ბევრს გაუკვირდა, თუ რატომ დაინტერესდა "სიონი" მოთამაშით, რომელიც ნახევარი წელიწადი უთამაშებელი იყო; თუმცა მიკუჩაძემ მოსამზადებელ ეტაპზე ამ კითხვებს პასუხი გასცა - გუნდის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი გახლდათ და გოლიც თითქმის ყველა მატჩში გაიტანა.
მიკუჩაძემ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელში გაატარა: თამაშობდა ბეერ შევას "ჰაპოელში" (2006-2007), "ნაზარეთში" (2007-2008), ირონის "მაკაბიში" (2009-2010), ბნეი უდას "ჰაპოელში" (2010-2011), 2012 წლამდე კი ბნეი ლოტის "ჰაპოელში" გამოდიოდა.
დღეს კოკა მიკუჩაძე "ლელოს"
- როგორ მოხვდი "სიონში", სადაც 2005-06 და 2009 წლებში უკვე თამაშობდი?
- ნახევარი წელიწადი არსად ვთამაშობდი. შემოდგომაზე ისრაელში უნდა წავსულიყავი და უგუნდოდ ნაღდად არ დავრჩებოდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დარჩენა ვამჯობინე, თანაც იქ თამაში აღარ მინდოდა.
- ყველა უცხოეთში გარბის და ისრაელში ახლა რატომ აღარ დაბრუნდი?
- იმიტომ, რომ ისრაელში შარშან შემოდგომაზე ვითარება ძალიან დაიძაბა. ხომ იცით, ისრაელსა და პალესტინას შორის რა მძიმე ვითარებაა; სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან ბომბი ვარდებოდა; იყო სისხლი და უბედურება და გასაკვირი არც უნდა იყოს, ასეთ გარემოში სტაბილური ხელფასიც არ მინდოდა.
- ვარჯიშიც საშიში იყო?
- რა თქმა უნდა! იქ ნამდვილი ომი მიდიოდა. თუმცა ახლახან ბიჭებს შევეხმიანე და მითხრეს, რომ ვითარება შედარებით დაწყნარდა.
- არ ნანობ, ისრაელში რომ არ დაბრუნდი?
- არ ვნანობ, რადგან "სიონი" საკმაოდ საინტერესო კლუბი აღმოჩნდა. მეორეც არის: მუდმივად უცხოეთში თამაშის გამო ოჯახსა და მეგობრებს მოწყვეტილი ვიყავი, მუდამ სახლი და ჩემიანები მენატრებოდა. ასე ცხოვრება კი მიძნელდებოდა...
- ომის მიუხედავად, ისრაელში მაინც ძლიერი ლიგაა და ბევრი ლეგიონერიც ეტანება.
- იმიტომ, რომ ძლიერი ქვეყანაა და წელშიგამართული კლუბები ჰყავთ. მართალია, ევროპის გრანდებს არ განეკუთვნებიან, მაგრამ პირველი ლიგაც ძლიერია და ეტყობა, იქ თამაშიც წამადგა, რაც მოსამზადებელ ეტაპზე გამოჩნდა. გოლები ისრაელშიც გამქონდა, რეჟიმში ვიყავი და ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ. სხვათა შორის, 2009-10 წლების სეზონში პირველი ლიგის ბომბარდირიც გავხდი. მაშინ ირონის "მაკაბიში" ვთამაშობდი.
- ასეთი ტიტულის მქონე უმაღლესი ლიგის გუნდში არ მიგიწვიეს?
- ძალიან კარგი წინადადებები მქონდა, მაგრამ ჩემს გუნდსაც უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურდა. მეც ყველასთან კარგად ვიყავი, მწვრთნელებთან და ბიჭებთან, გიორგი გაბიდაურთან ერთად ვთამაშობდი და ამ ყველაფრის გამო აღარ წავედი.
- "ზუგდიდთან" სათასო შეხვედრამდე განაცხადში შეყვანა რატომ დაგიგვიანდა?
- ვიცოდი, რომ სატრანსფერო ფურცელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ თამაშის წინა დღეს აღმოჩნდა, რომ ბნეი ლოტის "ჰაპოელი" არ ჩქარობდა. საბოლოოდ, ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდა და ვითამაშე.
- "სიონის" დღევანდელ შემადგენლობაზე რას იტყოდი?
- საქართველოს ჩემპიონატის ამბებს ინტერნეტით ვეცნობოდი და ვიცოდი, რომ გუნდი აუტსაიდერებში იყო, მაგრამ იმდენი ძლიერი მოთამაშე დამხვდა, აშკარაა, გუნდი გაძლიერდა.
თანაც, ანტალიაში ძალიან კარგი შეკრება და სპარინგები გვქონდა, საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ.
მიმაჩნია, რომ "სიონი" მეორე ეტაპისათვის კარგად მოემზადა და გუნდი არათუ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნებს ადგილს, მომავალ სეზონამდე კიდევ უფრო გაძლიერდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სიონი-ზუგდიდი 3:0 - სულ სხვა "სიონი"