09:35 01-07-2016
გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...
შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.
მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.
გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.
ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...
თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.
მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.
ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.
სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.
მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!
- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა
- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი
გაბალა-სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)
არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)
სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თქვენი გუნდი არ მაღელვებს ეროვნულ ჩემპიონატში
მაგრამ მაღელვებს ევროთასებზე რადგან საქართველოს წარადგენს! საქართველოს!