თბილისის ლიგა 2016: ევროთასებზე საქართველომ მე-5 მონაწილე დაიბრუნა

AutoSharing Option
1966 წელს უეფამ მოყვარულთა თასი დააწესა. 1998 წელს ის გარდაიქმნა და მას შემდეგ, ორ წელიწადში ერთხელ, რეგიონთა თასის გათამაშების სახელით ტარდება. მასში ქვეყნების სამოყვარულო ჩემპიონატების გამარჯვებულები და მცირე სახელმწიფოების ახალგაზრდული ნაკრებები მონაწილეობენ...

იყო დრო, ტურნირზე საქართველოს რეგიონთა ნაკრებიც გამოდიოდა. ბოლოს, საქართველო აქ 2008 წელს მონაწილეობდა და მას შემდეგ გუნდი აღარ გვყოლია. რეალურად, ჩვენთან მოყვარულთა ჩემპიონატი არასოდეს ჩატარებულა და ქვეყნის ნაკრებში პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რამდენიმე მათგანი ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა. თუმცა ამ კუთხით გამონაკლისებიც არ ვყოფილვართ...

მალე, საქართველო გათამაშებაში კუთვნილ ადგილს
დაიბრუნებს და მისი მონაწილე 42-ე ევროპული ქვეყანა გახდება.

მართალია, რეგიონთა თასის მიმდინარე (2016/17 წლები) გათამაშებაში გუნდს ვეღარ წარვადგენთ (თამაშები უკვე დაწყებულია), მაგრამ ეს შემდგომ (2018/19) ტურნირზე მოხერხდება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა დაგვიდასტურეს, მონაწილეობის ხარჯებს უეფა გაიღებს.

ამით იყო მნიშვნელოვანი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული "თბილისის ლიგა 2016"-ის გათამაშება, რომელიც შაბათს სფფ-ისა და "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. რეგიონთა თასზე სწორედ ამ გათამაშების გამარჯვებული იასპარეზებს.

პირველ ჩემპიონატში თბილისის 16 გუნდი მონაწილეობს, თამაშები კი 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ტარდება. ტურნირის გახსნის ცერემონიალსა და პირველ შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, სპორტულ-ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.

სამოყვარულო ლიგის მატჩები სრული (11X11) ფორმატით ჩატარდება. ფინალური მატჩი კი 10 ივლისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატით მოყვარულთა ჩემპიონატი პირველად ტარდება. ამ ეტაპზე, გათამაშება დედაქალაქის მასშტაბით იმართება, თუმცა მომავალში სხვა ქალაქებიც ჩაერთვებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული