აღმასკომის ყრილობა თფფ-ის გენერალურმა მდივანმა გია ძამუკაშვილმა წაიყვანა, რომელიც საორგანიზაციო საკითხებსაც აგვარებდა. დელეგატებმა 4 წელიწადში გაწეულ სამუშაოზე მოქმედი პრეზიდენტის, გრიგოლ ცაავას მოხსენება მოისმინეს. ამის შემდეგ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. კანდიდატების რეგისტრაცია 2016 წლის 10-დან 28 ნოემბრამდე გრძელდებოდა, თუმცა, კანდიდატურა მხოლოდ ცაავამ წარადგინა.
24-ივე დელეგატმა მხარი დაუჭირა ვეტერან ფეხბურთელს, რომელიც საფეხბურთო წრეებში დიდი
გოჩა ავსაჯანიშვილი, გელა ბანცური, ოთარ კორღალიძე, თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი, კარლო მჭედლიძე, მალხაზ კოდანაშვილი, მურმან ფარფალია და ირაკლი შენგელია - აღმასკომი 9-კაციანი იქნება და მას თფფ-ის პრეზიდენტი დაემატება.
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ქართულ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი რგოლია და მის საქმიანობაზე ბევრად არის დამოკიდებული სახეობის მდგომარეობა, პოპულარობა და განვითარება.
"ლელომ" გრიგოლ ცაავას ინტერვიუ ჩამოართვა. შევეხეთ იმ თემებს, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მათ შორის - ფეხბურთელი ბავშვების მშობლებს...
- მადლობა ყველა დელეგატს, მხარი რომ დამიჭირეს. ჩვენ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ ორგანიზაციას წარმოვადგენთ, რომელსაც განვითარება და დახვეწა სჭირდება.
- მაგალითად, რა კუთხით?
- თბილისის ფედერაცია მრავალ ტურნირს ატარებს - ბავშვების ელიტლიგას და თბილისის ჩემპიონატს, "მერიის თასს", ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალს, რეგიონულ ლიგას, უმცროსი მიხეილ მესხის სახელობის ჩემპიონატს, მეორე ლიგის გუნდებისთვის რამაზ შენგელიას სახელობის თასს და "იმედის თასს". ამას გარდა, "ბენდელას თასის" მუდმივი პარტნიორები ვართ. ეს ტურნირები ფეხბურთის მასობრიობასა და ბავშვების აღზრდას ემსახურება. მაგრამ თითოეული მათგანი დასახვეწია, უფრო და უფრო სასარგებლო რომ გახდეს. ამიტომ ჩვენი მიზანია, 4 წლის შემდეგ ისინი გაცილებით მაღალ დონეზე და უკეთეს პირობებში ჩავატაროთ. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი სიახლე არსებულის განვითარება იქნება.
- თქვენი ეგიდით შესაძლებელია საერთაშორისო ოთხთა ტურნირის გამართვა, სადაც ცნობილი გუნდები ითამაშებენ?
- სასურველი როგორ არ არის?! ოთხთა ტურნირი ძალიან კარგი იქნებოდა. ასე მწვრთნელებიც და ბავშვებიც გაიზრდებიან. ამის სურვილი ფეხბურთის ფედერაციასაც გააჩნია, მაგრამ ხომ იცით, ამ ყველაფერს უზარმაზარი სახსრები სჭირდება. ჩვენ კი ვამჯობინებთ, რომ არსებული შესაძლებლობებით მიმდინარე ტურნირებს მივხედოთ და დავხვეწოთ.
ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მომავალი წლის კალენდრის სწორად შედგენაა. წლევანდელი პირველობა გარდამავალ სეზონს მიება, რათა ბავშვებშიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდეთ. მთავარი საკითხი ესაა - კალენდარი ისე უნდა შევადგინოთ, ზაფხული მაქსიმალურად რომ ავითვისოთ.
- გასაგებია, რომ ბავშვები ივლის-აგვისტოში ისვენებენ, მაგრამ უცნაურია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში არ თამაშობენ...
- ეს მართლაც დასახვეწია, მთელი ზაფხული რომ არ გაცდეს. ივნისში საბავშვო ფესტივალები იმართება და მერე ბავშვები ისვენებენ, ნაწილი კი შეკრებაზე მიდის.
- დამეთანხმებით, ბავშვებში შეკრებებიც ძალიან უცნაურად და არალოგიკურად ტარდება. დიდები სეზონს მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ იწყებენ, ბავშვებში კი ყველაფერი არალოგიკურია - შეკრებაზე მიდიან ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, სეზონის პირველ თამაშებს კი მხოლოდ 2 თვის შემდეგ ატარებენ. გამოდის, რომ მოსამზადებელი ეტაპი წყალში იყრება. როცა ეს მასობრივ სახეს იძენს, მერე გასაკვირი არ არის, რომ მოუმზადებელი ბავშვები მოდიან...
- ეს მართლაც მტკივნეული თემაა. საერთოდ, გარკვეულწილად, სასწავლო კალენდარზე ვართ მიბმულები და ამას ვერ გავექცევით. ბავშვისთვის, მშობლისთვის და ჩვენთვისაც მთავარია, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს. წელიწადში თბილისის ფედერაცია 3700 შეხვედრას ატარებს და კალენდრების ოპტიმიზაციისას განათლების სამინისტროსთან შეთანხმება აუცილებელია.
ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი აქვთ, ჩემპიონატის ხარისხი და დონე რომ გაიზარდოს, ამისთვის კი სტაბილური კალენდარი უმნიშვნელოვანესია. ახალ პროექტში კი მიზანი ზაფხულის და შემოდგომის უკეთესი ათვისება და მეტი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა.
- მოედნების პრობლემა უმაღლეს ლიგაშიც მწვავედ დგას, მით უფრო, თქვენთან. ამ კუთხით ინფრასტრუქტურულ სიახლეებს ხომ არ ველოდოთ?
- პირადად მე სკოლების და მათი ინფასტრუქტურის საკითხი ძალიან მადარდებს. ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია - სკოლები რომ გაძლიერდნენ.
საერთოდ, ახალ სეზონამდე სფფ-სთან ბევრი სერიოზული საკითხი უნდა გავიაროთ - კალენდარიც, ლიცენზირებაც. ეს უკანასკნელი კი ინფრასტრუქტურასაც გულისხმობს. საქმე იმისკენ მიდის, რომ ეს თავად სკოლებისთვისაც აუცილებელი და სასურველია, რომ გაუმჯობესდნენ და მოედნებს მიხედონ. ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი.
- სხვათა შორის, ამ უხარისხო მოედნებიდან გამომდინარე, ბავშვებში ტრავმიანობა ხშირია. ამის გამო დაზღვევისა და სამედიცინო მომსახურების თემაც ძალიან აქტუალურია...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ესეც ფულზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიებს უმაღლესი ლიგის გუნდებთან თანამშრომლობა არ სურთ და ჩვენკენ არც იხედებიან. არადა, იმხელა სახსრები არ გვაქვს, რომ ბავშვები დავაზღვიოთ. ამის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა.
- რაც შეეხება სპონსორებს...
- სხვათა შორის, ამ კუთხით სიახლე გვაქვს. ორი დღის წინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი "ვითიბი ბანკი" გახდა. მათი დახმარებით საბავშვო ჩემპიონატის გამარჯვებულებს და ფინალისტებს გადაეცემათ სრული ეკიპირება, სავარჯიშო ატრიბუტიკა და ათასგვარი ჯილდო. ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარებაა, რადგან გუნდებს ბურთების, ფორმებისა და სავარჯიშო ატრიბუტიკის შესაძენად საკმაოდ სოლიდური სახსრები სჭირდებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"