"გიორგის ველაპარაკე და ვუთხარი, კონკრეტულად რა პირობები ექნებოდა მას, თუ მე "მაკაბიში" ვიმუშავებდი. რომ იცოდეთ, საქართველოს პირობებთან შედარებით, ლაპარაკია ძალიან სოლიდურ ანაზღაურებაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგიმ დალოდებას ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინა", - თქვა შოთა არველაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში.
დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ შოთას მიერ ნახსენები "ძალიან სოლიდური ანაზღაურება" წლიური 100 ათასი ევროა.
"შოთასი მადლიერი ვარ, უცხოეთში სამუშაოდ კიდევ ერთხელ რომ მიმიწვია. "მაკაბიში" ფინანსურად მართლაც გადასარევი პირობები მექნებოდა.
მაგრამ ბოლო მომენტში დავფიქრდი და ჩავთვალე, რომ "ლოკომოტივს" და აქაურ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდი, ვიდრე "მაკაბის", სადაც მუშაობა ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იქნებოდა.
ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მაგრამ ეს უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე - ჩემს მწვრთნელობას აზრი ექნება, თუ "ლოკომოტივის" 18-წლამდელებში ეროვნული ნაკრებისთვის ერთ ნიჭიერ ბავშვს მაინც გავზრდი.
ახლა ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და არის იმის ალბათობაც, რომ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაშიც მოვხვდეთ. საქმის შუა გზაზე მიტოვება კი არ შემეძლო".
აი, ასე. და კიდევ: 1998-99 წლებში დაბადებულების ჭაბუკთა ლიგაში დევდარიანის გაწვრთნილი "ლოკომოტივი" პლეი-ოფის მატჩებს 16 და 20 ივნისს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" წყვილში გამარჯვებულს მთავარი ჯილდოსთვის 26 ივნისს "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები