[ექსკლუზივი] ხვალ თბილისში უეფას ახალი პრეზიდენტი ჩამოდის

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაცია აქვს: 28 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისს უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ესტუმრება. ჯერჯერობით, საქართველოში მისი ვიზიტის დეტალები უცნობია...

სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა 2017 წელს საქართველოში გასამართავი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და მასთან დაკავშირებული თემატიკა იქნება, მერე კი, შესაძლოა, ალექსანდერ ჩეფერინი თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის სლოვენიელი უეფას ახალ პრეზიდენტად 14 სექტემბერს, ათენში გამართულ რიგგარეშე კონგრესზე აირჩიეს. მან დიდი უპირატესობით (42 ხმა 13-ის წინააღმდეგ) დაამარცხა გამოცდილი ჰოლანდიელი საფეხბურთო ჩინოსანი მიხაელ ვან პრაააგი.

სლოვენიის ფეხბურთის
ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი უეფას მეშვიდე თავკაცია, მაგრამ პირველია, ვინც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ღიად დაუჭირა მხარი, რადგან ჩეფერინი ისეთი რეფორმების გატარებას აპირებს, რაც ჩვენს ინტერესებშიცაა.

უეფას ახალ ხელმძღვანელს განსაკუთრებით არ მოსწონს ჩემპიონთა ლიგის არსებული ფორმატი და აცხადებს, რომ უეფა შეცდა, როცა დიდი კლუბებისა და ლიგების ზეწოლას დაჰყვა და ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის 4-4 კლუბი ავტომატურად დაუშვა.

ზოგადად, ჩეფერინი კლუბების გაერთიანების ახალი ინიციატივების კატეგორიული წინააღმდეგია, რაც საქართველოსაც აძლევს ხელს. მდიდარ კლუბებს ერთიანი ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება სურთ, სადაც ჩვენნაირი ქვეყნების გუნდები ვერ მოხვდებიან. ამის საპირწონედ, მაგრამ რეალურად სწორედ ბობოლების სასარგებლოდ, უეფამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპებს გააუქმებდა და ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო კლუბებისთვის ფიქსირებულ კვოტას დააწესებდა.

ცხადია, ეს ყველაფერი გრანდების ინტერესებშია, რაც ფეხბურთში რაგბის მსგავს ("6 ერის" პრინციპი) არადემოკრატიულ წესს დაამკვიდრებს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის კი კიდევ უფრო დიდ ნაპრალს გააჩენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"უეფა"-ში და "ფიფა"-ში ბევრი რამ არის შესაცვლელი განსაკუთრებით
ადამიანებით ვაჭრობა და თამაშის
წესებიც.სხვანაირად აზრი არა აქვს.
რაც შეეხება ევროტურნირებს: ყველა
ქვეყნიდან 3-მა გუნდმა უნდა დაიწყოს
შესარჩევი, რომ დარჩება 32 და გამოეთიშება 16, შექმნის "უეფას" ლიგას. დარჩენილი 16 კი ჩემპიონთა
ლიგას.ასე ყოველ წელს ყოველგვარი
რეიტინგების გარეშე. დიდ ქვეყნებში
ეროვნულ ლიგებში გუნდების რაოდენობა შესამცირებელია 16-მდე,
პატარა ქვეყნებში 8-მდე.ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 7 თვეში.
დარჩენილ 5 თვეში კი ევროპის ჩემპიონატი ყველას მონაწილეობით და
საუკეთესო ვთქვათ 12 გუნდი წავა მსოფლიოზე. ეს იქნება სრული რეფორმა, მაგრამ ვინმეს აინტერესებს?
ვეტერანი
12:44 27-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული