შევჩენკო "ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა თასის მფლობელია, უკრაინის, იტალიის, ჩემპიონთა ლიგის, უკრაინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ანდრეი, რასთან ასოცირდება თქვენთვის საქართველო?
- პირველ რიგში, სტუმართმოყვარეობასთან. საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ და ყოველთვის დიდებული მიღება, მხიარული და გულღია ხალხი მხვდება. თქვენებურ სამზარეულოს ძალიან ვაფასებ, დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ ხოლმე ქართულ რესტორნებს და ქართველი მეგობრებიც მყავს. მოკლედ,
- საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრეთ. მოასწარით თბილისის დათვალიერება?
- დიახ, მეგობრებმა ჩემთვის რამდენიმე ექსკურსია მოაწყვეს. თქვენი დედაქალაქი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თბილისი სხვებს არ ჰგავს!
- კახა კალაძესთან ისევ მეგობრობთ? ბოლოს როდის შეხვდით ერთმანეთს?
- ბუნებრივია, ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით, როგორც "მილანში" თამაშის დროს, თუმცა, ძველებურად შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. თუ არ ვცდები, ბოლოს შარშან შევხვდით. კახა ახლა ძალიან დაკავებულია.
- რა იყო მისი წარმატების საიდუმლო?
- ნიჭი და შრომისმოყვარეობა. ყველა კარგმა მოთამაშემ იცის, რომ ნიჭს ვარჯიშებზე ოფლის ღვრაც უნდა დაუმატო, მხოლოდ ასე მოვა წარმატება დიდ ფეხბურთში. კახაბერი ბევრს შრომობდა და მუდამ ყურადღებით ასრულებდა მწვრთნელის დავალებას. კალაძეს აფასებდა ყველა მწვრთნელი, ვისთანაც მას უმუშავია.
- წლებია, უკრაინაში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ახლანდელთაგან ყველაზე კაშკაშა გიორგი არაბიძეა. რას იტყვით მასზე?
- არაბიძე პერსპექტიული ყმაწვილია. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებიდან გამოვყოფ ჯაბა ლიპარტიას, რომელიც წარმატებით თამაშობს ლუგანსკის "ზორიაში".
- "მილანში" გადასვლის შემდეგ, გოლების ფეიერვერკის და უკრაინული სალას გარდა, კიდევ რით გააოცეთ იტალიელები?
- თავდაჯერებით! ისე ძალიან ვიყავი დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში, ისეთ აღმავლობას ვგრძნობდი, მეგონა, მთებს გადავდგამდი! ეს არაერთმა თანაგუნდელმაც მითხრა.
ავტორი: რატი შელეგია
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე