09:32 06-07-2016
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3 - გულსაკლავი ქართული სურათი [VIDEO]
AutoSharing Option
- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]
არადა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ორჯერ მიჰყავდათ ანგარიში, თუმცა კვლავ იჩინა თავი ქართულმა სენმა - ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაკარგეს და... ისიც გავიხსენოთ, პირველ ტაიმში მასპინძლებმა თითქმის "გასახდელში" რომ გაუშვეს გოლი, ხოლო შემდეგ, იმავე მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაემართათ.
აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ჩიხურა" სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ემერსონმა დასაჯა.
...თითქოს ავის მომასწავებლად, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ზესტაფონში ცა ნაცრისფრად მოიქუფრა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თამაშის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა. საგანგებო სიტუაციის გამო მატჩი 37 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
მინდორი წყლით იყო გაჟღენთილი და დამძიმებულ გრუნტზე ფეხბურთელებს გადაადგილება და სწრაფად მოქმედება უჭირდათ, ბურთი ხშირად ჩერდებოდა გუბეებში... მიუხედავად ამისა, გუნდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ერთმანეთს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს.
"ჩიხურამ" მეტოქეს თავიდანვე შეუტია. განსაკუთრებით აქტიურობდა საჩხერელთა მარჯვენა ფლანგი, სადაც საბა ლობჟანიძის რეიდებს მოლდოველები ვერაფერს უხერხებდნენ.
პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ლობჟანიძემ შექმნა, როცა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა "ზიმბრუს" კარის დარაჯი დენის რუსუ დამაჯერებლად გაისარჯა.
მალევე, სტუმრებმა ქართველებს საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. ფლანგიდან სპეტარუს დაბალი და გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინებას ემერსონი ცდილობდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა.
ლობჟანიძის მონდომებასა და კარგ გარჯას "ჩიხურას" სწრაფი გოლიც მოჰყვა. მან ისევ დაჯაბნა მოლდოველი მცველები და მახვილი კუთხიდან დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე გიორგი ივანიშვილი გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა.
მალე ანგარიშის გაზრდაც შეიძლებოდა - ლუანის შეცდომის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილს უნდა გაეტანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა.
"ზიმბრუმ", რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, მწვავედ შეუტია. მოლდოველთაგან განსაკუთებით ამანსიო ფორტესის სახიფათო თამაში უნდა გამოვარჩიოთ. სტუმართაგან მომენტებს, ძირითადად, ეს ბრაზილიელი ქმნიდა. ერთ ეპიზოდში, საჩხერელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, ფორტესს შესანიშნავი საგოლე შანსიც მიეცა, მაგრამ ჰამზიჩმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.
ჰამზიჩთან შეტაკებისას ფორტესი წაიქცა და მოლდოველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ სომეხმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. შემდგომშიც, ფორტესისა და ჰამზიჩის ორი დუელიც საჩხერელთა კიპერის გამარჯვებით დასრულდა.
საპასუხოდ, კვლავ დიდებულად ითამაშა ლობჟანიძემ, რომელმაც სტუმართა თითქმის მთელი დაცვა ჩამოიცილა და კარში "მოჭრილიც" დაარტყა, თუმცა... არაზუსტად.
ტაიმის მიწურულს მოლდოველებმა შორეულ დარტყმებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს უხშირეს. განსაკუთრებით, "ზიმბრუს" მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა. ამან შედეგიც გამოიღო - მსაჯის მიერ დამატებულ, პირველი ტაიმის უკანასკნელ წამზე ემერსონმა თავურით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.
ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რჩებოდა იმედი, რომ ბოლო მაინც კეთილი იქნებოდა.
ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მოლდოველთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, არეულობით ლევან კაკუბავამ ისარგებლა და მასპინძლები მეორედაც დააწინაურა.
ძალზე აქტიური იყო შეცვლაზე შესული დიეგო ლიმა, რომელიც სტუმართა შეტევების მთავარი ორგანიზატორი იყო. "ზიმბრუმ" ისარგებლა იმით, რომ "ჩიხურამ" უპირატესობა დათმო, ძალები მოიკრიბა და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა - "სტანდარტულისას" ჟარდანს თანაგუნდელისგან თავით მიუვიდა ბურთი და ახლოდან გადაგზავნა ჰამზიჩის კარში - 2:2.
მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა, გახშირდა უხეშობა და მსაჯმაც ყვითელი ბარათები ბლომად ჩამოარიგა (ეს სომეხი არბიტრის, სურენ ბალიანის "სტილია" და მატჩის წინათქმაში "ლელომ" ამაზე მიანიშნა კიდეც "ჩიხურას" ფეხბურთელებს - რედ.).
აქტიურად ჩაერთო თამაშში ირაკლი ლექვთაძე, თუმცა კარში დარტყმები არ გამოუვიდა. ამასობაში, მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ - ილიე დამაშკანმა ხუთიოდე მეტრიდან ხარიხას მცირედით გადააცილა ბურთი, სპეტარუს თავური კი ჰამზიჩმა მოიგერია.
მატჩის ბოლო წუთებზე "ზიმბრუ" გაცილებით მწყობრად უტევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ჩიხურასაც" შეეძლო ეხეირა - ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე რუსუს იოლი ნადავლი გახდა.
...მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოლდოველებმა სწრაფად განავითარეს საპასუხო შეტევა. მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ. შეტევის ბოლო ფაზაში სპეტარუს დარტყმა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ემერსონი გაჩნდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
საინტერესო იქნებოდა მატჩის შემდეგ მწვრთნელების მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა და ამის მიზეზად... ჟურნალისტების სიმცირე (?!) დაასახელეს.
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
05.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3
(პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 ჟარდანი (62), 2:3 ემერსონი (90)
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, კორიფაძე, კაკუბავა, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე (78. დეკანოიძე), ივანიშვილი (71. ლექვთაძე), ტატანაშვილი (90. მუმლაძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზიმბრუ: რუსუ, ჟარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო, ერიკი (80. ზაგაევსი), ალექს ბრუნო, კულიბალი (39. დიეგო ლიმა), სპეტარუ, ფორტესი (88. ბურგიუ), დამაშკანი.
სათადარიგოები: ტიმბური, სტარიში, ჟალო, რუსნაკი
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი
გაფრთხილება: ალექს ბრუნო (13), კაკუბავა (14), ემერსონი (17), ლუანი (26), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), რეხვიაშვილი (90), დანიელ ჟალო (90. სათადარიგო), დობროვოლსკი (90)
არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 68 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კობიაშვილო, მიხედე ამ სიბინძურეს, თორემ არველაძეების გზას გაუდგები შენც!!!
0
0
არაპროფესიონალიზმის, სიზარმაცის, მხდალობის პიკი...ყოველ წელს ერთიდაიგივე წარუმატებელი ვითომ ფეხბურთელები თავს აფარებენ სხვადასხვა ქართულ კლუბებს, მერე გავლენ ევროტურნურების უმდაბლეს ეტაპზე და გვარცხვენენ უკვე მეასედ..."ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ რაც შეგვეძლო..." ამის თქმა კი იციან თამაშის მერე მაგრამ აზრზე არ არიან ეს სიტყვები რას ნიშნავს...(((
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული