"ბორჯღალოსნების" მზადებაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯა - ვისზეა ნაწყენი გიორგი ნიჟარაძე

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ნიჟარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი
საქართველოს ნაკრები 19 სექტემბრიდან მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელიც ერთი დღით ადრე სტარტს ინგლისში აიღებს. "ბორჯღალოსნები" ამჟამად "ნისლიან ალბიონზე" იმყოფებიან და მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე ასპარეზობისთვის ემზადებიან.

იქამდე კი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თბილისსა და პოლონეთში მზადების ორი ფაზა გაიარა. საქართველოს ნაკრების მზადებისა და სამსოფლიო გეგმების შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დასაწყისში საფუძვლიანი წყენა გამოხატა, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ მის მიერ აღქმული და განცდილი არაა.

- ძალიან სამწუხაროა, რომ მედიის მხრიდან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიმართ ყურადღება საგრძნობლად შემცირებულია. ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გაემგზავრა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე. არც ერთ თოქ-შოუში, არცერთ ტელეგადაცემაში არავინ მიუწვევიათ, არავის არაფერი ანაღვლებს. კაცს ეგონება, რომ რაგბი საერთოდ არ არსებობს.

მაინტერესებს, რამდენი ნაკრები გუნდი მიდის საქართველოდან მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ. ბოლოს და ბოლოს, პატივი სცენ გულშემატკივრებს, რათა დააკმაყოფილონ ინფორმაციული შიმშილი, რომელიც მათ გააჩნიათ. ცხადია, ეს ყველა მედიასაშუალებას არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არ არის.

- საქართველოს ნაკრებს წინ თავის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელის. როგორც უკვე თქვით, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე უკვე მეოთხედ იასპარეზებენ. ჩვენი გუნდისგან ქომაგებიც და სპეციალისტებიც მეტს ელიან, ვიდრე აქამდე. გვიამბეთ, როგორ ემზადება ეროვნული ნაკრების ინგლისში საასპარეზოდ?
- მზადება წელწადნახევრის წინათ დაიწყო. ნაკრების მწვრთნელთა შტაბს მაშინ ფიზმომზადებაში მაღალი დონის სპეციალისტი კრეიგ ვაითი ეხმარებოდა. სწორედ იმ პერიოდში დაიგეგმა დეტალურად, თუ როგორ უნდა მომზადებულიყო ჩვენი გუნდი მსოფლიოს თასისთვის. გეგმა იყო დაწვრილებით გაწერილი, იქამდეც კი, რომ იცოდნენ, თითოეულ დღეს რა უნდა ეკეთებინათ.

"ბორჯღალოსნებმა" გაიარეს მზადების ორი ფაზა. პირველ ეტაპზე სამი კვირის განმავლობაში "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დრო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. ვფიქრობ, ჩვენმა არჩევანმა გაამართლა. ინგლისელი სპეციალისტი კელვინ მორისი მაღალი დონის პროფესიონალია. ის მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში ინგლისის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ვარჯიშებზე იყო ზეინტენსიური დატვირთვები. თუმცა, ეს საკმაოდ ხალისიანად, თამაშ-თამაშ ხდებოდა. კარგად იყო დაგეგმილი დასვენება-აღდგენითი პროცესი. სამკვირიანი მზადების შემდეგ გუნდმა ერთი კვირა დაისვენა. მერე იყო კიროთერაპია პოლონეთში.

ამჟამად გუნდი ინგლისშია, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავს: ინგლისის პრემიერშიპის გუნდ "ნიუკასლ ფალკონზთან", ასევე კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან.

ამდენად, ამ ეტაპზე მზადების პროცესით კმაყოფილნი ვართ. თუმცა, ისიც ცხადია, მარტო ფიზიკური მომზადებით შორს ვერ წავალთ. ყველაფერი მსოფლიოს თასზე გამოჩნდება და საბოლოო შეფასებასაც ამის მერე გავაკეთებთ, რამდენად სწორად და ნაყოფიერად იმუშავეს მწვრთნელებმა.

- დროის ამ მონაკვეთში რაიმე სერიოზული დაბრკოლება ხომ არ შექმნილა?
- სერიოზული არაფერი მომხდარა. რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ნაკრების სამედიცინო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა. ყველა, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, ამჟამად სრულიად განკურნებულია.

- მზადების მეორე ეტაპი, რომელიც ორად იყო დაყოფილი, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში გაიარა. იქ ჩვენმა მორაგბეებმა კიროთერაპია გაიარეს, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არაა. მთლიანად მზადების პროცესიც, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული. შეგიძლიათ გვითხრათ, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა და ვინ გაიღო ის?
- როგორც უკვე გითხარით, მზადება წელწადნახევრის წინათ დაიწყო, როცა საქართველოში მოთამაშე ნაკრების მორაგბეებისთვის მზადების სპეციალური პროგრამა შეიქმნა. მთელი ამ დროის განმავლობაში 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ცხადია, ეს უპრეცედენტო ფაქტია. ხარჯი მთლიანად სახელმწიფომ გაიღო.

სიამაყით შეიძლება ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ზუსტად ისეთივე მაღალი დონის პირობები ჰქონდა მოსამზადებლად, როგორიც ახალ ზელანდიას, არგენტინას, ავსტრალიას და სხვა ელიტურ გუნდებს.

ჩვენს ნაკრებს ჰქონდა თანამედროვე სამეცნიერო სისტემაზე დამყარებული სამედიცინო მომსახურება, კვება, უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები და ბევრი სხვა აუცილებელი ატრიბუტი.

- საინტერესოა, რას ემსახურება ყოველივე ეს?
- იმას, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასზე აჩვენოს მაქსიმალური შედეგი და ითამაშოს თვისობრივად განსხვავებული რაგბი, როგორიც აქამდე არ უთამაშია.

ქომაგებმა იციან, რომ ჯგუფურ ტურნირზე ოთხი თამაში გვაქვს გასამართავი. პირველი მეტოქე ტონგას ნაკრებია, რომელიც, რატომღაც, არაადეკვატურადაა აღქმული. ეს გუნდი ობიექტურად ჩვენზე ძლიერია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ გუნდებში ასპარეზობენ ტონგელი მორაგბეები, სად იმყოფება ეს გუნდი მსოფლიოს კლასიფიკაციაში. ისინი თითქმის ყველანი ახალზელანდიელები არიან, რომლებიც "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან თამაშში შანსი არ გვაქვს. უბრალოდ, ბევრი გარემოება უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, მათ შორის, იღბალიც, რომ მეტოქე დავამარცხოთ. ერთი ვიცი, საამისოდ ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ.

- ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ცნობილია, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ არბიტრებს მსაჯობის განსხვავებული სტილი აქვთ. ტონგასთან ჩვენი ნაკრების მატჩს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი, უელსელი ნაიჯელ ოუენსი განსჯის. თუ აქვთ ნაკრების მწვრთნელებს შესწავლილი მისი მსაჯობის სტილი?
- ინგლისის შეკრებაზე ნაკრებს ეწვევა ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის წევრი, ერთ-ერთი საუკეთესო ირლანდიელი სპეციალისტი, რომელიც მწვრთნელებს ოთხივე მატჩის მსაჯობის სტილის შესწავლაში დაეხმარება. ცხადია, ნაიჯელ ოუენსზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. კარგად გვახსოვს, ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს თასზე მსაჯების სერიოზული შეცდომების მსხვერპლნი როგორ გავხდით. იმედი გვაქვს, რომ მსაჯობის ხარისხი ამჟამად გაცილებით კარგი იქნება.

- ჯგუფურ ტურნირში მეორე თამაში არგენტინის ნაკრებთან გვაქვს...
- არგენტინის ნაკრები დღესდღეობით მსოფლიოს რეიტინგში მე-8 გუნდია. ის მუდმივად პროგრესირებს და ელიტაში დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი. არგენტინელები ყოველწლიურად ეთამაშებიან ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს. ამათგან ბოლო ორს თითოჯერ მოუგო კიდეც. 2007 წლის მსოფლიოს თასზე "პუმებმა" მესამე ადგილი დაიკავეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რა დონის გუნდთან გვაქვს საქმე.

თუ პირველ მატჩში ტონგასთან გამარჯვებას მივაღწევთ, ვფიქრობ, არგენტინასთან სერიოზული ბრძოლა გვექნება. მათი თამაშის სტილს ვიცნობთ. მსოფლიოს თასზე ორჯერ ვეთამაშეთ. გვქონდა ტესტი ბუენოს აირესში. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ვეთამაშებით.

- ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ჩვენი რაგბისთვის მოვლენაა...
- ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა. ვინც რაგბი იცის, ესმის, რომ მოგების შანსი არ გვაქვს. თუმცა ჩვენი ბიჭების მოტივაცია ის იქნება, რომ ახალზელანდიელებს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ რაგბის თამაში იციან და მსოფლიოს თასზე შემთხვევით არ მოხვდნენ.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩვენი გუნდის საუკეთესო თამაში. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენი მორაგბისთვის ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რომელსაც მომავალ კარიერაში გამოიყენებენ.

- მეოთხე მეტოქე, ნამიბიის ნაკრები, ის გუნდია, რომელსაც, წესით, აუცილებლად უნდა მოვუგოთ...
- არ მიმაჩნია სწორად, როცა რომელიმე გუნდს უდიერად ექცევიან და გამარჯვება წინასწარ დაბევებული ჰგონიათ. ამ გუნდთან მოგებული მაშინ ვიქნებით, თამაში რომ დამთავრდება და ტაბლოზე ჩვენთვის სასარგებლო ანგარიში იქნება დაფიქსირებული. ნამიბია ძალიან კარგი გუნდია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ მასთან თამაში ჯგუფში ბოლოს გვიწევს. ამიტომ ძალთა 100-პროცენტიანი კონცენტრაცია დაგვჭირდება ნამიბიელთა დასამარცხებლად.

- ოფიციალურადაა გამოცხადებული, რომ საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი გუნდი მსოფლიოს თასზე წარდგება, 1-ელ სექტემბერს გამოცხადდება. რატომ ასე გვიან?
- პირველი მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურად გვაქვს ვადა 31 აგვისტომდე. მერე იქამდე, 28 აგვისტოს, ჩვენს ნაკრებს აქვს საკონტროლო თამაში "ნიუკასლ ფალკონზთან". მწვრთნელები კიდევ ერთხელ შეხედავენ, შეამოწმებენ მოთამაშეებს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის მერე მიიღებენ. ასე სწორედ მათ გადაწყვიტეს. თუმცა, ვინც ნაკრების გასაცილებლად აეროპორტში მივიდა, თავად იხილა, რა შემადგენლობით გაემგზავრა ნაკრები.

ცხადია, გაჩნდება კითხვები, რატომ ვერ მოხვდა კონკრეტული მორაგბე საბოლოო განაცხადში. ერთი შემიძლია თამამად ვთქვა: ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მწვრთნელთა შტაბის დიდი და სერიოზული განსჯის შედეგი. ამასთან ერთად, ის შვიდი მორაგბე, რომელიც გუნდში ვერ მოხვდება, სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, რათა თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, ჩაენაცვლოს.

მინდა მივმართო გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა, თუნდაც საქართველოდან, ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვინც ინგლისში გაემგზავრება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმათ, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში გვეხმარებოდა. სახელმწიფოს, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და "კავკაზუსის" გვერდში დგომამ ქართულ რაგბის დიდი სამსახური გაუწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
შორენა ბეგაშვილი, ეკა ყუშიტაშვილი და სხელოვანი ბოზები ყოველდგე ეთერშია და ქვეყნის სახელსა ღირსებას ვინც იცავს ის სუ არ აინტერესებთ.
gogi
12 სექტემბერი 2015 21:22
0
მიდით ჯიგრებო თქვენი იმედი გვაქვს
222
10 სექტემბერი 2015 03:02
0
წარმატებები ბიჭებოოოოო
aaa
03 სექტემბერი 2015 15:29
0
როგორც ყველაფერ სიკეთეზე რაც ამ ხელისუფლების დროს ხდება ესეც გაატარა ხალხმა.. ერტი მადლიერი სიტყვაც კი არ ჩანს იმაზე რომ 2 მილიონი აქამდე არნახული თანხა მარტო შეკრებებზე დაიხარჯა. ყოფილიყო ის სადისტი კურდღელი მიშკა აბა.. სულ რო 2 ათასი დაეხარჯა იმაზეც ათას მადლობას ახდევინებდა ხალხს თავისი პიარმეთოდებით :)
სვანი
03 სექტემბერი 2015 13:26
0
ევროპის რეიტინგში მე-7 ხარ და არ არის შენთვის საამაყო?!!!! ....
რაც მაგრები ვართ-ს მივმართავ
03 სექტემბერი 2015 12:50
0
რა ფეხბურთი რის ფეხბურთი ამ საცოდავებს რომ ვუყურებ ფეხბურთის ყურებაც აღარ მინდა დროა ფეხბურთის სტადიონები რაგბის სტადიონებად გადავაკეთოთ საქართველოში ფეხბურთი მოკვდა გაუმარჯოს რაგბს წარმატებები ბიჭებო
კახა
02 სექტემბერი 2015 16:30
0
ინგლისის საშუალო გუნდთან სამარცხვინოთ გავნადგურდით .რა რიხიანად ლაპარაკობთ.დაჭერილი გვყავს ყურებით რუსეთი და რუმინეთი თავი მაგარი გვგონია.ევროპაში ყველა სარაგბო ქვეყანა მიწასთან გვასწორებს.აღარ უნდა დაამთავროთ ეს უაზრო ტრაბახი.
რაც მაგრები ვართ
01 სექტემბერი 2015 23:20
0
ფეხბურთს რესურსი კიარა პირველრიგში პროფესიონალი ხალხი და სწორი მიდგომა ჭირდება და თუ რაგბმა ფეხბურთს უცადა როდის განვითარდება კარგათ იქნება მისი საქმე ფეხბურთი დიდი ხანია გახდა ბიზნესი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაყიდვა თამაშების ჩაწყობა კორუფცია ის რითაც გამოირჩევა და სადამდეც მივიდა დღევანდელი ფეხბურთი არ დამიწყოს აქ ვინმემ ეხლა ესაოდა ისაო .ფეხბურთი მაშვინ დადგება ფეხზე ნამდვილათ როცა ფედერაციაში სეტი ხალხი მოვა რომელტაც ექნებათ გამართული პროგრამა და ამ პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის ერთი ადგილი და არა ისე ფული მომეცი ფედრაციის პრეზიდენტი ვარ და თან დამოუკიდებელი ფული კიდე სახელმწიფომ მომცესო.სახელმწიფო კიდე გიჩვენებს შუანა თითს და გაგიშვებს შორიახლოს ერთი სიტყვით კარგი გუნდი და ფულის მშოველი ხალხი ჭირდება ფეხბურთს.დაარა ისეთები სხვის ჯიბისკენ რო იყურებიან თეთრი ხიდის მათხოვარივით ყოველ წელიწადს.
qutaiseli
29 აგვისტო 2015 13:08
0
სანამ ფეხბურთი არ განვითარდება რაგბი როგორც მისი ქვესახეობა (და ეს ოფიციალურადაც ესეა მსოფლიოში) წინ ვერ წაიწევს!! ამ ორ სახეობას თითქმის ერთი და იგივე რესურსი ჭირდება
gia
29 აგვისტო 2015 12:03
0
შესანიშნავი ხალხია, ჩვენი მორაგბეები ნიზარაძის თამადობით, დარცმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებენ,ნეტა იგბალიც ცვენ მხარეზე იკოს!
Unknown
28 აგვისტო 2015 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული