს ამართლებენ.
გუნდები გამგეობებზე არიან დამოკიდებულები და სახელმწიფო გუნდებს სხვადასხვა თანხას რომ აძლევს, ეს რას ჰგავს? "სამტრედიას" 2 მილიონი, "ზესტაფონს" კი 200 ათასიც ვერა?! სირცხვილია! სახელმწიფოს ფეხბურთი არ ადარდებს და ყველაფერი ამის ბრალია. ვიყოთ ახლა ასე და მოგვიგოს "გაბალამ".
სანამ კიდევ შეიძლება ქართული ფეხბურთის გაცოცხლება, მოაშორონ ეს ფედერაცია, რომელმაც ის მოკლა. ამაში მაინც ივაჟკაცოს მთავრობამ. ბავშვთა ფეხბურთი დაღუპეს, ეროვნულ ჩემპიონატს დედა უტირეს, ყველანაირი ინტრიგა მოსპეს და მთელი პრობლემა, თურმე, მსაჯები ყოფილა და საქმე "შეტენეს". მაგრამ მსაჯი მითითების გარეშე ვერაფერს იზამდა.
ყველას გვახსოვს გორის "დილასა" და "ზესტაფონის" თასის ფინალი (მიშას დროს). მსაჯები ფეხბურთიდან იმის გამო მოკვეთეს, თურმე, ყვითელი ბარათის გამო ფული აიღო. ეს მიუღებელია, მაგრამ მსაჯს რა პირობას უქმნი? პირველ ლიგაში ასისტენტს რაიონში თავისი ხარჯით უშვებ, თამაშში 75 ლარს აძლევ და ამ მსაჯმა გინდათ პატიოსნად გიმსაჯოთ?
სირცხვილია, როცა ასაკობრივ ნაკრებებს თბილისში შეკერილი "ადიდასები" აცვიათ, უხარისხო და პატენტი. აი, ესაა თქვენი მიდგომა. 16 გუნდი გინდოდათ და მიიღეთ, არ გვყავს ამდენი ფეხბურთელი, მაგრამ თავი ხომ უნდა მოიტყუონ", - წერს ახალგაზრდა მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი.
"ფეისბუქზე" ცნობილი წერილების ავტორი ზაზა ახალაია კი პრობლემას მხოლოდ უმაღლესი ლიგის გაზრდაში არ ხედავს:
"10-გუნდიანი ჩემპიონატი რომ ყოფილიყო, მე-2 წრეში რამდენი გუნდი გავიდოდა? სისტემის ბრალია ყველაფერი: თუ არ მოვთხოვეთ თითოეული კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შედეგი, თუ მათ პირად პასუხისმგებლობაზე არ გავამახვილეთ ყურადღება, ვერანაირი ფედერაცია ვერ დადებს კონკრეტულ თამაშებში დადებით შედეგებს!
ქართული ფეხბურთის პრობლემები 80-იან წლებში დაიწყო - არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა"....
"ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა თამაში ვერ აჩვენა. ამას მსაჯების უნამუსობა ემატება და შედეგიც შესაბამისია! გუგა ფალავანდიშვილი გასაგდები არ იყო, მაგრამ ამით ძირეულად არაფერი შეიცვლება.
უზარმაზარი სხვაობაა ტექნიკაში და ერთადერთი შანსი, ეს ჩამორჩენა რომ გააბათილო, არის მაგარი "ფიზიკა" და სისწრაფეები, რაც ასევე არ აქვთ.
რა დროს მოვესწარი ქართულ ფეხბურთში? არც ბურთის ტარება, არც პასი"...
"ქართული ფეხბურთი მოკვდა, სან მარინოსა და ანდორას დონეზე დავეშვით"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ სისწრაფის და ამტანობის მომატება სჭირდებათ რატომ არ ინტერესდებიან "47+5" მეთოდიკით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთის ფედერაციაში დევს და გამოყენებას არავინ ჩქარობს? იქნებ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს დაუსვათ კითხვა ჟურნალისტებმა თუ რატომ არ იყენებენ "47+5" ტექნოლოგიას და პასუხი ქართველ გულშემატკივრებს გააგებინოთ?
ამ ტექნოლოგიის დახმარებით ფიზმომზადების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება, რაც თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს და გულშემატკივარსაც სტადიონზე დააბრუნებს!