საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩების წინ: პაუზა დასრულდა!

AutoSharing Option
ფოტოზე: "დილა"-"დინამოს" დღევანდელ მატჩშიც დიდი ბრძოლა იქნება
და აი, ზამთრის პაუზაც დასრულდა: 18 თებერვალს გასამართი სათასო მატჩებით საფეხბურთო 2015 წელი ოფიციალურად დაიწყება! თანაც, იწყება ერთობ საინტერესო (გნებავთ - საინტრიგო) სათასო დაპირისპირებებით და ოთხ დღეში ჩემპიონატის არანაკლებ საინტერესო (გნებავთ - საინტრიგო) მატჩებიც გველოდება.

ჰო, ინტრიგაზე მეტი არ არის, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალში საგრძნობლად გაძლიერებულ "დილასა" და ყველა აქაურ ტურნირზე "მარადიულ ფავორიტად" შერაცხილი თბილისის "დინამოს" ორმატჩიანი პაექრობა?

ანდა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი აჟიოტაჟი იქნება 22 თებერვალს სამტრედიაში, სადაც ამბიციურმა და ასევე გაძლიერებულმა
ადგილობრივმა გუნდმა XXVI ჩემპიონატის მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში "დინამოს" რომ უნდა უმასპინძლოს.

მოკლედ, ზამთარს მართლაც საინტერესო მატჩებით გავაცილებთ და, ალბათ, იმასაც ვეღარავინ იტყვის, თებერვალი "საფეხბურთო თვე" არ არისო!

არახალი ამბავია, რომ თითქმის ყველგან (და მათ შორის - საქართველოშიც) სათასო პაექრობებს თავისი ხიბლი აქვს და პროგნოზების გაკეთებაც უადგილოა ხოლმე; მით უმეტეს, მეოთხედფინალურ სტადიაზე, საიდანაც უკვე ფინალიც "მოჩანს" და ევროტურნირების საგზურიც; აი, თუნდაც ახლანდელი მეოთხედფინალები ავიღოთ, სადაც, სულ მცირე, ორ წყვილში წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუ რომელ გუნდს ექნება ნახევარფინალში გასვლის მეტი შანსი;

სამაგიეროდ, "გავკადნიერდებით" და ვიტყვით, რომ დარჩენილ ორ წყვილში ფავორიტის გამოცნობა ადვილია და აქედან ერთში ხომ, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეულია!

თუმცა, თითოეულ წყვილზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ გარემოებას, რომ ორმატჩიანი პაექრობების პირობებში ნახევარფინალში გასვლის მეტ-ნაკლებ შანსს რვავე გუნდი ინარჩუნებს ხოლმე; თუმცა, ნურც მოვლენების ისეთ განვითარებას გამოვრიცხავთ, რომ დღევანდელი ოთხი მეოთხედფინალიდან, სულ მცირე, ორ წყვილში ყველაფერი პირველი მატჩის მერევე გაირკვეს!

მოკლედ, საინტერესო სათასო მატჩების მოლოდინში ვართ და იმის მიუხედავად, რომ "დინამო", "სამტრედია", "ცხინვალი" და "ჩიხურა" (განსაკუთრებით!), ბევრის აზრით, თავიანთ წყვილებში ფავორიტები არიან, გარკვეულ სიურპრიზებს მაინც ნუ გამოვრიცხავთ; თუმცა, როცა გუნდი ნახევარფინალში გადის, ეს უკვე არც სიურპრიზია და არც - შემთხვევითობა, მით უფრო, ორრაუნდიანი დაპირისპირების პირობებში.

18.02. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
LIVE: პირველ არხზე
დილა-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე (დილა)
...ერთი მხრივ, მართლაც, დასანანია, რომ ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები, ფინალის ნაცვლად, მეოთხედფინალში ხვდებიან ერთმანეთს. ანუ მიმდინარე თასის გათამაშების ორი ფავორიტიდან ერთ-ერთი მეოთხედფინალში დაამთავრებს ასპარეზობას.

"დილას" წლევანდლამდე მხოლოდ ერთხელ აქვს საქართველოს თასი მოგებული (2012 წლის სკანდალურ ფინალში), მეოთხედფინალის ბარიერი კი ოთხჯერ გადალახა; აი, "დინამოს" სტატისტიკური მონაცემები კი პირიქით არის: საქართველოს თასის თერთმეტგზის მფლობელმა ამ ტურნირის 25-წლიან ისტორიაში მხოლოდ შვიდჯერ ვერ შეძლო ნახევარფინალამდე მისვლა.

თუმცა, სტატისტიკას, სჯობს, თავი დავანებოთ და დღევანდელ დაპირისპირებას დაველოდოთ, როცა "დილა" და "დინამო", პირველ წრესთან შედარებით, აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჯერჯერობით მართლაც ძნელია იმის თქმა, ამ წყვილიდან რომელი გუნდი უფრო გაძლიერდა ზამთრის პაუზის დროს: "დილამაც" და "დინამომაც" თურქეთში არცთუ სუსტ სპარინგ-პარტნიორებთან საკონტროლო მატჩები მეტ-ნაკლები წარმატებით კი ჩაატარეს, მაგრამ ორივე გუნდში რამდენად მალე მოხდება უამრავი ახალწვეულის ძირითად შემადგენლობასთან ინტეგრაცია, ამას, ნაწილობრივ, სწორედ ეს სათასო პაექრობებიც გვიჩვენებს.

არადა, ერთი შეხედვით, "დილას" სატრანსფერო კამპანია უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: ორი ლეგიონერის (მარიჩი, ბაგაევი) გარდა, გორელთა გუნდში ხომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი 7 ფეხბურთელი ჩაირიცხა, პლუს ერთწლიანი პაუზის მერე რუსეთიდან დაბრუნდა ახალგაზრდა გარემარბი მიხაილ გორელიშვილი;

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ შვიდი ქართველი ახალწვეულიდან ორი (ომარ მიგინეიშვილი, ირაკლი ძარია) პირველ წრეში "დინამოში" გამოდიოდა, კიდევ ორი (გიორგი თექთურმანიძე, გიორგი ხიდეშელი) კი ახლო წარსულში იცავდა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ღირსებას.

"დინამოსთან" ჰქონდა ურთიერთობა "დილას" ახალგაზრდა თავკაცსაც: უჩა სოსიაშვილი წინა სეზონის მეორე წრეში ხომ თბილისელთა მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, დუბლშემადგენლობას კი კახა გოგიჩაიშვილი მოძღვრავდა, რომელსაც ამ სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის გაძღოლა ანდეს.

"დინამოშიც" საკმარისზე მეტი ცვლილება მოხდა: ოთხ გამოცდილ ლეგიონერთან (ჰრდლიჩკა, მანუელი, რენე ფერეირა, ბუკორაცი) ერთად გუნდში რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელიც ჩაირიცხა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, "დილასთვის" ყველაზე უხერხული მეტოქე (ჩემპიონატშიც და თასზეც) სწორედ "დინამოა": 25 წლის განმავლობაში გორელთა საყვარელმა გუნდმა მხოლოდ... ორჯერ (ერთხელ - თასზე, ერთხელაც - ჩემპიონატში) შეძლო გამარჯვების მოპოვება. თუმცა, "დილას" ქომაგებს, ალბათ, კარგად ემახსოვრებათ, თუ როგორ შეძლო მათმა საყვარელმა გუნდმა და 2011/12 წლების სეზონში, თასის მერვედფინალში როგორ აჯობა ორი მატჩის ჯამში "დინამოს" (2:2, 0:0).

სამაგიეროდ, "დინამომ" რევანში შარშან აიღო, როცა ნახევარფინალში ორივე შეხვედრა მოუგო "დილას" (1:0, 4:2). რაც შეეხება ამ სეზონში "დილასა" და "დინამოს" დაპირისპირებას, პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გორში ჩატარებული მატჩი ნულოვანი ფრით დამთავრდა.

18.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-ტორპედო
ზამთრის პაუზას დღევანდელი მეტოქეები აბსოლუტურად განსხვავებულ "ხასიათზე" შეხვდნენ: უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "სამტრედიამ", როგორც მოსალოდნელი იყო, ამბიციური მიზნები დაისახა და პირველი წრეც III ადგილზე დაამთავრა.

აი, "ტორპედომ" კი პირველი წრის დასკვნითი ნაწილი აშკარად ჩააგდო და ქუთათურთა გუნდიც ნელ-ნელა გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდა!

ყოველ შემთხვევაში, XIII ადგილზე ყოფნა არა გვგონია, რომ "ტორპედოს" პოტენციალს (გნებავთ - ტრადიციებს) შეესაბამებოდეს; აქედან გამომდინარე, ბევრს არც გაუკვირდებოდა პირველი წრის დამთავრებისთანავე განხორციელებული საკადრო ცვლილება: 7-თვიანი პაუზის მერე სამშობლოში (თანაც, სადაც ადრე ჩინებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა) დაბრუნდა გიორგი დარასელია, რომელსაც "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტი დღეს ექნება.

"ტორპედო", ფაქტობრივად, ახალი გუნდით ხვდება სეზონის განახლებას და ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ექნება ახალწვეულთა ერთმანეთთან შეთამაშებას. აი, "სამტრედიამ" კი შემადგენლობა გვარიანად გააძლიერა (თანაც - ყველა რგოლში): მეკარე რევაზ თევდორაძე პირველ წრეში კოლეგებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, გამოცდილ გამთამაშებელ დავით ბოლქვაძეს კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია; აღარაფერს ვამბობთ ზესტაფონურ "დესანტზე" - ლევან შარიქაძე, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე გრიგალაშვილი და თევდორე გრიგალაშვილი "სამტრედიას" რომ გვარიანად წაადგებიან, ამაზე არავინ დავობს; დიდი ინტერესით ველოდებით ზურაბ ხიზანიშვილის დებიუტსაც იმერული კლუბის შემადგენლობაში...

"ტორპედო" ტიტულებით საქართველოში მხოლოდ "დინამო თბილისს" ჩამორჩება, თუმცა დღესდღეობით ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებს საქართველოს თასის ორგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას.

ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილი "სამტრედია" კი, ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, კლუბის ისტორიაში პირველად რომ იასპარეზოს საქართველოს თასის ფინალში.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი შედეგით დამთავრდა: ქუთაისელთა გუნდის ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა! ოღონდ, დღევანდელისგან განსხვავებით, 21 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში "სამტრედიასაც" და "ტორპედოსაც" სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ - შესაბამისად, გელა სანაია და რევაზ ძოძუაშვილი.

18.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ. მოედანი). 14:00
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
სახელწოდებაშეცვლილი "ცხინვალი" (პირველ წრეში - "სპარტაკი") ამ წყვილში შესაძლოა ბევრმა ფავორიტადაც მიიჩნიოს: კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა პირველ წრეში ხომ მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და ზამთრის პაუზას V ადგილზე შეხვდა.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ მთელი პირველი წრის განმავლობაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში 12-13 ფეხბურთელი "ტრიალებდა" და ასეთი მოკრძალებული რესურსის მიუხედავად, აწ უკვე "ცხინვალმა" საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა.

"ცხინვალში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდა ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი (გიორგი თექთურმანიძე, ნიკა კაჭარავა, მერაბ გიგაური, გივი იოსელიანი, რევაზ ქემოკლიძე), თუმცა მათ ჩაენაცვლნენ როგორც გამოცდილი (დავით იმედაშვილი, ნიკა ჯიშკარიანი), ასევე ახალგაზრდა (ბაჩანა არაბული, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით გელაშვილი) მოთამაშეები.

"ცხინვალმა" თურქეთში ნაყოფიერი შეკრებაც გაიარა და უცხოურ კლუბებთან ოთხი სპარინგ-მატჩიც ჩაატარა. აი, "ვიტ ჯორჯიას" კი (რომელიც უკვე მეორე სეზონია უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდია), სამწუხაროდ, ამის საშუალება არ ჰქონია; თუმცა ზურაბ ბერიძის გუნდი ადგილზე, მცხეთაში ემზადებოდა და ყველაზე მეტი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

"ვეტერინარების" შემადგენლობა, ფაქტობრივად, არც შეცვლილა და ისიც გვჯერა, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი წყვილის ფავორიტად შერაცხილ "ცხინვალს" მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს.

საქართველოს თასის ისტორიაში ეს გუნდები მესამედ უპირისპირდებიან ერთმანეთს: 2010/11 წლების სეზონში მეოთხედფინალში "ვეტერინარებმა" ორივე მატჩი მოიგეს, 2012/13 წლების სეზონში კი, ორივე მერვედფინალური დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (1:1) დამთავრდა, რასაც მერე ცხინვალელთა გუნდის მეკარის, გიორგი ნადირაძის გაბრწყინება მოჰყვა პენალტების სერიაში.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებულ შეხვედრას, ის კახა კაჭარავას გუნდის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დამთავრდა. ერთადერთი გოლი კი "სპარტაკის" გარემარბმა გიორგი ივანიშვილმა გაიტანა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში იმ დღეს (24 აგვისტო) დებიუტი ჰქონდა...

18.02. რუსთავი. ფოლადი 14:00
მეტალურგი-ჩიხურა
საქართველოს თასის მეოთხედფინალისტების წილისყრა რომ ჩატარდა, ყველაზე თანაბარ წყვილად სწორედ "მეტალურგი"-"ჩიხურა" მიიჩნია უმრავლესობამ; თანაც, არა მხოლოდ იმის გამო, რომ პირველი წრე ორივე გუნდმა "გვერდიგვერდ" დაამთავრა (VI-VII ადგილები): ფინანსური პრობლემები "მეტალურგს" ზამთრამდეც ჰქონდა, მაგრამ ვარლამ კილასონიას კრებული ტოლს არავის უდებდა და, შინ თუ გარეთ, ფავორიტებს არ სცნობდა...

სამწუხაროდ, რუსთაველთა გუნდის ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა პირველი წრის დასრულების მერე კიდევ უფრო გაუარესდა: უცხოურს ვინ ჩივის, რუსთაველებმა ადგილზეც ვერ შეძლეს "შეკრებისმაგვარის" გავლა და მხოლოდ რამდენიმე სპარინგით დაკმაყოფილდნენ.

აღარაფერს ვამბობთ შემადგენლობაზე: პირველ წრეში მოასპარეზე გუნდიდან დღესდღეობით 3-4 ფეხბურთელი შემორჩა, დანარჩენები კი 18-19 წლის გამოუცდელი ბიჭები არიან, რომელთა უმრავლესობაც რუსთაველთა გუნდის დუბლშემადგენლობასა თუ ჭაბუკთა ლიგაში გამოდიოდა.

"ჩიხურას" კი, ტრადიციულად, ფინანსური პრობლემები არც არასდროს ჰქონია და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული კლუბი, დიდი ალბათობით, ამ სეზონშიც იბრძოლებს ევროტურნირების საგზურის მოპოვებისათვის, თანაც, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარა და, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მთავარ მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში როტაციის საშუალებაც ექნება.

პირველი წრის შემდეგ "ჩიხურა" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა - ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ქიმაძემ (პლუს, ზვიად სიხარულიამ) დატოვეს, მაგრამ შევსება რაოდენობრივადაც (საქართველოდანაც და უკრაინიდანაც) შთამბეჭდავი იყო და, დიდი ალბათობით, "ხარისხობრივადაც".

თუმცა, როგორც უნდა იყოს, დღესდღეობით "ჩიხურა" ამ წყვილის უპირობო ფავორიტია და საჩხერელთა გუნდიც, საერთოდაც, ზედიზედ მესამე ფინალს უმიზნებს.

აი, "მეტალურგის" მომავალზე კი, სამწუხაროდ, სასიკეთოს ვერც ჩვენ და ვერც ვერავინ დღესდღეობით ვერაფერს გეტყვით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული