შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა შერმადინი და ალეკო ადამია
ალეკო ადამია ვასილ მაისურაძის
17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე გახლდათ. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, კარიერის აწყობის ნაცვლად, დაიკარგა და ხან რომელ გუნდში ცდიდა ბედს და ხან - რომელში.

ჯერ იყო ქუთაისის "ტორპედო", მერე "გაგრა", "სასკო", მაჭახელა"... ახლა კი ადამია მეორე ლიგის დასავლეთ ზონის კლუბ ამბროლაურის "რაჭაში" თამაშობს და ფიქრობს, რომ ცხვირის აწევითა და მხოლოდ ლიდერ გუნდებში მოხვედრაზე ოცნებით კარიერას ვერ აიწყობს.

"ახლა "რაჭაში" ვარ და ვცდილობ, პირველი წრის ბოლომდე ფორმაში შევიდე და
თავი ისე გამოვიჩინო, რომ მაღალი ლიგის გუნდები ჩემით ისევ დაინტერესდნენ. მიხარია, რომ ბევრი ამბობს - შვილო, შენ აქ რა გინდაო?!. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თამაში თუ გინდა და სასურველ გუნდში არ გიწვევენ, სჯობს იქ წახვიდე, სადაც პრაქტიკა გექნება და შესაძლებლობებს გამოავლენ. თორემ, მეც მინდა უმაღლესში ვითამაშო", - ამბობს ადამია.

იყო დრო, ნიჭიერი მეკარე კარიერას სერიოზულად არ ეკიდებოდა, მაგრამ 20 წლისამ საქმისადმი მიდგომა რადიკალურად შეცვალა:

"ძლიერ გუნდებზე ოცნების გამო იყო, ნაკლებს რომ არ ვთანხმდებოდი და აი, უგუნდოდ დავრჩი. ამან ამომაგდო ფორმიდან და მას შემდეგ წელში ვეღარ გავიმართე. მაგრამ ახლა ვვარჯიშობ, ვთამაშობ და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ.

ხომ ვერ დაიჯერებთ, რომ მეორე ლიგაში მომზადება შეიძლება? მონდომებული თუ ხარ, ამას ინდივიდუალურადაც მოახერხებ. სერიოზულად ვვარჯიშობ - გუნდთან ერთად და ინდივიდუალურადაც, ტრენაჟორებში დავდივარ და საღამოსაც დავრბივარ.

ვცდილობ, ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ წარსულის მოგონებად არ დარჩეს, 20 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, შრომით ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება".

იმავე გზას დაადგა 17-წლამდელთა იმ ფორმაციის მეკარე ნიკა შერმადინიც, რომელსაც საინტერესო წინადადებები კი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, სასურველი ვარიანტის გარეშე დარჩა.

"სეზონის დაწყებამდე, ორი კარგი ვარიანტი გამომიჩნდა - "ბორჯომსა" და "ალგეთში". მაგრამ ბოლოს "გაგრაში" მიმიწვიეს და სიამოვნებით დავთანხმდი. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი - თბილისში ვიქნები, და მეორეც - "გაგრა" ყოველთვის საინტერესო გუნდი იყო.

მგონია, რომ ახლაც კარგი პროცესები დაიწყება და უმაღლეს ლიგაში მაინც დავბრუნდებით.

ახლა კმაყოფილი ვარ, რადგან ვთამაშობ და ფორმაშიც ვარ. მეკარისთვის კი კარგ გუნდში მოხვედრა გამოსავალი არ არის, იქ სკამზე ჯდომას ისევ დაბალ ლიგაში თამაში სჯობია", - ამბობს შერმადინი.

ჩვენ ორ ისეთ ფეხბურთელზე ვწერთ, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა უნდა აეწყოთ და ნიჭიც არ დაეწუნებოდათ. გასაგებია, რომ ახალგაზრდები ყოველთვის სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ. მაგრამ ამ ასაკში ასეთ ბავშვებს რომ გზა მუდმივად უმრუდდებათ და დიდ ფეხბურთში შესვლა უჭირთ, მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ უნდა იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე იკარგება ტალანტები საქართველოში, არადა ვინ იფიქრებდა ასეთი თამაშების შემდეგ არავინ არ მიხედავდა ამ ბავშვებს!
TaroSochi
13:31 07-11-2015
0
ასაკობრივი ნაკრების კველა ფეხბურთელი, ფედერაციის კურადგების კვეშ უნდა იკვნენ და ხელშეცკობაც უნდა კონდეთ, რამდენი ნიჩიერი ბავშვი დაიკარგა უკურადგებობის გამო
ალეკსანდრე
14:49 07-11-2015
0

სიახლეები პოპულარული