ქართველი ამპუტანტი ინვალიდები დიდი ხანი არაა, რაც ფეხბურთში საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ. მესამე წელია ქვეყნის ჩემპიონატი, თასის გათამაშება და სხვა ამხანაგური შეხვედრები ტარდება, რეგიონებში ახალი გუნდებიც ყალიბდება...
გორში ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი - "დილა" 2012 წელს აფხაზეთიდან დევნილი ბაჩო ფიფიას ინიციატივით (ის ახლაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა) და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ გია რევაზიშვილის დახმარებით ჩამოყალიბდა.
ზედიზედ მეორე წელიწადია, გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის
"შარშან და წლეულსაც თბილისის გუნდმა გვაჯობა, რომელიც "დილას", პირველ ყოვლისა, გამოცდილებით აღემატება. თუმცა გორელებიც თანდათან ვძლიერდებით. ამჟამად, 11 ფეხბურთელი გვყავს და უკვე გადაწყვეტილია გორის რაიონში მცხოვრები 4 მოთამაშის დამატება.
ფეხბურთელები, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანი ინვალიდები არიან. ორმა მოთამაშემ ავღანეთში მიიღო დაზიანება და ფეხი ამპუტირებული აქვთ. მათი აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება მეტად მნიშვნელოვანი საქმეა.
საინტერესოა, რომ ბევრ მოთამაშეს, თავდაპირველად, უჭირდა გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა და მაყურებლების თანდასწრებით თამაში, მაგრამ ახლა ასეთი ვითარება აღარ არის.
თუმცა აქვე წუხილით მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელი ბევრი არც მოდის თამაშებზე. არადა, ჩვენთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია", - გვითხრა კლუბის პიარ-მენეჯერმა სულხან ქურდაძემ.
როგორც შევიტყვეთ, ბოლოს (სექტემბერში) გამართულ ქვეყნის ჩემპიონატში, ორგანიზატორთა მხრიდან მიწვევის მიუხედავად, არათუ რომელიმე სამინისტროდან, თვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც კი არავინ მისულა მატჩების სანახავად...
"დილას" პრეზიდენტი გელა ნადიბაიძეა, მწვრთნელი კი - ნიგერიელი რიშარ ოიებადე, რომელიც გორში ცხოვრობს და მეუღლეც აქაური ჰყავს.
ამპუტანტ-ფეხბურთელთა გუნდს, როგორც გორის მერია, ისე რაიონის მუნიციპალიტეტიც უდგანან მხარში. მერიისგან პირველ წელს 12, წლეულს 40 ათასი ლარი ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო გაისად ამ თანხის გაზრდაც იგეგმება. გორის რაიონის მუნიციპალიტეტი გუნდს აუცილებელი ინვენტარითაც ეხმარება.
"გუნდი ჭალის დასახლებაში არსებულ მინი-მოედანზე ვარჯიშობს, თუმცა არენა პატარაა და იქ გასახდელიც არ არის. პრობლემაა ტრანსპორტის მხრივაც. ქვეყნის ჩემპიონატის გარდა, ვცდილობთ, საფეხბურთო პრაქტიკის თვალსაზრისით, სულ უფრო მეტი ამხანაგური შეხვედრები გვქონდეს და ამიტომაც ვეთამაშებით სხვადასხვა უწყების თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
დიდად მადლობელნი ვართ ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგის პრეზიდენტ რუსლან ბაქრაძის, რომლის მონდომებით შეჯიბრებები უფრო სრულყოფილი ხდება და დონეც მატულობს", - გვითხრა სულხან ქურდაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"