თემურ ლორია: დაპირება ძალაშია - ლანჩხუთის "გურიამ" ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს!

AutoSharing Option
პირველლიგელმა ლანჩხუთის "გურიამ" სენსაცია მოახდინა - თასის გათამაშებაში, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი "ზესტაფონი" დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს "ლელოს" რესპონდენტი გურულების მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია გახლავთ.

- როგორ მოახერხეთ ასეთი მეტოქის დამარცხება?
- წარმატებას, პირველ რიგში, ფეხბურთელების მონდომების ხარჯზე მივაღწიეთ. ისიცაა, რომ "ზესტაფონმა", ალბათ, სათანადოდ ვერ შეგვაფასა.

ამ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრე გოგობერიშვილმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში თქვა - ჩვენ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ ვართო. ამ კონკრეტულ მომენტში "გურია" უფრო მობილიზებული გუნდი გამოდგა და ამანაც
შეგვიწყო ხელი.

- საპასუხო მატჩის მეორე ტაიმში "გურიამ" აქცენტი დაცვაზე გადაიტანა, რადგან ანგარიში მიგყავდათ...
- ანგარიშიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში კონტრშეტევებზე ავაგეთ თამაში, საგოლე მომენტიც შევქმენით: კაკალაძის დარტყმა ჩვენივე ფეხბურთელს, კვერენჩხილაძეს მოხვდა, თორემ...

საპასუხო შეხვედრის წინ დასაკარგი არაფერი გვქონდა, ამიტომ დაცვიდან არ გვითამაშია - პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ გოლი ხომ აუცილებლად უნდა გაგვეტანა.

გახსნილი თამაშის დროს შესაძლოა გოლები გაუშვა, მაგრამ ამავე დროს, ისიც შესაძლებელია, რომ ასეთი თამაში ხელსაყრელი გამოდგეს. ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა.

- ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით ითამაშეთ?
- არა, თავდასხმაში კაკალაძე და კვერენჩხილაძე გავამწესეთ, ნახევარდაცვის ფლანგებზე შენგელია და ჩალაძე, შუაში ჯანგიძე და გოგობერიშვილი. შეგვეძლო ხუთი ნახევარმცველით თამაში, მაგრამ პირველი შეხვედრა წაგებული რომ გვქონდა, მოედანზე ორი ფორვარდით გასვლა ამიტომ ვამჯობინეთ.

- ლანჩხუთში როგორ შეხვდნენ "გურიას" ამ წარმატებას?
- რა თქმა უნდა, გულშემატკივრებმა კარგად მიგვიღეს. "ზესტაფონთან" საპასუხო შეხვედრას დაესწრო ლანჩხუთის ახალი გამგებელი ზაზა ურუშაძე. ის თამაშამდე ერთი კვირით ადრეც შეხვდა გუნდს და გვერდში დგომა აღუთქვა.

ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ძალაში რჩება დაპირება: "გურიამ" ქართულ ფეხბურთში უწინდელი, ძლიერი პოზიციები უნდა შეინარჩუნოს.

სხვათა შორის, ზაზა ურუშაძის ბიძა - ანზორ კილაძე ადრე "გურიას" სპონსორი იყო. იმ დროს, როცა გუნდმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, კილაძე მაშინ ჩაის ფაბრიკების დირექტორი გახლდათ.

- თასის მეოთხედფინალში "გურია" მეტოქეს რომელ სტადიონზე უმასპინძლებს? ალბათ, მიღწეულით არ დაკმაყოფილდებით...
- დაწყებულია იმაზე მუშაობა, რომ ლანჩხუთში, ახალდაგებულ მინდორზე ვუმასპინძლოთ მეტოქეს, როგორმე უნდა მოვასწროთ სათანადო სამუშაოების შესრულება. ცხადია, ნახევარფინალში გასასვლელადაც ვიბრძოლებთ, სათადარიგოთა სკამიც ისეთი გვაქვს, თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, მისი შეცვლა პრობლემა არ უნდა იყოს.

- "გურია" უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. თუ მიზანს მიაღწევთ, ამ გუნდით უმაღლესში თამაში არ გაგიჭირდებათ?
- ამ გუნდით ქვედა ექვსეულში თამაში შესაძლებელია, თუმცა უმაღლეს ლიგაში თუ გადავალთ, გაძლიერება მაინც დაგვჭირდება. კონკურენცია უნდა გაიზარდოს.

- ყველაფერი ისევ და ისევ თანხებთან მიდის - რა პირი უჩანს "გურიას" დაფინანსებას მომდევნო სეზონში?
- მიმდინარე სეზონში "გურიას" კვლავ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. ამავდროულად, მუშაობა მიდის 2013-14 წლების სეზონისთვის სპონსორის მოსაზიდად. ახალი გამგებლის პოზიციაც ისეთია, რომ სამომავლოდ კლუბს სპონსორი უნდა ჰყავდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი-გურია 2:3 - ლანჩხუთმა ზესტაფონში თქვა: პირველად იყო "გურია"! [VIDEO]
გურია-ზესტაფონი 0:1 - სტუმარმასპინძლობა ქართულ ფეხბურთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული