გოგიტა გოგუა: ამას საკუთარ თავს დანაშაულად ვერ ჩავუთვლი...

AutoSharing Option
მითხარით, 1000-1500 ლარიან ხელფასს ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში რომ დაელოდება, წინსვლასა და პროგრესზე როგორ უნდა ილაპარაკო?!

არავინ დავობს იმაზე, რომ 32 წლის გოგიტა გოგუა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გოგუამ არაერთ უცხოურ კლუბში ითამაშა, ახლა კი გორის "დილაშია", სადაც მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

"დილას" კი ახლა მაინცდამაინც არ ულხინს, თუმცა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

"ლელო" გოგუას შეეხმიანა და ეს გულახდილი ინტერვიუც შედგა. ალბათ, ის ბევრს დააფიქრებს...

- არის რამე ახალი თქვენს კარიერაში?
- არაფერი. "დილაში"
ვარ, სეზონის განახლებისთვის ვემზადები...

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას?
- ჩვენ წინაშე ასეთი ამოცანაა: ყველა თამაშში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. "დინამოს" დაწევა არ იქნება იოლი, მით უმეტეს, ასეთი კარგი ფეხბურთელები დაიმატეს. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ ძალებში და ვნახოთ, ბოლოს რა გამოვა.

- თქვენ წლების წინათ თამაშობდით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და ახლაც აქ ხართ. როგორ ფიქრობთ, წინ მივდივართ?
- რომელ წინსვლაზეა ლაპარაკი?! სამწუხაროდ, უკან მივდივართ და თანაც, საგრძნობლად. მითხარით, 1000-1500-ლარიან ხელფასს ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში რომ დაელოდება, წინსვლასა და პროგრესზე როგორ უნდა ილაპარაკო?!

საქართველოში ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. მთელი სეზონის განმავლობაში რეალურად სამ-ოთხ თამაშს ელოდები. ვარჯიშობ, ემზადები და... ხელში რამდენიმე თამაში გრჩება ისეთი, სადაც ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

- როგორ გგონიათ, რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ მცირეოდენ პროგრესს მაინც?
- ისევ და ისევ ფინანსებთან მივდივართ. რა ქნას ფეხბურთელმა, 1500 ლარი რომ აქვს ხელფასი? იმაზე იფიქროს, ოჯახის წევრები როგორ გამოკვებოს, თუ ფეხბურთი ითამაშოს? რაზეა ლაპარაკი, როცა არიან გუნდები, სადაც ფეხბურთელები ელემენტარულად ვერ იკვებებიან.

ისიც არ მესმის, ბევრი რომ ამბობს - მხოლოდ ახალგაზრდებზე უნდა აიწყოს გუნდებიო. 17-18 წლის ფეხბურთელი ვიღაცის მაგალითზე უნდა გაიზარდოს და დაოსტატდეს. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები ვერ ჩამოგვყავს. დავაკვირდეთ, რა ხდება თუნდაც აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. იქ ფეხბურთი პრიორიტეტია, ნომერ პირველი სახეობაა. ჩვენთან რაც ხდება, ყველა კარგად ხედავს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

- არადა, წლების წინათ, თუნდაც მაშინ, როცა კარიერას იწყებდით საქართველოს ჩემპიონატში, სხვა სურათი იყო...
- მაშინ შედარებით უკეთესი ვითარება გვქონდა. ავიღოთ იგივე "თბილისი", რომელსაც თემურ უგულავა პატრონობდა. ეს გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ თავს ვიკლავდით, ვშრომობდით, უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს ვაკეთებდით... ვუყურებდით გამოცდილ ფეხბურთელებს და გვინდოდა, მათ დონემდე მივსულიყავით, დღეს კი სხვა ვითარებაა. დღეს დამწყებ ფეხბურთელს 28-30 წლის მოთამაშისგან ესმის გაჭირვების შესახებ, უფულობის შესახებ...

სხვაზე რომ არ ვთქვა, პირადად მოსმენილზე ვიტყვი: არაერთი ფეხბურთელისგან გამიგია: ნეტა, რამე სამსახური გამოჩნდეს, ფეხბურთს ეგრევე დავანებებდი თავსო. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა იყოს?!

არ არის სტაბილური გარემო. გამოჩნდება რაიონის მესვეური, ფეხბურთი რომ უყვარს, ან კერძო ინვესტორი და გააკეთებს გუნდს. მერე ის გუნდი დაიშლება და ფეხბურთელმა ახალი კლუბი უნდა ეძებოს. ასე მივდივართ "ექვსთვიან" გუნდებამდე...

ალბათ, კეთილი ნებაა საჭირო იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი გადარჩეს. რა მოხდება, ერთმა ბიზნესმენმა თუნდაც ერთი ქართული კლუბი რომ აიყვანოს? ჩემი აზრით, მთავრობის მეტი აქტიურობაა საჭირო. ასე ვეღარ გაგრძელდება. ლევან კობიაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა ფეხბურთი. მან ყველაზე კარგად იცის ქართული ფეხბურთის გაჭირვება და იმედი მაქვს, შეცვლის სიტუაციას...

- საწყენია, რომ ფინანსურად თვით ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "დილას" გაუჭირდა...
- მე სხვა ფაქტორზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რასაც წეღან შევეხე - მთელ სეზონში მხოლოდ რამდენიმე სერიოზული თამაში გიწევს. ასე სიტუაციაში სულ კონცენტრირებული ვერ ხარ.

- ნაკრების თემაზეც უნდა გკითხოთ. თქვენ ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იყავით. კახა ცხადაძემ თბილად ისაუბრა თქვენზე. ეგაა, მაშინ ტრავმამ შეგიშალათ ხელი...
- მე შეიძლება კლუბში ვერ მითამაშია ზოგიერთი მატჩი, მაგრამ საქართველოს ნაკრებში, ყველა დამეთანხმება, ყოველთვის მაქსიმუმს ვდებდი მინდორზე. კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე წამიყვანა. ავსტრიაში თავს მართლა დიდებულად ვგრძნობდი, მაგრამ... უცებ კუნთი გავიწყვიტე. ცხადაძემ მითხრა, საჭირო ფეხბურთელი ხარ ნაკრებისთვის, ოღონდ, მიდი რომელიმე კლუბში, სათამაშო პრაქტიკა რომ გქონდესო.

მართალია, უცხოეთში ვერ წავედი, მაგრამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში კი ვთამაშობ.

საქართველოს ნაკრებში მოხვედრის იმედი მაქვს. მე შრომას, ცდასა და მონდომებას არ დავაკლებ. დანარჩენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის გადასაწყვეტია. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადს ვაპირებ თამაშს. 32 წლის ვარ. ბევრი ფეხბურთელის პასპორტში იყურება და ამ ასაკის მოთამაშე ბებერი ჰგონია. ჯანი ძველებურად მომდევს და ჩემზე კარგად საკუთარ თავს არავინ იცნობს. მგონი, გოგიტა გოგუა ახლა ადრინდელზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ თამაშობს. ახლა უფრო გამოცდილი ვარ.

ბევრი რამ ვნახე ფეხბურთში. საქართველოს ნაკრებიდან როგორ და რატომ წამოვედი თავის დროზე, ყველამ ყველაფერი ზუსტად იცის. ვიცი, ბევრი საუბრობს ჩემს პრობლემატურ ხასიათზე... მე გთხოვთ, ჰკითხოთ ჩემზე იმ მწვრთნელებს, ვისთანაც მიმუშავია. უხასიათო რომ ვყოფილიყავი, ყველა იმ კლუბში, სადაც მითამაშია, კონტრაქტს ბოლომდე ვერ ჩავამთავრებდი.

მე უხასიათობად სულაც არ მივიჩნევ იმას, რომ, ვთქვათ, 19-20 წლის ბიჭი დგას მინდორზე და შენ შეუყვირებ, აქტიური თამაშისკენ მოუწოდებ... თავის დროზე, მეც ასე შემიყვირებდნენ ხოლმე ჩემი გამოცდილი პარტნიორები. ამას საკუთარ თავს დანაშაულში ვერ ჩავუთვლი.

- საქართველოში ნიჭი ძველებურად არის? მოდის თაობა?
- რა თქმა უნდა, ჩვენში ფეხბურთის ნიჭი ძველებურად არის. უბრალოდ, ბავშვი რომ იზრდება და აღწევს კონკრეტულ ასაკს, გადადის დიდ ფეხბურთში, მას შესაბამისი პირობები სჭირდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ნიჭიერი ბავშვები გვყავს - "საბურთალო", "დინამო", "ლოკომოტივი"... დასავლეთ საქართველოშიც უამრავი ტალანტია. გორში ძალიან მაგარი თაობა მოდის...

ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი. მას ხალხისთვის სიხარული მოაქვს... თქვენის ნებართვით, ერთ მაგალითს მოვიტან იქედან, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ვფიქრობ, საინტერესო იქნება...

- გისმენთ...
- ნალჩიკის "სპარტაკში" არაერთი წელი ვითამაშე. თავიდან, სანამ "სპარტაკი" პრემიერლიგაში გადავიდოდა, ქალაქი დიდი ვერაფერი იყო. გადავიდა გუნდი უძლიერესთა შორის და მთლიანად შეიცვალა ქალაქი.

ნალჩიკში ყველა თამაში უდიდეს დღესასწაულად იქცა. ხალხი სტადიონზე ისე დადიოდა, როგორც ნამდვილ ზეიმზე. ტრიბუნები გადაჭედილი იყო. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები იყო დარგული, ხალხი იმ ხეებზე ადიოდა და თამაშს ისე უყურებდა...

მერე, ერთ დღესაც, ისევ და ისევ ამ ხალხის უსაფრთხოების გამო, ის ხეები მოჭრეს. გადაირია ხალხი, რა გააკეთეთ, ჩვენ იმ ხეებიდან გვიყვარდა თამაშების ყურებაო და იმდენი იძალეს, დაარგვევინეს ისევ ის ხეები. აი, რა შეუძლია ფეხბურთს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბიბი
29 იანვარი 2016 10:41
qutaiseli-ო. ძალიან გამაღიზიანებელი სუბიექტი ხარ!!!
ვერელი 29 იანვარი 2016 10:39
qutaiseli-ს. საფიჩხიას და საღორიას არ უნდა გააცილო, შენი აზროვნების ადამიანი. რაებს ლაპარაკობ. გამომივიდა აქ უფულო ამპარტავანი. ან რა შედარებას აკეთებ, როცა ცხონებულ შენგელიაზე ან დოთო ყიფიანზე საუბრობ. დაგავიწყდა რა ქვეყანაში ცხოვრობდი! რამოდენჯერ ქონდა შეთავაზება ყიფოს წასულიყო საზღვარგარეთ, თუ იცი შენ. მაგრამ ვინ უშვებდა. კარგი რა. შედი კუხნაში. ტოჟე მნე....ვერელი და ბიბი ჯერ ზრდილობა იქონიეთ და მერე ჯღაპნეთ აქ თქვენი ბრძნული აზრები გამომივიდენ ესენი ინტერნეტის ლომები თუარ მოგწონს ჩემი ნააზრები შენ შენი დაწერე და მიხედე შენ საქმეს სხვას კიდე პირადულში რას ეხები უაზრო ვინცარი კიეტყობა წერა კითხვასა დაზრდილობაზე საფიჩხია და საღორია სადარი თუხარ ვერელო აზრზე საერთოდ არ გეტყობა შენ აზრიანი კაცის ისე არაფერი.
quTaiseli
11:31 29-01-2016
0
ვერელი და ბიბი ჯერ ზრდილობა იქონიეთ და მერე ჯღაპნეთ აქ თქვენი ბრძნული აზრები გამომივიდენ ესენი ინტერნეტის ლომები თუარ მოგწონს ჩემი ნააზრები შენ შენი დაწერე და მიხედე შენ საქმეს სხვას კიდე პირადულში რას ეხები უაზრო ვინცარი კიეტყობა წერა კითხვასა დაზრდილობაზე საფიჩხია დასაღორია სადარი თუხარ ვერელო აზრზე საერთოდ არ გეტყობა შენ აზრიანი კაცის ისე არაფერი.
qutaiseli
11:18 29-01-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული